მნიშვნელოვანისიახლეები

საქართველოს ყოფილ შსს მინისტრსა და ყოფილ პრემიერ-მინისტრს, დამფუძნებელს პარტიისა „საქართველოსთვის“, თავს დაესხნენ

ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ თავს დაესხნენ საქართველოს ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრსა და ყოფილ პრემიერ-მინისტრს, დამფუძნებელს პარტიისა „საქართველოსთვის“, გიორგი გახარიას. ორი თავდასხმა ერთმანეთის მიყოლებით და ორივე ივანიშვილის მოხელეების ძალადობრივი ჯგუფისგან. ბათუმის სასტუმრო “შერატონში” “ქართული ოცნების” რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე და მისი დაჯგუფება ჯერ ჟურნალისტ ზვიად ქორიძეს ესხმიან თავს და შემდეგ ფიზიკურად უსწორდებიან ყოფილ პრემიერ გიორგი გახარიას.
ინციდენტის შემდეგ გახარია გადაიყვანეს ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში, სადაც სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს და პირველადი გამოკვლევები ჩაუტარეს.

მომხდარის შესახებ სოციალურ ქსელებში გაავრცელა ინფორმაცია გამოცემა „მთის ამბების“ რედაქტორმა გელა მთივლიშვილმა, რომელიც ამ ინციდენტს შეესწრო:

„რამდენიმე წუთის წინ, ბათუმში, „შერატონში“, რუსული რეჟიმის არალეგიტიმური პარლამენტის და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები დიმიტრი სამხარაძე, გიორგი მანველიძე და სხვები ჯგუფურად თავს დაესხნენ გიორგი გახარიას, მანამდე ჩვენს მეგობარს, რომელიც ამავე სასტუმროში იყო დაბინავებული. გახარია კლინიკაშია გადაყვანილი“, – წერს სოციალურ ქსელში გელა მთივლიშვილი და აქვეყნებს ფოტოებს ინციდენტის ადგილიდან.

სახელისუფლებო კლანის რეაქცია ამ ძალადობაზე სტანდარტული და “ქართული ოცნების” ნორმების შესაბამისი აღმოჩნდა – ადგილზე პოლიციას, ფაქტობრივად, ნულოვანი რეაგირება ჰქონდა, სამხარაძის უდანაშაულო მსხვერპლად გამოცხადების ოპერაციაში კი სამთავრობო მედია ჩაერთო და რეალობის დასამახინჯებლად აჩვენა დამონტაჟებული კადრები, რომლებშიც არც თავდასხმის დასაწყისი ჩანს, არც პროცესი და მხოლოდ შედეგია ნაჩვენები.

გიორგი გახარია „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრი იყო 2019-2021 წლებში, მანამდე კი შსს-ს ხელმძღვანელობდა.

ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ, 2021 წელს გახარიამ დააფუძნა ოპოზიციური პარტია „საქართველოსთვის“, რომელმაც 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, ოფიციალური შედეგების თანახმად, 5%-იანი ბარიერი გადალახა კიდევ სამ ოპოზიციურ გაერთიანებასთან ერთად.

ყველა მათგანი არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს, მე-11 მოწვევის პარლამენტის ლეგიტიმურობას არ ცნობს და ახალ არჩევნებს მოითხოვს. ამავე აზრზეა საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი და საპროტესტო დემონსტრაციების მონაწილეები.

საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაწყებული საპროტესტო დემონსტრაციები 49-ე დღეა, გრძელდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button