თბილისსა და ბათუმში საპროტესტო აქციები გრძელდება

აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციას ჟურნალისტებიც შეუერთდნენ, რომლებმაც ევროპის მოედანზე მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქცია გამართეს.
შეკრებილების თქმით, “ქართულ ოცნებაში “რყევები დაწყებულია“ და ბიძინა ივანიშვილი ძალაუფლებას კარგავს.
აქციის მონაწილეები ხელისუფლებას მოუწოდებენ, დროულად გათავისუფლდნენ სხვადასხვა აქციის დროს დაკავებულები.
აჭარის მთავრობის სახლის მიმდებარედ სამართალდამცავებიც იყვნენ მობილიზებული.
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია განახლდა.
მოქალაქეები, რომლებიც უკვე ხუთ თვეზე მეტია, უწყვეტად აპროტესტებენ და რუსთაველის გამზირზე გამოდიან პროტესტის ნიშნად, საავტომობილო მოძრაობა გადაკეტეს.
აქციის მონაწილეები მას შემდეგ, რაც გზა გადაკეტეს, სკანდირებდნენ: “ცეცხლი ოლიგარქიას!”, “არა რუსულ რეჟიმს!”.
პარლამენტთან შეკრებილებს ის მომიტინგეებიც შეუერთდებიან, რომლებიც საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან არიან შეკრებილები.
დემონსტრანტების მოთხოვნები უცვლელია: დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები.