მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

2000 წლის შემდეგ პირველად რუსეთის პრეზიდენტი ჩრდ.კორეაში ჩავიდა და მეგობარ კიმს შეხვდა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ოფიციალური ვიზიტით ჩრდილოეთ კორეაში ჩავიდა. ოფიციალური ქრონიკის თანახმად, ქვეყნის მეთაური კიმ ჩენ ინი სტუმარს თვითმფრინავის ტრაპთან შეხვდა. ლიდერებმა გაიარეს წითელი ხალიჩა, გაისაუბრეს რამდენიმე წუთი, რის შემდეგაც კორტეჟმა აეროპორტის ტერიტორია დატოვა.

ჩრდილოეთ კორეა მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნიდან ერთ-ერთია, რომელიც პირდაპირ უჭერს მხარს რუსეთის ომს უკრაინაში. პუტინი ჩრდილოეთ კორეას მეორედ სტუმრობს. პირველად რუსეთის ლიდერი კორეის ნახევარკუნძულზე 2000 წელს ჩავიდა.
პუტინთან ერთად იმყოფებიან საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, ვიცე-პრემიერი დენის მანტუროვი, ვიცე-პრემიერი აქლესანდრ ნოვაკი, თავდაცვის მინისტრი ანდრეი ბელოუსოვი და სხვები.

რუსეთი “მაღალ შეფასებას აძლევს” ჩრდილოეთ კორეის “მტკიცე მხარდაჭერას რუსეთის სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიმდინარეობის დროს”, – წერს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ჩრდილოეთ კორეის გამოცემა “ნოდონ სინმუმში”, ფხენიანში მისი ვიზიტის წინ გამოქვეყნებულ სტატიაში.
რუსული მედია წერს, რომ ხვალ ლიდერები გამართავენ მოლაპარაკებებს, მათ შორის გაფართოებულ ფორმატში. ასევე, დაგეგმილია ლიდერების არაფორმალური შეხვედრაც. როგორც რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ აღნიშნა, ისინი განიხილავენ საერთაშორისო დღის წესრიგს და განიხილავენ პანდემიის გამო შეწყვეტილი ჰუმანიტარული კავშირების აღდგენის გზებს.

ამასთან, ვლადიმერ პუტინის თანაშემწემ აღნიშნა, რომ ისინი განიხილავენ უსაფრთხოების საკითხებს, თანამშრომლობას ეკონომიკაში, ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში.

რუსეთი სპეციალურ სამხედრო ოპერაციას უწოდებს უკრაინის წინააღმდეგ ორი წლის წინ გაჩაღებულ ფართომასშტაბიან ომს, რომელსაც უკრაინის ბევრი ქალაქისა და სოფლის ნგრევა და ათასობით სამხედრო და სამოქალაქო პირის დაღუპვა მოჰყვა.

რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტმა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ჩრდილოეთ კორეაში ვიზიტის წინ დაიწყო სამხედრო წვრთნა, რომელშიც 40 ხომალდი და წყალქვეშა ნავი, ასევე 20 თვითმფრინავი და შვეულმფრენი მონაწილეობს.

პუტინის ჩრდილოეთ კორეაში ვიზიტი ორი დღე გაგრძელდება. 19 ივნისს სხვადასხვა ფორმატის მოლაპარაკებებია დაგეგმილი, მათ შორის რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერების შეხვედრა.

მსგავსი პოსტები

Back to top button