მნიშვნელოვანისიახლეები

2030 წლისთვის საქართველო მზად იქნება ევროკავშირში გასაწევრიანებლად, თუმცა, ასევე დავსვით კითხვა, მზად იქნება თუ არა ევროკავშირი 2030 წელს გაფართოებისთვის

“დავუდასტურეთ რუმინულ მხარეს ის, რასაც ვეუბნებით ქართულ საზოგადოებასაც, რომ 2030 წლისთვის საქართველო მზად იქნება თავის მხრივ ევროკავშირში გასაწევრიანებლად,” – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, რომელიც საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, ბუქარესტში ვიზიტს განაგრძობს.

სამხარაძის განცხადებით, ქართულმა მხარემ ღიად დასვა კითხვა, რამდენად იქნება თავად ევროკავშირი მზად გაფართოებისთვის იმ გამოწვევების ფონზე, რაც დღეს არსებობს, მათ შორის, ეკონომიკასთან, მიგრაციასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.

“ასევე, ძალიან ღიად დავსვით კითხვა – მზად იქნება თუ არა ევროკავშირი 2030 წელს გაფართოებისთვის იმ გამოწვევების ფონზე, რომელიც მას დღეს აქვს, დაწყებული ეკონომიკური პრობლემებით, ასევე, მიგრაციის საკითხი, უსაფრთხოების საკითხი, ასევე უკრაინა, თავდაცვის გაძლიერება, ნატო და ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობა. აქედან გამომდინარე, საკმაოდ გულახდილი საუბარი გვქონდა და რუმინულმა მხარემ ძალიან რეალისტური პოზიცია დაიჭირა – გვითხრა, რომ ის ზუსტად იზიარებს იმ წუხილებსა და შიშებს, რომელიც ჩვენ გვაქვს ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით.
მიგვაჩნია, რომ 5 წელი რეალისტური ვადაა იმისათვის, რომ თუ ქვეყანაში მშვიდობა იქნა, ჩვენ შევძლებთ იმ რეფორმების გატარებას, რომელიც საჭიროა ევროკავშირში გასაწევრიანებლად,” – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

რუმინელ კოლეგებს გავუზიარეთ ჩვენი წუხილები. ვუთხარით, რომ ერთადერთი, რასაც ჩვენ ევროკავშირისგან ვითხოვთ, არის საქართველოს მიმართ სამართლიანი მიდგომა და ვითხოვთ იმ პრობლემების, მუქარების, რისკების გაანალიზებას, რომლებიც ჩვენს ქვეყანას აქვს საკუთარი გეოპოლიტიკური მდებარეობიდან, იმ მოვლენებიდან გამომდინარე, რომლებიც რეგიონში ვითარდება.

ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, საქართველოს მხრიდან არის სრული მზაობა, იმუშაოს ევროკავშირში სრულფასოვან ინტეგრაციაზე.

„სამწუხაროდ, ევროკავშირის მხრიდან კეთდება ხოლმე ხანდახან არაერთგვაროვანი განცხადებები, თუნდაც საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით, რომ, ერთი მხრივ, როდესაც შენ მშვიდობიან საპროტესტო აქციას ეძახი, მაგალითად, მაშხალების სროლას, პოლიციელებზე შეტევას და პარლამენტის შენობის დაზიანებას, მეორე მხრივ, ბევრად უფრო ნაკლები ხარისხის შეტევა იყო ევროკავშირის ოფისზე სოფიაში და ეს წარმოჩენილია, როგორც ვანდალიზმი. ეს არის ორმაგი სტანდარტების გამოვლინება. შესაბამისად, უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ ფაქტების სწორი ინტერპრეტაცია მოხდეს. რუმინელ კოლეგებს ვუთხარით, რომ მას შემდეგ, რაც „ფარას“ მივიღებთ მესამე და საბოლოო მოსმენით, გამჭვირვალობის კანონი უქმდება. „ფარასთან“ დაკავშირებით ჩვენ ვერავისგან ვერ მოვისმინეთ, რომ მათ რაიმე საწინააღმდეგო აქვთ. ახლა უკვე საინტერესოა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროკავშირი, რადგან თუ ისინი გულწრფელად მხოლოდ ამ კანონის გამო იყვნენ აღშფოთებული და ამ კანონის გამო იყო ეს პროცესი შეჩერებული, მაშინ ეს კანონი აღარ იქნება“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ამასთან, როგორც სამხარაძემ აღნიშნა, საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრებმა რუმინელ კოლეგებთან ისაუბრეს საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციაზე.

„რუმინელ კოლეგებს ვთხოვე, ნატო-ში განიხილონ საქართველოს ნატო-ში წევრობის პერსპექტივა, მაშინ როდესაც უკვე ძალიან ღიად არის ნათქვამი, მათ შორის აშშ-ის ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლების მხრიდან, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება უკვე აღარ განიხილება, რომ ამ ვითარებაში რა პერსპექტივა აქვს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას. ვთხოვე, რომ ამაზე გვქონდეს ძალიან გულწრფელი და ღია დიალოგი, რათა საბოლოოდ ვიცოდეთ, ნატო-ს წევრ ქვეყნებს და მოკავშირეებს, ზოგადად, რა პოზიცია აქვთ. რუმინული მხარე დამპირდა, რომ ამ საკითხს აუცილებლად დააყენებს ნატო-ს შეხვედრებზე“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი ოფიციალური ვიზიტით რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში იმყოფებიან.

მსგავსი პოსტები

Back to top button