ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაარეგისტრირა საიას საჩივარი, რომელიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე კენჭისყრის ფარულობის მასობრივ დარღვევას შეეხება

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაარეგისტრირა საიას საჩივარი, რომელიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე კენჭისყრის ფარულობის მასობრივ დარღვევას შეეხება. ინფორმაციას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს.
საია დავობს, რომ დაირღვა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის მე-3 მუხლი (თავისუფალი არჩევნების უფლება).
“პირველი დამატებითი ოქმის მე-3 მუხლის თანახმად, მაღალი ხელშემკვრელი მხარეები კისრულობენ ვალდებულებას, გონივრული პერიოდულობით ჩაატარონ თავისუფალი არჩევნები ფარული კენჭისყრით ისეთ პირობებში, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოს არჩევისას უზრუნველყოფს ხალხის ნება-სურვილის თავისუფალ გამოხატვას. საჩივარში აღნიშნულია, რომ ჩატარებული არჩევნების დროს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ საკუთარი ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებამ მასობრივად დაარღვია კენჭისყრის ფარულობის ფუნდამენტური პრინციპი, ხოლო საარჩევნო დავების განხილვის დროს დაირღვა საარჩევნო დავების ეფექტიანი მექანიზმებით განხილვის უფლება. საია საჩივარში ასევე დავობს, რომ საქართველოს კანონმდებლობაში არსებული ბლანკეტური დანაწესი, რომელიც მოქალაქეებს საარჩევნო დავაზე საჩივრის წარდგენის შესაძლებლობას უზღუდავს, არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მოთხოვნებს.
აღსანიშნავია, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, ცესკოს მიერ გამართულ სასწავლო-საინფორმაციო შეხვედრებზე საიამ აღმოაჩინა ფარულობის დარღვევის რისკები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან მიმართებით და ამის შესახებ წინასწარ მიმართა ცესკოს, რომ მიეღო შესაბამისი ზომები ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად. ამასთან დაკავშირებით საიას ეცნობა, რომ ცესკოს მიერ გამართულ სასწავლო-საინფორმაციო შეხვედრებზე გამოყენებული საარჩევნო ბიულეტენი იყო სატესტო ვერსია, ხოლო კენჭისყრის დღეს გამოყენებული ბიულეტენის ხარისხი იქნებოდა განსხვავებული, რაც უზრუნველყოფდა ფარულობის დაცვას.
მიუხედავად ამისა, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ცესკომ ვერ უზრუნველყო, რომ ბიულეტენების უკანა მხარეს არ გამოჩენილიყო გაფერადებული წრის კვალი. ქვეყნის შიგნით გათვალისწინებული დავის მექანიზმების გამოყენებით, საიამ 73 ოლქში შემავალი ყველა იმ უბნის (2263) შედეგების ბათილად ცნობა მოითხოვა, სადაც არჩევნები ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა. საია დავობდა, რომ კენჭისყრის დღეს მასობრივად დაირღვა ამომრჩევლის ხმის ფარულობის პრინციპი, რაც არღვევს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ საარჩევნო უფლებას. ეროვნულ დონეზე საიას სარჩელი მხოლოდ თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა. სასამართლოს მიერ შემთხვევითი შერჩევით შემოწმდა წალკისა და თეთრიწყაროს ოლქში რამდენიმე უბნის ბიულეტენი, სადაც დადასტურდა, რომ ბიულეტენების უკანა მხარეს მარკერის კვალი ხილვადი იყო. მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ საქმის განხილვისას ასევე ჩაატარა კენჭისყრის შემოწმების ექსპერიმენტი. ექსპერიმენტმაც დაადასტურა ხმის მთვლელ აპარატში ბიულეტენის მოთავსებისას ფარულობის დარღვევის აშკარა ფაქტი.
მოგვიანებით, თეთრიწყაროს სასამართლოს გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა. საიას მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე წარდგენილი საჩივარი თავისი შინაარსით პრეცედენტულია და სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, კონვენციის ჭრილში შეაფასოს როგორც 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების დროს გამოვლენილი ფარულობის სისტემური დარღვევა, ისე არჩევნებთან დაკავშირებული საჩივრების განხილვის სისტემის სამართლიანობა”- ნათქვამია განცხადებაში.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მათი სარჩელი დაარეგისტრირა. ორგანიზაცია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ფარულობის სავარაუდო დარღვევის პრინციპზე დავობს.
როგორც საიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, კენჭისყრის დღეს გამოყენებულ ბიულეტენზე მარკერის საღებავი ჟონავდა და ფურცლის მეორე მხარეს კვალს ტოვებდა. ორგანიზაციის თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის თქმით, მას შემდეგ რაც ადგილობრივმა სასამართლომ მათი სარჩელი არ დააკმაყოფილა, საჩივრით სტრასბურგს მიმართეს.
“პრეცედენტული მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს ამ დავას, იმიტომ რომ თავისი შინაარსით ისეთ საკითხებს ეხება, რაზეც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მანამდე არ უმსჯელია და ახლა, ამ დავის ფარგლებში აქვს შესაძლებლობა, რომ იმსჯელოს და კონვენციის ჭრილში შეაფასოს არჩევნების ფარულობის საკითხი 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით,” – აცხადებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე წარდგენილი საჩივარი თავისი შინაარსით პრეცედენტულია და სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, კონვენციის ჭრილში შეაფასოს როგორც 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების დროს გამოვლენილი ფარულობის სისტემური დარღვევა, ისე არჩევნებთან დაკავშირებული საჩივრების განხილვის სისტემის სამართლიანობა.