“256 ინფექციონისტი გყავს, მათ 853 პაციენტის მოვლა შეუძლიათ”

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსთან ბრძოლაში მთავრობის ადრეული და მკაცრი შეზღუდვები მედპერსონალის სიმცირით იყო გამოწვეული. როგორც მინისტრმა “იმედის’ ეთერში თქვა, საუბარია არა პერსონალის კალიფიკაციაზე, არამედ რიცხვებზე.
“აქ გვაქვს ძალიან დიდი დრამა და ხარვეზი, რაც არის მოცემულობა და ფაქტი, რასაც ჩვენ ვერანაირი თანხების ოპტიმიზაციით ვერ შევცვლით, ვინაიდან ამას სჭირდება წლები, რათა დაგენერირდეს და მივიღო ის რიცხოვნობა, რომელიც საჭიროა საწოლ-ფონდისთვის”, — აღნიშნა მინისტრმა.
ტიკარაძის თქმით, ამ ეტაპისთვის საქართველოში 488 რეანიმატოლოგია, რომლებსაც ადამიანური რესურსის ფარგლებში, დღეში 1 200 პაციენტის მოვლა შეუძლიათ. ამასთან, ქვეყანაში არის სულ 256 ინფექციონისტი და ოპტიმალური გადანაწილების პირობებში, მათ 853 პაციენტის მოვლა შეუძლიათ.
“როცა ამ რიცხვებს აანალიზებ, ხვდები, რომ ძალიან მნიშვნელოვანია გადადგა ძალიან მკაცრი ნაბიჯები და მიიღო გადაწყვეტილებები, რომელიც იმსახურებს კრიტიკას და იყო ძალიან ფრთხილი. სწორედ ესაა მამოტივირებელი იმისა, თუ რატომ დავიწყეთ ყველა იმ თამამი ნაბიჯის გადადგმა”, — აღნიშნა მინისტრმა.