2024 წელს საქართველოს მოქალაქეობა რუსეთის 2361 მოქალაქემ მიიღო-2025 წლის იანვრიდან მოსახლეობის რაოდენობამ 3 704 500 კაცი შეადგინა

2024 წელს საქართველოს მოქალაქეობა 3587 ადამიანს მიენიჭა, 1592 კი შეუწყდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
„საქსტატის“ ცნობით, საქართველოს მოქალაქეობის მიმღებთა შორის პირველ ადგილს რუსეთის ფედერაცია იკავებს. 2024 წელს საქართველოს მოქალაქეობა რუსეთის 2361 მოქალაქემ მიიღო. მეორე ადგილზეა გერმანია, რომლის 251 მოქალაქე გახდა საქართველოს მოქალაქე, შემდეგ კი არის უკრაინა, რომლის 175 მოქალაქეს ასევე არიან ისრაელი 141 პირი და სომხეთი 131 პირი რომლებსაც მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა.
ამასთან, „საქსტატის“ ცნობით, კონფიდენციალურია მონაცემები ირანისა და ისლამური რესპუბლიკის რამდენ მოქალაქეს მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა.
რაც შეეხება მონაცემებს, რომელი ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემდეგ შეუწყდათ ადამიანებს საქართველოს მოქალაქეობა, ამ შემთხვევაშიც, რუსეთის ფედერაცია ლიდერობს. 2024 წლის განმავლობაში რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის მიღების გამო, სტატუსი საქართველოს 802 მოქალაქეს შეუწყდა. შემდეგ ადგილზეა საბერძნეთი, რომლის მოქალაქეც საქართველოს 200 მოქალაქე გახდა.
იმ 3 587 ადამიანიდან, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა დაბადების ადგილად საქართველო 2 739 აქვს მითითებული 844-ს კი სხვა ქვეყანა, 4-ს არ აქვს მითითებული.
2024 წელს საქართველოს მოქალაქეობა 1 592 ადამიანს შეუწყდა, აქედან 1 177 საქართველოში, ხოლო 141 სხვა ქვეყანაში იყო დაბადებული, 1-ის შემთხვევაში კი არ იყო მითითებული.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2025 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 704.5 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 9.9 ათასი კაცით მეტია.
როგორც „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აღსანიშნავია, რომ 2024 წელს დაფიქსირდა უარყოფითი ბუნებრივი მატება (-4 488) და დადებითი მიგრაციული სალდო (14 386).
„2025 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის 61.5% ცხოვრობს საქალაქო დასახლებებში. ამასთან, თბილისის მოსახლეობა მთლიანი მოსახლეობის მესამედზე მეტს შეადგენს.
2025 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, 0-14 წლის მოსახლეობის წილი მთელ მოსახლეობაში 19.2%-ს შეადგენს, შრომისუნარიან ასაკში მყოფი მოსახლეობის წილი (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) – 64.2%-ს, ხოლო 65 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი − 16.6%-ს. 2025 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, კაცების რიცხოვნობამ 1 780.6 ათასი შეადგინა, ხოლო ქალების რიცხოვნობამ – 1 923.9 ათასი. ამასთან, საქართველოს მოსახლეობის 48 პროცენტი კაცი, ხოლო 52 პროცენტი – ქალია.
სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობის მაჩვენებელი 93-ს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ 100 ქალზე 93 კაცი მოდის. აღსანიშნავია, რომ 40 წლამდე ასაკში კაცების რიცხოვნობა აღემატება ქალების რიცხოვნობას, ხოლო 40 წლის ასაკიდან სახეზე გვაქვს საპირისპირო სურათი, რაც გამოწვეულია კაცებთან შედარებით ქალების უფრო მაღალი სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობით. წინა წელთან შედარებით, 2024 წელს სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა თითქმის უცვლელი დარჩა და 74.9 წელი შეადგინა, მათ შორის კაცებისათვის – 70.5 წელი, ხოლო ქალებისათვის – 79.3 წელი. 2025 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის მედიანური ასაკი შეადგენს 39 წელს.
2024 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 121 425 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 50.5%-ით ნაკლებია, ხოლო იმიგრანტების რიცხოვნობა 34.0%-ით შემცირდა და 135 811 კაცი შეადგინა. ამავე პერიოდში, იმიგრანტების 85.6% და ემიგრანტების 85.8% შრომისუნარიან ასაკში მყოფ მოსახლეობას (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) წარმოადგენენ.
2024 წელს, იმიგრანტების 48.2 პროცენტს, ხოლო ემიგრანტების 53.2 პროცენტს საქართველოს მოქალაქეები წარმოადგენენ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.