25-27 მარტს თბილისი ძიუდოს საერთაშორისო გრან-პრის მასპინძლობს

25-27 მარტს თბილისი ძიუდოს პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირს, თბილისის გრან-პრი 2016-ს ზედიზედ მესამედ უმასპინძლებს. თბილისის გრან-პრი უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე ახალ სპორტის სასახლეში გაიმართება, რომელიც 3 600 მაყურებელს იტევს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობიდან ვაჟთა გუნდიდან ტატამზე ყველა უძლიერეს ძიუდოისტს ვიხილავთ, გუნდის ლიდერების ავთანდილ ჭრიკიშვილისა (81 კგ) და ვარლამ ლიპარტელიანის (90 კგ) გარდა, რომლებიც ინდივიდუალური პროგრამით ემზადებიან და ამჯერად დასვენების საშუალება ეძლევათ.

თბილისის გრან-პრიზე საქართველოს ღირსებას 32 ძიუდოისტი (28 ვაჟი და 4 ქალი) დაიცავს, მათ შორის ლონდონის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ), ევროპის ჩემპიონები და მრავალგზის პრიზიორები ამირან პაპინაშვილი (60 კგ), ადამ ოქრუაშვილი (+ 100კგ), ვერცხლის პრიზიორი ნუგზარ ტატალაშვილი (73 კგ), მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებში ბექა ღვინიაშვილი (100 კგ), 2015 წლის თბილისის გრან პრის გამარჯვებული ლევან მატიაშვილი (+ 100) და სხვა ტიტულოვანი წევრები.

წინასწარი განაცხადის თანახმად, თბილისის გრან-პრიზე მსოფლიოს 73 ქვეყნის წარმომადგენელი 448 ძიუდოისტი (272 ვაჟი, 176 ქალი) იასპარეზებს, მათ შორის ტიტულოვანი სპორტსმენები საფრანგეთიდან, ჰოლანდიიდან, მონღოლეთიდან, რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ბელგიიდან, უნგრეთიდან, თურქეთიდან, უკრაინიდან, პორტუგალიიდან, ყაზახეთიდან, ჩინეთიდან, კორეადან, ბრაზილიიდან, ამერიკიდან და სხვა.

თბილისის გრან-პრის ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ხელმძღვანელი პირები და მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.

მსგავსი პოსტები

Back to top button