„საუბარი შეიძლება იყოს მაქსიმუმ 2 მილიონ ლარის ირგვლივ,,-“ლუგარის ლაბორატორიას” 2 მლნ ლარამდე ამერიკული დაფინანსება შეუჩერდა
ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ლუგარის ლაბორატორიასა და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტს (NCDC) აშშ-დან დაახლოებით 2 მლნ ლარის ოდენობის დაფინანსება შეუჩერდა. ამის შესახებ სარჯველაძემ ჯანდაცვის სამინისტროში 6 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე თქვა.
მიხეილ სარჯველაძის ცნობით, დაფინანსების შეჩერება შეეხო რამდენიმე კვლევით პროექტს და ტრენინგს.
„მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ლუგარის ლაბორატორიის ან დაავადებათა კონტროლის ცენტრის დახურვაზე და მისი საქმიანობის შეფერხებაზე საუბარი არ არის. რეალურად, ლუგარის ლაბორატორიაც და დაავადებათა კონტროლის ცენტრიც შეუფერხებლად განაგრძობს მუშაობას“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
მისი სიტყვებით, სამინისტრო გადახედავს პროექტებს, რომ “მის განვითარებას შეფერხება არ ჰქონდეს”.
„საუბარი შეიძლება იყოს მაქსიმუმ 2 მილიონ ლარის ირგვლივ. აქედანაც ბუნებრივია შეფასება დასჭირდება, შესაძლოა, ეს რიცხვიც არ იყოს. ვინმეს შეცდომაში შეყვანა, რომ 95 მილიონი ლარი შეუწყდა საქართველოს მხარეს, მტკნარი სიცრუეა”,- აღნიშნა სარჯველაძემ. რეალურად, საუბარია რამდენიმე მიმდინარე პროექტის შეჩერებაზე, რომლის შინაარსი გახლავთ კვლევითი საქმიანობა, ტრენინგები და ა.შ. ეს არ გახლავთ არცერთი ისეთი პროგრამა, რომელზეც დამოკიდებულია ჯანდაცვის რომელიმე პროგრამის განხორციელება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ ბრიფინგზე განაცხადა, როდესაც გამოეხმაურა ინფორმაციას, რომ აშშ-ის მხრიდან საქართველოსთვის ფინანსური დახმარების შეჩერება დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსა და ლუგარის ლაბორატორიასაც შეეხო.
მისი თქმით, სახელმწიფო და ჯანდაცვის სამინისტრო ყველაფერს გააკეთებს, რომ უახლოეს დღეებში მიმდინარე პროექტები გადაიხედოს.
„ყველამ მინდა კარგად იცოდეს, რომ რეალურად, საუბარია რამდენიმე მიმდინარე პროექტის შეჩერებაზე, რომლის შინაარსი გახლავთ კვლევითი საქმიანობა, ტრენინგები და ა.შ. ეს არ გახლავთ არცერთი ისეთი პროგრამა, რომელზეც დამოკიდებულია ჯანდაცვის რომელიმე პროგრამის განხორციელება და შესაბამისად, სისტემისთვის ამ თვალსაზრისით გახლავთ მნიშვნელოვანი. ამის მიუხედავად სახელმწიფო და ჩვენი სამინისტრო ყველაფერს გააკეთებს, რომ უახლოეს დღეებში გადაიხედოს მიმდინარე პროექტები. შესაბამისად, შეფასდეს მიმდინარეობა და ამის მიხედვით ყველა ის პროგრამა და პროექტი, რომელიც მნიშვნელოვანია, გაგრძელდეს ჩვეულად და მას რაიმე შეფერხება არ ჰქონდეს. ამავდროულად, მინდა ვთქვა, რომ მართლა ძალიან ვწუხვარ, რომ ორივე ქვეყნისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტების დაფინანსებასთან დაკავშირებით იქნა მიღებული მსგავსი გადაწყვეტილება. ვფიქრობ, რომ ეს გახლავთ არამხოლოდ ჩვენი ორი ქვეყნისთვის და საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის მნიშვნელოვანი, არამედ ეს არის გლობალურად ჯანდაცვის სისტემების გაუმჯობესებისთვის დაგეგმილი ინიციატივები, რომლის განხორციელებაც დაგეგმილად ყველასთვის თანაბრად საინტერესო და მნიშვნელოვანი უნდა იყოს. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ყველა ურთიერთობა ძალიან სწრაფად დაუბრუნდება ჩვეულ რიტმს და ამ თვალსაზრისით მიზეზი ამ სახის ამ თემასთან დაკავშირებული სიმულაციებისთვის ყველა ამის მსურველ ადამიანს რეალურად, მოესპობა“, – აღნიშნა სარჯველაძემ.
გარდა ამისა მედიას ლუგარის ლაბორატორიის ხელმძღვანელმა, მაია ალხაზაშვილმა ცოტა ხნის წინ დაუდასტურა, რომ შეჩერდა პროექტები, რომლებსაც აშშ, კერძოდ CDC აფინანსებდა და მათი მთავარი მიზანი ქართველი თანამშრომლების გადამზადება, ასევე კვლევების ნაწილის დაფინანსება იყო.
“არის ამერიკის CDC-ს მიერ დაფინანსებული პროექტები, რომლებიც ძირითადად არის ხოლმე ტექნიკური დახმარება, თანამშრომლების ტრენინგი და კვლევითი პროექტები. კონკრეტულად ამ პროექტებს ამ წუთში ვერ ჩამოგითვლით, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ როგორც ლუგარის ცენტრი, მარტო საქართველოს დონეზე არა, რეგიონულ დონეზეც მხარს უჭერდნენ გაეკეთებინათ ჩვენი გამოცდილების პოპულარიზაცია და ჩვენ მხარს ვუჭერთ რეგიონულ ქვეყნებს ჩვენი მიმართულებით ტრენინგებში ისევ კვლავ… დახმარება კი ძალიან მნიშვნელოვანია, ალბათ დროებით არის შეჩერებული, ჩემი აზრით”, – თქვა მაია ალხაზიშვილმა.
აშშ საქართველოს მთავრობას უჩერებს 95 მილიონზე მეტი დოლარის დახმარებას
ცნობისთვის, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის მხრიდან საქართველოსთვის ფინანსური დახმარების შეჩერება დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსა და ლუგარის ლაბორატორიასაც შეეხებოდა. მანამდე ცნობილი გახდა, რომ აშშ საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონ დოლარზე მეტ პირდაპირ დახმარებას აჩერებს.
დღეს ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ დაადასტურა, რომ აშშ-მა ლუგარის ლაბორატორიასა და დაავადებათა კონტროლის ცენტრს (NCDC) დაახლოებით 2 მილიონის დახმარება შეუჩერა. მისი თქმით, პროექტების მიზანი კვლევითი საქმიანობა და ტრენინგებია იყო.