უკრაინაში დაღუპულ ქართველ ჯარისკაცს სამხედრო პატივით დაკრძალავენ
” ასეთი სიკვდილი შესაშურია, სამშობლოსთვის დაიღუპა” – უკრაინაში დაღუპულ ქართველ ჯარისკაცს ალუდა ზვიადაურს სამხედრო პატივით დაკრძალავენ.
დაკრძალვის ცერემონიალი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გომბორში დღეს შედგება.
ზვიადაურის ბიძა, ნუგზარ ჭინჭარაული ამბობს, რომ ოჯახის ერთადერთი ნუგეში, ქართველი ჯარისკაცის გმირული სიკვდილია.
” ჩემთვის შესაშურია ასეთი სიკვდილი, გმირულად დაიღუპა, სამშობლოსთვის ბრძოლაში.ეს ერთადერთი ნუგეშია ჩვენთვის და მისი გაუბედურებული დედისთვის, რომელიც ახლა სულ მარტო დარჩა”- განაცხადა ჭინჭარაულმა.
მშობლიურ მხარეში, ზვიადაურის ცხედარი, 26 ივნისს, ქაშუეთის ეკლესიიდან გადაასვენეს.
42 წლის ალუდა ზვიადაური უკრაინაში, ლუგანსკის რეგიონის ქალაქ სევეროდონეცკში, რუსი ოკუპანტის ტყვიამ დაჭრილების გამოყვანის დროს იმსხვერპლა.
გარდაცვლილს უმაღლესი იურიდიული განათლება საქართველოში ჰქონდა მიღებული, თუმცა, წლების მანძილზე სამუშაოდ ესტონეთში იმყოფებოდა.
უკრაინაში რუსული საოკუპაციო ძალების შეჭრის შემდეგ, ზვიადაური ომში წავიდა და ჯოხარ დუდაევის სახელობის ჩეჩნურ ბატალიონში იბრძოდა.
ალუდა ზვიადაური 18 ივნისს მოკლეს.ის მეთექვსმეტე ქართველია, რომელიც რუსეთ- უკრაინის ომში დაიღუპა.