მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

24 წლის მამაკაცი აფხაზეთის იზოლატორში, სავარაუდოდ ძალადობის შედეგად გარდაიცვალა – DRI

“დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი” მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას – ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ყველა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლების უფლებების დაცვა-ადვოკატირება ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ ყველაზე პრიორიტეტულ მიმართულებად აქციოს.

ორგანიზაცია მიმართვასთან ერთად, ავრცელებს ინფორმაციას აგვისტოს თვეში ოკუპირებულ რეგიონში 25 წლის მსჯავრდებულის ანრი ატეიბას საეჭვო ვითარებაში გარდაცვალების შესახებ.

“დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტში” აცხადებენ, რომ სახეზეა ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევების სავარაუდო ფაქტები, მათ შორის, ანრი ატეიბას წამება და არაადამიანური მოპყრობა, სიცოცხლის უფლების ხელყოფა, რაზეც სრული პასუხისმგებლობა ეკისრება აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას.

ორგანიზაცია მოუწოდებს საერთაშორისო ორგანიზაციებს – დაინტერესდნენ ანრი ატეიბას საქმის გამოძიების მიმდინარეობით და გააქტიურონ მუშაობა აფხაზეთში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით.

12 აგვისტოს გაგრის რაიონის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი დაკავების იზოლატორში 1996 წელს დაბადებული ანრი ატეიბა უგონო მდგომარეობაში იპოვეს. ახალგაზრდა კომატოზურ მდგომარეობაში ერთი თვე იმყოფებოდა და 14 სექტემბერს გარდაიცვალა.

როგორც აფხაზეთის დე ფაქტო შსს აცხადებს, 5 ივლისს ატეიბამ გაგრის კრიმინალური საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსს წინააღმდეგობა გაუწია მას შემდეგ, რაც ნარკოლოგიური ტესტის გავლა მოსთხოვეს. აღნიშნული შემთხვევის გამო, ატეიბა 7 აგვისტოს დააკავეს და ბრალად წაუყენეს გაგრის ე.წ. კრიმინალური საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მიმართ ძალადობა, მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიშ მდგომარეობაში ჩაგდება.

8 აგვისტოს, ანრი ატეიბას ადვოკატმა გაგრის რაიონის ე.წ. პროკურატურას მიმართა განცხადებით, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ცემის და წამების გამო სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა და სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა მოითხოვა. თუმცა 12 აგვისტოს დილის 01:30 საათზე, იგი საკანში უგონო მდგომარეობაში იპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ერთი თვის შემდეგ გარდაიცვალა.

ოკუპირებული აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დაკავებული თვითმკვლელობას ცდილობდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button