კამალა ჰარისმა ვიცე-პრეზიდენტის პოსტის კანდიდატად შეარჩია ტიმ უოლზი
აშშ-ის მედია წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა, რომელიც შეერთებული შტატების პრეზიდენტობის პრეტენდენტია, ნოემბრის არჩევნებისთვის ვიცე-პრეზიდენტის პოსტის კანდიდატად შეარჩია მინესოტის შტატის გუბერნატორი ტიმ უოლზი.
CNN-ი, Associated Press-ი და Reuters-ი წყაროების მიხედვით იტყობინებიან, რომ ჰარისმა უოლზის თაობაზე გადაწყვეტილება 6 აგვისტოს მიიღო და მოგვიანებით, დღის განმავლობაში, უკვე ოფიციალურად გამოაცხადებენ ამის შესახებ.
60 წლის უოლზი არის ყოფილი მასწავლებელი, რომელმაც რამდენიმე წელი იმსახურა ეროვნული გვარდიის არმიაში. ის 2018 წელს აირჩიეს მინესოტის გუბერნატორად. როგორც აღნიშნავენ, ის პროგრესული მიდგომით არის ცნობილი ქალთა უფლებებთან და კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტაში.
კამალა ჰარისმა უკვე მოიპოვა დემოკრატიული პარტიის დელეგატების საკმარისი ხმები, რათა პარტიის კანდიდატი გახდეს 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე. როგორც მოსალოდნელია, ის ოფიციალურად დასახელდება კანდიდატად პარტიის სხდომაზე, რომელიც 19 აგვისტოს გაიხსნება.
ჰარისის საარჩევნო შტაბის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ის და მის მიერ შერჩეული ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი ტურნეში გაემგზავრებიან შვიდ შტატში. ამ სიაში პირველ ადგილზეა პენსილვანია, რომელსაც ჰარისი და პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატი დონალდ ტრამპი ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს შტატად განიხილავენ შეჯიბრში გასამარჯვებლად.
ცნობისთვის, ტიმ უოლცი ამჟამად მეორე ვადითაა მინესოტას შტატის გუბერნატორი და ის, ასევე, თავმჯდომარეობს “დემოკრატი გუბერნატორების კრებას.” მანამდე ის 12 წელი იყო აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის კონგრესმენი (2007-2019), რომელშიც მინესოტას შტატის საკმაოდ კონსერვატიულ ოლქს წარმოადგენდა.
წყაროების ცნობით, ბოლო დღეების განმავლობაში კამალა ჰარისს სულ უფრო მოსწონდა ტიმ უოლცის კანდიდატურა მისი წარსულის გამო – ყოფილი კონგრესმენი, მასწავლებელი და არმიის ეროვნული გავრდიის მაიორი.