მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს საფეხბურთო ნაკრების პირველი მატჩი თურქეთთან 3:1 დასრულდა

22 ივნისს საქართველოს ნაკრები ჩეხეთს დაუპირისპირდება

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი თურქეთთან ანგარიშით 3:1 დათმო
25-ე წუთზე ანგარიში თურქებმა გახსნეს, ხოლო საქართველოს ნაკრებიდან გიორგი მიქაუტაძემ პირველი, ისტორიული გოლი 32-ე წუთზე გაიტანა და ტაბლოზე საქართველო – თურქეთს შორის ანგარიში 1:1 დაფიქსირა, შეხვედრის პირველი ტაიმი ფრედ დასრულდა.
თურქებმა ორი გოლის გატანა მატჩის მეორე ნახევარში შეძლეს, საბოლოოდ კი შეხვედრა 1:3 დასრულდა.

მატჩი ორმხრივად დაძაბული გამოდგა. ქართველ ფეხბურთელებს მრავლად ჰქონდათ გამოუყენებელი საგოლე მომენტები. არანაკლებ მძაფრი იყო თურქების შეტევები.

მატჩში ანგარიში თურქმა ფეხბურთელმა მერტ მულდურმა 25’ წუთზე გახსნა. საქართველოს ნაკრების საჯარიმოში ერთ-ერთი ჩაწოდებისას ბურთი ლაშა დვალმა თავით გამოიტანა. გადმოვარდნილი ბურთი უძლიერესი დარტყმით მულდურმა მამარდაშვილის კარში დაარტყა და გაიტანა.

ანგარიში ჟორჟ მიქაუტაძემ შვიდ წუთში გაათანაბრა. 32’ წუთზე თურქების საჯარიმოს მარჯვენა ფლანგიდან ქოჩორაშვილი მიუახლოვდა და სწრაფი, დაბალი პასით ბურთი საჯარიმოში მიქაუტაძეს გადააწოდა, რომელმაც ერთი შეხებით მეკარისგან ახლო კუთხეში დაარტყა და ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველი ქართული გოლი გაიფორმა.

66’ წუთზე არდა გიულერმა საჯარიმოს გარედან შორეული უძლიერესი გასროლით თურქეთი კიდევ ერთხელ წინ გაიყვანა.

70-ე წუთზე გიორგი ქოჩორაშვილმა მიქაუტაძესთან კედელი გაითამაშა, თურქეთის საჯარიმოში შეიჭრა, ორი მცველი ჩამოიტოვა და კარში დაარტყა, თუმცა ბურთი ხარიხას მოხვდა და შემდეგ მას მეკარე მერტ გუნოკი დაეუფლა.

მატჩში ბოლო წერტილი 97′ წუთზე აკთურქოღლუმ დასვა. ბოლო წუთებზე ქართველთა მეკარე გიორგი მამარდაშვილი მეტოქის საჯარიმოში იმყოფებოდა, რა დროსაც გადმოვარდნილი ბურთი შეცვლაზე შემოსულმა ალთუნაშვილმა ვერ დაიმორჩილა, მას აქტურქოღლუ დაეუფლა, სწრაფად დაიძრა და ცარიელ კარში ბურთი შეაგორა.

მომდევნო თამაშს საქართველოს ნაკრები ჩეხეთის წინააღმდეგ 22 ივნისს, თბილისის დოით 17:00 საათზე გამართავს. მატჩს ჰამბურგის „ფოლკსპარკშტადიონი“ უმასპინძლებს.

მატჩის დაწყებამდე დაძაბული ვითარება იყო დორტმუნდის სტადიონზე „სიგნალ იდუნა პარკზე“, სადაც ქართველ და თურქ გულშემატკივრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. მოგვიანებით ფანებს შორის გერმანული სპეცრაზმი ჩადგა და ვითარებაც განიმუხტა.

შეხვედრა დორტმუნდში, „სიგნალ იდუნა პარკზე“ მიმდინარეობდა.

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად თამაშობს.

EURO 2024-ის მატჩების ღია ჩვენებები საქართველოს ყველა ქალაქში დიდ ეკრანებზეა შესაძლებელი. ამასთან, როგორც ცნობილია, მიხეილ მესხის სტადიონზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა თამაშს აჩვენებენ.

22 ივნისს საქართველოს ნაკრები ჰამბურგში ჩეხეთს დაუპირისპირდება, ხოლო 26 ივნისს, გელზენკირხენში, პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button