2022 წელს, ევროკავშირში დროებითი თავშესაფარი საქართველოს 25 000-ზე მეტმა მოქალაქემ ითხოვა

2022 წელს ევროკავშირში (პირველადი მოთხოვნით) დროებითი თავშესაფარი 881 200-მა ადამიანმა მოითხოვა. მათ შორის საქართველოს 25 935-მა მოქალაქემ. მონაცემები ამის შესახებ ევროსტატმა დღეს, 23 მარტს გამოაქვეყნა.
ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მოთხოვნის სტატისტიკით საქართველო მსოფლიოს ათეულშია და უსწრებს მეზობელი ქვეყნებიდან სომხეთს, აზერბაიჯანს და რუსეთს – გამონაკლისი თურქეთია.
თავშესაფრის პირველად მაძიებელთა რაოდენობა ევროკავშირის ქვეყნებს შორის 2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, 64 პროცენტით გაიზარდა. საქართველოს შემთხვევაში მონაცემები გაზრდილია 108 პროცენტით. თუკი ამ სტატისტიკის მიხედვით, საქართველო 2021 წელს მე-11 ადგილზე იყო, 2022 წელს მე-8 ადგილზე გადავიდა.
მიმართვების შესახებ საერთო მაჩვენებლით (პირველადი და შემდგომი მიმართვით) 2021 წელს საქართველო მე-10 ადგილზე (14 660 მიმართვა) იყო და 2022 წელს მე-9 ადგილზე (28 385 მიმართვა) გადაინაცვლა. ზრდა ამ შემთხვევაში 93,6 პროცენტია.
2022 წელს ევროკავშირის ქვეყნებს შორის დროებითი თავშესაფრის მოთხოვნით (პირველ ჯერზე) საქართველოს მოქალაქეები ყველაზე ხშირად მიმართავდნენ:
საფრანგეთს – 8905 განაცხადი;
გერმანიას – 7965 განაცხადი;
იტალიას – 3240 განაცხადი;
ირლანდიას – 2705 განაცხადი;
ბელგიას – 840 განაცხადი;
ესპანეთს – 660 განაცხადი;
შვეიცარიას – 660 განაცხადი.
2022 წელს ევროკავშირის 27 ქვეყანაში თავშესაფრის პირველადად მაძიებელთა განაცხადების თითქმის ნახევარი (46%) აზიის მოქალაქებზე მოდის, 22%-მდე აფრიკის. 17%-ს ევროპის მოქალაქეობა აქვს, მაგრამ არ არის ევროკავშირის წვერი ქვეყნის წარმომადგენელი, 14% კი ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის მოქალაქეა.
თავშესაფრის პირველად მაძიებელთაგან ყოველი მეოთხე გერმანიას მიმართავდა – ეს რიცხვია 217 735. ამ მონაცემებით მეორე ადგილზეა საფრანგეთი 37 510 განაცხადით (16%), მესამეზე ესპანეთი – 116 135 (13%), მეოთხეზე ავსტრია – 106 380 (12%), მეხუთეზე იტალია – 77 200 (9%) განაცხადით.
იმის მიუხედავად, რომ წინა რამდენიმე წელთან შედარებით 2022 წელს გაზრდილია ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მიმართვების რაოდენობა, ეს რიცხვი ჩამორჩება 2015 და 2016 წლების მონაცემებს, როცა 1 მლნ ადამიანი ითხოვდა ამ უფლებას.