მნიშვნელოვანისიახლეები

2008 წლის აგვისტოს ომიდან 14 წელი გავიდა

აგვისტოს 5-დღიანი ომიდან 14 წელი გავიდა. 2008 წლის 7 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა, რასაც ასეულობით ადამიანის მსხვერპლი, ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია მოჰყვა.

ვითარება აგვისტომდე რამდენიმე თვით ადრე დაიძაბა.

2008 წლის 17 თებერვალს კოსოვომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა და დასავლეთის სახელმწიფოების დიდმა ნაწილმაც აღიარა. რუსეთმა ეს საქართველოს წინააღმდეგ ნაბიჯების გადასადგმელად სიგნალად მიიღო.

2008 წლის 2-3 აპრილს კი, ნატოს ბუქარესტის სამიტზე ითქვა, რომ საქართველო აუცილებლად გახდებოდა ნატოს წევრი. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ალიანსში გაწევრიანების ვადები სამიტზე არ დაზუსტებულა, რუსეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა, დმიტრი მედვედევმა გამოაქვეყნა განცხადება, რომლის მიხედვითაც, რუსეთი გაუწევდა ქმედით დახმარებას “აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს”. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თქვა, რომ რუსეთი გააკეთებდა “ყველაფერს, რათა არ დაეშვა უკრაინისა და საქართველოს ნატოში გაწევრიანება”.

2008 წლის 16 აპრილს რუსეთის მაშინდელმა პრემიერმინისტრმა, ვლადიმერ პუტინმა გამოსცა ბრძანება, რომლითაც რუსეთის სახელმწიფო უწყებებს დაევალა, პირდაპირი ოფიციალური ურთიერთობები დაემყარებინათ საქართველოს ორი რეგიონის სეპარატისტულ რეჟიმებთან.

საქართველოს ხელისუფლებამ პუტინის ეს განცხადება რუსეთის მიერ ამ რეგიონების ანექსიის მცდელობად შეაფასა.

სამხედრო ესლაკაციაც ნაბიჯ-ნაბიჯ, 2008 წლის აპრილიდანვე დაიწყო.

2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა. დაჭრილ და დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ს შეადგენს, მათ შორის, 1045 პირი სამხედრო მოსამსახურეა საქართველოს ტერიტორიაზე 263 598 დევნილია; საქართველომ კონტროლი დაკარგა 151 დასახლებულ პუნქტზე.

2008 წლის 12 აგვისტოს გაფორმდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელსაც რუსეთი ამ დრომდე არღვევს. 6-პუნქტიანი გეგმა, მათ შორის, იმასაც გულისხმობს, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები უნდა დაბრუნდნენ მათი ჩვეულებრივი დისლოკაციის ადგილებში; თუმცა, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის გამო ეს ვერ ხერხდება. რუსეთი აგრძელებს მცოცავ ოკუპაციას, ავლებს მავთულხლართებს, იტაცებს მიწებს, მოსახლეობის საქონელს და თავად ადამიანებსაც.

დღეს, საქართველოს ტერიტორიების 20% კვლავ ოკუპირებულია რუსეთის მიერ. რუსეთის ფედერაცია კვლავაც განაგრძობს საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას, რეგულარულად ატარებს უკანონო სამხედრო წვრთნებს ქვეყნის ტერიტორიაზე, ინტენსიურად ამაგრებს საოკუპაციო ხაზს მავთულხლართებით და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერებით, აგრძელებს ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო დაკავებისა და გატაცების პრაქტიკას.

აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა საქართველოს ორი რეგიონის – აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობა აღიარა, მაგრამ საერთაშორისო საზოგადოება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერად რჩება.

მსგავსი პოსტები

Back to top button