მნიშვნელოვანისიახლეები

2008 წლის ომში შეიარაღება საქართველოს, საერთოდ არავისგან მიუღია-მდინარაძე

საომარ სიტუაციაშია დღეს უკრაინა მისი თანამდებობის პირები რა განცხადებებსაც არ უნდა აკეთებდნენ, როგორც არ უნდა ცდილობდნენ საქართველოს ომში ჩართვას, მაგალითად უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი გამოდიოდა ასეთი პირდაპირი მოწოდებით, მაინც მგონია, რომ ერთმანეთისთვის რაღაცების დაყვედრების დრო არ არის, – ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

“მაგრამ რადგან საკითხი ასე დადგა, მოდით უბრალოდ ფაქტი გავიხსენოთ. 2008 წლის ომის პერიოდში შეიარაღება საქართველოს, მე როგორც ვიცი, საერთოდ არავისგან მიუღია. როგორც ვიცი, ევროპის ერთადერთი ქვეყანა იყო, რომელმაც სცადა ისიც მგონი შესყიდვით, რომ საქართველოში შემოსულიყო საბრძოლო ტექნიკა, საბრძოლო მასალა და იარაღი და ისიც ვერ მოხერხდა. გასაგებია, საომარ სიტუაციაში ურთულესი იყო ამის ზღვით თუ ხმელეთით შემოტანა. 2008 წლის კონტექსტში, უკრაინიდან მანამდე იყო შესყიდვები, ამაზე აჟიოტაჟი და ურთიერთბრალდებები იყო უკრაინაში, გამოძიებაც იყო თუ არ ვცდები და აქ არ ყოფილა ან რამის ჩუქებაზე, ან რომელიმე ინსტრუქტორის მიერ ანაზღაურების გარეშე ვინმეს გაწვრთნაზე, ან ასეთ დახმარებაზე საუბარი. ეს არის ფაქტი. ახლა ამის ლაპარაკი იმიტომ მოგვიწია და იძულებულები იმიტომ გავხდით, რომ ვიღაცას თუ კონტექსტურად არასწორ ემოციას აუღძრავენ, რომ იცით რა, ჩვენ დაგეხმარეთ იარაღით… თუ შესყიდვას გულისხმობენ, გულწრფელი მადლობა, რომ მოგვყიდეს.

თუმცა, შემდეგ ერთ-ერთი ოფიციალური უწყების ხელმძღვანელის განცხადება მახსოვს, რომ 80-მდე ქვეყანაზე ვყიდდით იარაღს და მერე რა მოხდა, რომ საქართველოსაც მივყიდეთო. თავის მართლების კონტექსტში იყო ეს განცხადება. კი ბატონო, იყო შესყიდვები. მიყიდეს 2004-2008 წლებში დიდი რაოდენობით და დიდი თანხის სანაცვლოდ შეიარაღება, საბრძოლო მასალა, ტექნიკა თუ ა.შ. თუმცა, 2008 წლის ომის დროს ფიზიკურადაც შეუძლებელი იყო და არც არავინ საყვედურობს ამას. თუმცა, მე რაზეც თქვენ არ გსაყვედურობთ, ოფიციალურმა წარმომადგენელმა ის აქეთ არ უნდა დამიტრიალოს და არასწორრი ინფორმაცია არ უნდა გაავრცელოს,” – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

2008 წელს საქართველოს არავისგან მიუღია სამხედრო დახმარება, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძემ კომენტარი გააკეთა საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულის ანდრეი კასიანოვის განცხადებაზე, სადაც კასიანოვი ამბობს: „ერთ დროს უკრაინის მთავრობა დაეხმარა საქართველოს ლტოლვილების ევაკუაციაში, სვანეთის მთებში, გაუწია საქართველოს უძლიერესი ჰუმანიტარული დახმარება 1993 წელს, ასევე სამხედრო ტექნიკური და პოლიტიკური დახმარება გაუწია საქართველოს მთავრობას 2008 წელს“.

ირაკლი კობახიძის თქმით, 2008 წლის ომი ორი დღე გრძელდებოდა და აპ პერიოდში ქვეყანას იარაღით ვერავინ დაეხმარებოდა.

„2008 წლის ომი გაგრძელდა ორი დღე. დაიწყო 8 აგვისტოს და 10 აგვისტოს მიხეილ სააკაშვილმა ცალმხრივად ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე გამოაცხადა. იმ ორ დღეში ვერავინ ვერავითარ დახმარებას ვერ გაგვიწევდა და არც არავისგან მომხდარა ასეთი რამ. თუ მანამდე ხდებოდა კომერციული მიზნებით გარკვეული იარაღის შეძენა-გაყიდვა და ასე შემდეგ, ეს სხვა რამეა. 2008 წელს საქართველოს არავისგან მიუღია სამხედრო დახმარება, ვერც მიიღებდა, რადგან ორ დღეში ვერავინ დაგეხმარებოდა შეიარაღებით. ამიტომ ამაზე საუბარი ზღაპარია. ვიღაცები სპეკულირებენ და ჩვენთვის ეს არ არის საინტერესო. მთავარია, როდესაც ვიღაც მოგიწოდებს მეორე ფრონტისკენ, ამაზე ყველას მხრიდან სათანადო რეაგირებაა საჭირო. ეს ყველამ უნდა დაგმოს ან სულ მცირე, თავისი უარყოფითი პოზიცია გამოხატოს ნებისმიერი მოწოდების მიმართ, რომელიც საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას უკავშირდება. ვინც სდუმს ამაზე, უნდა ჩავთვალოთ, რომ სულ მცირე, ლოიალურად არის განწყობილი მეორე ფრონტის იდეაზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button