მნიშვნელოვანირეგიონი

2021 წელს პანკისის ხეობის სოფლებში დაკავებული ხუთი პირი, სასამართლომ დამნაშავედ ცნო

2021 წელს პანკისის ხეობის სოფლებში, დუისსა და ქორეთში დაკავებული ხუთი პირი, თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

გამოძიება, სოფელ დუისსა და ქორეთში მცხოვრებ მოქალაქეებს ტერორისტული ორგანიზაციის წევრობას, უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებას და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარებას ედავებოდა.
პროკურატურის განმარტებით, დადასტურდა, რომ საქართველოს მოქალაქემ, რომელიც გაერთიანებული იყო უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოში“, ამავე ორგანიზაციაში გააწევრიანა საქართველოს კიდევ ოთხი მოქალაქე.

ახლადგაწევრიანებული პირები, სირიაში წასვლას და „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში ბრძოლას გეგმავდნენ.
დაკავების დროს სამი პირი 18 წლის, ერთი 19-ის, ხოლო ყველაზე უფროსი, უსუფ ცათიაშვილი, 38 წლის იყო.
საქმის მასალების მიხედვით, დაკავებული ადასტურებდა, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ წარმომადგენელი და საქართველოს ემირია.

გამოძიება ამტკიცებდა, რომ უსუფ ცათიაშვილმა გააწევრიანა ტერორისტულ ორგანიზაციაში რამაზ ქავთარაშვილი, ჰამზათ ბაღაკაშვილი, რამაზ მარგოშვილი და მაგამედ მაჩალიკაშვილი.

თბილისის საქალაქო სასამართლომ უსუფ ცათიაშვილი დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენაში და მას 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ხოლო დანარჩენი ოთხი სასამართლომ დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილით
გათვალისწინებული ქმედების ჩადენაში და 10-10 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

შეგახსენებთ, ხუთივე მსჯავრდებული, პანკისის ხეობის სოფლებში, დუისსა და ქორეთში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, 2021 წლის 24 აგვისტოს დააკავა.

მოგვიანებით, გამოძიებამ ვიდეო და აუდიო მასალის ნაწილი გაავრცელა, რომლითაც დგინდებოდა, რომ დაკავებულებმა, „ისლამური სახელმწიფოს“ ერთგულების ფიცი დადეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button