მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ევროპარლამენტარები აგვისტოს ომის მე-14 წლისთავთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

რაც 2008 წლის 7 აგვისტოს დაიწყო, იყო რუსეთის არაპროვოცირებული ომის პირველი შემთხვევა

ევროპარლამენტარები ანდრიუს კუბილიუსი და რასა იუკნევიჩიენე აგვისტოს ომის მე-14 წლისთავთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

მასში ნათქვამია, რომ ის, რაც 2008 წლის 7 აგვისტოს დაიწყო, იყო რუსეთის არაპროვოცირებული ომის პირველი შემთხვევა, რასაც ყირიმის ანექსია და უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი მოჰყვა.

14 წლის წინ, 2008 წლის 7 აგვისტოს, რუსი სამხედროები საერთაშორისო სამართლის უხეშად დარღვევით საქართველოში შეიჭრნენ. შედეგად, საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი დღემდე რჩება რუსეთის ოკუპაციის ქვეშ.

ეს იყო პუტინის რუსეთის არაპროვოცირებული სამხედრო აგრესიული ომის პირველი შემთხვევა სუვერენული მეზობელი სახელმწიფოს წინააღმდეგ. სამწუხაროდ, მსოფლიოს დემოკრატიულმა საზოგადოებამ არ მოახდინა მკაფიო და ადეკვატური რეაქცია კრემლის ამ აგრესიულ ქცევაზე. აქედან გამომდინარე, პუტინის რუსეთმა განაგრძო აგრესიული პოლიტიკა და 2014 წელს შეიჭრა უკრაინაში და უკანონოდ განახორციელა ყირიმის ანექსია, ხოლო კიდევ რვა წლის შემდეგ მან დაიწყო სრულმასშტაბიანი აგრესიული ომი უკრაინისა და დასავლეთის წინააღმდეგ.

ჩვენ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.

წარსულის გაკვეთილები უნდა ვისწავლოთ. დემოკრატიულმა საზოგადოებამ უნდა უზრუნველყოს ყველა საჭირო დახმარება და სტიმული საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, შიდაპოლიტიკური განხეთქილების დასაძლევად და დეოლიგარქიზაციისა და დეპოლარიზაციის მისაღწევად.”

კუბილიუსი და იუკნევიჩიანე ასევე ამბობენ, რომ “წარსულის გაკვეთილები უნდა ვისწავლოთ” და რომ კრემლის მთავარი მიზანია, საქართველო არ ისწრაფვოდეს დასავლეთისკენ.

“რუსეთს აქვს ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიის 20%, მაგრამ კრემლის მთავარი მიზანია საქართველოს მთელი გეოპოლიტიკური ნების ოკუპაცია, რათა საქართველო აღარ ესწრაფოდეს ევროატლანტიკურ კავშირში ინტეგრაციას.

ჩვენ შეშფოთებით ვადევნებთ თვალს, საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლებისა და „ქართული ოცნების“ ლიდერების ქმედებებსა და განცხადებებს, რომლებიც ჩანს, როგორც გაცნობიერებული გადაწყვეტილება, რომელიც ზიანს აყენებს საქართველოს შესაძლებლობას მოიპოვოს კანდიდატის სტატუსი უახლოეს მომავალში.

კრემლის ახალი ჰიბრიდული და სხვა ტიპის თავდასხმებისგან საქართველოს თავდაცვისთვის ერთადერთი გზა არის გააკეთოს ყველაფერი, რათა საქართველომ უახლოეს მომავალში შეასრულოს ევროკავშირის საბჭოსა და ევროკომისიის მიერ გაწერილი 12 პირობა, დაწყებული დეპოლარიზაციით და დამთავრებული დეოლიგარქიზაციით.

ოლიგარქების გავლენა ახალგაზრდა დემოკრატიებზე კარგად ცნობილი მოვლენაა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. როდესაც საქართველოს ხელისუფლება თავის სხვადასხვა განცხადებებში ცდილობს დაარწმუნოს, რომ ბიძინა ივანიშვილი არ არის ასეთი ოლიგარქი, ეს მხოლოდ დამატებით მტკიცებულებას იძლევა, რომ ბიძინა ივანიშვილი არის განსაკუთრებული გავლენის მქონე ოლიგარქი, რადგან საქართველოს პრემიერ-მინისტრი, სხვა მაღალი დონის ქართველი ოფიციალური პირები და „ქართული ოცნების“ ლიდერები მის დასაცავად გამოდიან.

ევროპარლამენტი მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ ლიდერებისგან ევროკავშირის საბჭოს მიერ დამტკიცებული პირობების შესასრულებლად კონკრეტულ ნაბიჯებსა და ქმედებებს ელის და არა მხოლოდ ბავშვურ განცხადებებს, რომლითაც ყველაფრისთვის აშშ-ის ამჟამინდელ ელჩს ან ევროკავშირის ყოფილ წარმომადგენელს ადანაშაულებენ.

მოვუწოდებთ საქართველოს ყველა პოლიტიკურ ძალას და სამოქალაქო საზოგადოებას, გააერთიანონ ძალისხმევა 12 პირობის სწრაფად შესასრულებლად. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ საქართველო კვლავ შეიძლება გახდეს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის ლიდერი, თუ ამ მიზნისთვის ერთიანი მუშაობა იქნება. ჩვენ გვჯერა საქართველოს და მისი ხალხის!“ – აღნიშნულია განცხადებაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button