2 ივნისს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე დაკავებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო

მოსამართლე ნინო შჩერბაკოვმა დღეს, 27 სექტემბერს, გამოაცხადა გადაწყვეტილება 2 ივნისის ღამეს თბილისში, პარლამენტის შენობასთან, დაკავებული 5 მშვიდობიანი დემონსტრანტის საქმეზე.
2 ივნისს აქციაზე თეთრი ფურცლებისა და პრემიერმინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილის შესახებ მიტანილი ბანერების გამო დაკავებულები დღეს სასამართლომ სამართალდამრღვევებად ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის და წვრილმანი ხულიგნობისთვის 2000 ლარით დააჯარიმა ნოდარ სიხარულიძე, დანარჩენი ოთხი კი – ედუარდ მარიკაშვილი, საბა ბრაჭველი, ნიკა რომანაძე და გრიგოლ ფრანგიშვილი – 500-500 ლარით წვრილმანი ხულიგნობისთვის.შინაგან საქმეთა სამინისტრო ამტკიცებდა, რომ ხუთივე დაკავებული 2 ივნისის საპროტესტო აქციისას (რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ გაიმართა სახელდახელოდ) წესრიგს არღვევდა, პოლიციელებს შეურაცხყოფას აყენებდა და არ დაემორჩილა მათ მოთხოვნას.
მედიის და მოქალაქეების მიერ გადაღებულ ვიდეოკადრებში, რომლებიც პოლიციას სასამართლოში მტკიცებულებად ჰქონდა წარდგენილი, არ ისმოდა არც დემონსტრანტების მიერ წარმოთქმული შეურაცხმყოფელი სიტყვები და არც ის, რომ სამართალდამცველები მათ სთხოვენ რამეს, რასაც არ ითვალისწინებენ. კადრებში ასახული იყო მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება.
ამ საქმეში არ არსებობდა პოლიციელების სამხრე კამერის ან პარლამენტთან არსებული სათვალთვალო კამერის ჩანაწერები. გამოკითხულმა სამართალდამცავებმა თქვეს, რომ კამერების ჩართვის ვალდებულება მოქალაქეების დაკავებისას არ აქვთ და რადგან 2 ივნისის ღამეს წვიმდა, სამხრე კამერებს გაუფრთხილდნენ და არ ჩართეს. დემონსტრანტების წინააღმდეგ მთავარი მტკიცებულება იყო პოლიციელების მიერ მიცემული ჩვენებები – პოლიციელებიდან ერთს ცრუ მოწმედ მიიჩნევდა საბა ბრაჭველი და მისი დაცვის მხარე, მეორემ კი, რომელიც სასამართლოს წინაშე წარდგა, როგორც ედუარდ მარიკაშვილის დამკავებელი, ჩვენების მიცემისას გადაჭრით ვერ თქვა, რომ აქციის ღამეს ნამდვილად თავად დააკავა მარიკაშვილი.
ამასთან დაკავებულს შორის იყო საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის თავმჯდომარე, ედუარდ მარიკაშვილი, რომელსაც ცარიელი ფურცელი ეჭირა ხელში.
სასამართლოს უნდა დაედგინა, იყო თუ არა საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა საპროტესტო აქციაზე დგომა ბანერებით, რომლებზეც ეწერა “ირა*ლი”, მსგავს წარწერებიანი მაისურით აქციაში მონაწილეობა, ცარიელი ფურცლით პროტესტის გამოხატვა და ჰიმნის სიმღერა.
თავდაპირველად პარლამენტთან მოქალაქეები ლაზარე გრიგორიადისის მამის, ბექა გრიგორიადისის მხარდასაჭერად შეიკრიბნენ, რომელიც პირველ ივნისს კარვის გაშლის მცდელობის გამო დააკავეს. სასამართლომ ის 2000 ლარით დააჯარიმა.
მშვიდობიან აქციაზე პირველი დააკავეს ადვოკატი შოთა თუთბერიძე, რომელსაც ეჭირა ბანერი წარწერით “ირაყლი”. მოგვიანებით დააკავეს, კიდევ სამი მოქალაქე, მათ შორის გირჩი – მეტი თავისუფლების წევრი. მას ასომთავრულით დაწერილი ბანერი ჰქონდა.
შეგახსენებთ, რომ 2 ივნისს აქტივისტები პარლამენტთან ირაკლი ღარიბაშვილის პრორუსულ და ანტიდასავლურ განცხადებებს აპროტესტებდნენ. პოლიციამ მაშინ 7 პირი დააკავა.