მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთი და უკრაინა ერთმანეთს ქალაქების დაბომბაში ადანაშაულებენ

რუსეთმა უკრაინაზე დრონებით და რაკეტებით მორიგი იერიში მიიტანა. უკრაინის საჰაერო ძალების სარდლის, მიკოლა ოლეშჩუკის ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ვორონეჟის ოლქიდან კიევის ოლქს შეუტიეს ოთხი ბალისტიკური რაკეტით „ისკანდერი-მ“. გენერალ-ლეიტენანტ ოლეშჩუკის მიერ დღეს, 6 აგვისტოს დილით, გამოქვეყნებული მონაცემებით, აზოვის ზღვის აკვატორიიდან შეტევა იყო ორი მართვადი საავიაციო რაკეტით, ხოლო კურსკის ოლქიდან და ანექსირებული ყირიმიდან 16 უპილოტო საფრენი აპარატით.

ოლეშჩუკის თანახმად, უკრაინის თავდაცვის ძალებმა კიევის, ხერსონის, ნიკოლაევისა და ხმელნიცკის ოლქებში ჩამოაგდეს ორი ბალისტიკური და ორი მართვადი საავიაციო რაკეტა და 15 დრონი.
უკრაინის ხელისუფლებამ სამშაბათს განაცხადა, რომ რუსეთმა დარტყმა განახორციელა ხარკოვზე, რის შედეგადაც მინიმუმ რვა ადამიანი დაშავდა, მათ შორის 8 თვის ბავშვი. დაზიანდა ქალაქის კლინიკაც.

უკრაინის ეროვნული პოლიცია უახლეს მონაცემებს ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ქალაქში რამდენიმე შენობა დაინგრა, მათ შორის კლინიკა ნანგრევების ქვეშ, შესაძლოა, ადამიანებიც იყვნენ მოყოლილი, დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსების ფასადები და ფანჯრები, დაზიანდა მინიმუმ 25 სამოქალაქო ავტომობილი.

რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარე ოლეგ სინეგუბოვი მანამდე წერდა, რომ დაახლოებით დილის 10 საათზე რუსეთის სამხედროებმა „ისკანდერის“ რაკეტით დაარტყეს ხარკოვის შევჩენკოს რაიონს. “დარტყმა ქალაქის ცენტრალურ უბანზე. ინფორმაცია ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ზუსტდება“, – განაცხადა ხარკოვის მერმა, იგორ ტერეხოვმა.
ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის ინფორმაციით, ამ დროისთვის სამედიცინო დახმარება ორმა ადამიანმა ითხოვა. ამასთან, მისი თქმით, ნანგრევების ქვეშ, შესაძლოა, ადამიანები იყვნენ მოყოლილი.
„ექიმებმა დახმარება აღმოუჩინეს მინიმუმ ხუთ დაშავებულ მოქალაქეს. ორი ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს ქირურგიულ განყოფილებაში“, – ნათქვამია განცხადებაში.

სინეგუბოვმა ასევე თქვა, რომ რუსეთის ჯარებმა დაარტყეს ხარკოვის ცენტრალურ ნაწილს და რომ რაკეტის მოხვედრის შედეგად დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და შესაძლოა, ნანგრევების ქვეშ ხალხი იყოს მოყოლილი.

რუსეთი მთელი ომის განმავლობაში უარყოფს ბრალდებებს უკრაინაში სამოქალაქო ობიექტებზე გამიზნული თავდასხმების შესახებ.
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, მოგერიებული რუსული რაკეტის ნამსხვრევებმა დესნიანსკის რაიონში დააზიანა ავტომანქანების სადგომი.

დღეს დილით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ორჯერ გაავრცელა ინფორმაცია უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებით კურსკის და ბელგოროდის ოლქებზე თავდასხმის შესახებ. პირველი ცნობის მიხედვით, ღამის განმავლობაში 11 დრონი ჩამოაგდეს კურსკის ოლქში და ერთი – ბელგოროდში. მეორე ინფორმაციით, დღეს დილით კურსკის ოლქში მოიგერიეს 13 დრონი, ხოლო ბელგოროდის ოლქში – ცხრა.

ქალაქ კურსკის მერის, იგორ კუცაკის თანახმად, უკრაინული დრონების ნამსხვრევებმა ქალაქის რამდენიმე რაიონში უმნიშვნელო ზიანი გამოიწვია.

რამდენიმე რუსული და უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კურსკის ოლქის საზღვრის გარღვევა მოახერხეს.

კურსკის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის დროებითმა შემსრულებელმა, ალექსეი სმირნოვმა თავდაპირველად ოფიციალურად გაავრცელა ცნობა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები რეგიონის ტერიტორიაზე შეღწევას ცდილობდნენ.

მცირე ხნის შემდეგ სმირნოვი ამტკიცებდა, რომ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ძალებმა უკრაინელი სამხედროების მიერ საზღვრის დარღვევის მცდელობა აღკვეთეს.

თუმცა, ცნობების მიხედვით, უკრაინის შეიარაღებული ძალები სუჯის რაიონში მდებარე დასახლებული პუნქტი გონჩაროვკისკენ მიემართებოდნენ. მანამდე სუჯის რაიონი საარტილერიო ცეცხლით დაიბომბა. გავრცელდა ცნობები, რომ უკრაინელი სამხედროები ბელგოროდის ტერიტორიაზე შეღწევასაც ცდილობენ.

მოქმედებებში, სავარაუდოდ, უშუალოდ უკრაინის შეიარაღებული ძალებია ჩართული. ცნობების მიხედვით, იერიშში ჯავშანტრანსპორტიორების გარდა მონაწილეობს ტანკებიც.

მსგავსი პოსტები

Back to top button