მნიშვნელოვანისიახლეები

27 000 სტუდენტს 30 მილიონ ლარამდე დავალიანება ჩამოეწერათ-განათლების მინისტრი

სასკოლო კვების გეგმა ერთ-ორ თვეში გამოცხადდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი ამილახვარის განცხადებით, 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან გაორმაგდა სტიპენდიატთა რაოდენობა და სახელმწიფო სტიპენდიის ოდენობა.
როგორც ამილახვარმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა, განახლებული პროგრამის ფარგლებში სასწავლო წლის 10 თვის განმავლობაში, ოქტომბრიდან ივლისის ჩათვლით, სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმატებული სტუდენტები ყოველთვიურად, 150 ლარის ნაცვლად, იღებენ 300-ლარიან სტიპენდიას.
„აქამდე სტიპენდია თუ გაიცემოდა საშუალოდ 2 500 სტუდენტზე, 2023-2024 სასწავლო წლიდან გაზრდილ სტიპენდიას 5 000 წარმატებული სტუდენტი იღებს“, – აღნიშნა ამილახვარმა.
მისივე განმარტებით, საქართველოს მთავრობამ ასევე მიიღო გადაწყვეტილება ფინანსური დავალიანების მიზეზით სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის არსებული დავალიანების განულების თაობაზე.
გიორგი ამილახვარის განცხადებით, გადაწყვეტილება ეხება საჯარო და კერძო უნივერსიტეტების საქართველოს მოქალაქე დაახლოებით, 27 000 სტუდენტს, რომელთაც არსებული დავალიანება, ჯამში, 30 მილიონ ლარამდე ჩამოეწერათ.
ამავდროულად, გიორგი ამილახვარმა განაცხადა, რომ 2023 წელს განათლების საერთაშორისო ცენტრმა საზღვარგარეთ სწავლის მიზნით საქართველოს 191 მოქალაქე დააფინანსა; ასევე, მაღალი აკადემიური მოსწრების საფუძველზე დაფინანსება გაუგრძელა გასულ წელს გამარჯვებულ 34 სტიპენდიანტს. მინისტრის ინფორმაციით, ჯამურმა ღირებულებამ 5.8 მილიონი ლარი შეადგინა.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი ამილახვარის განცხადებით, მიმდინარე წლის სექტემბრიდან, 20 საპილოტე სკოლაში პროფესიული განათლება ინტეგრირდება.
როგორც მან „მინისტრის საათის“ ფორმატში, პარლამენტში გამოსვლისას აღნიშნა, პროფესიული პროგრამების ძირითადი ნაწილი ტექნოლოგიური მიმართულების იქნება.
„ჩვენი პროფესიული პოლიტიკის ახალი ხედვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იყო, რომ ჩვენ ტერიტორიული ხელმისაწვდომობა, პროფესიული განათლების აღქმა და პრესტიჟი გაგვეზარდა. ვინაიდან ტერიტორიული გადაადგილება ამ ასაკის ბავშვებში მაინც სირთულეს წარმოადგენს, მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომ პროფესიული განათლება შევიტანოთ სკოლებში. ეს არ არის არც მომზადება-გადამზადების პროგრამა, ეს არის იგივე სერტიფიცირებული საკვალიფიკაციო პროგრამები, რომელიც განხორციელდება და ხორციელდება პროფესიულ კოლეჯებში. ე.წ. ინტეგრირებული პროგრამები. ჩვენი გუნდი აქტიურად მუშაობს და ახლა უკვე ყველაფერი მოერგება 10+2 სისტემას. 20 საპილოტე სკოლაში ჩვენ ამ პროგრამებს დავიწყებთ. ზოგად განათლებაში პროფესიული განათლება შედის. ეს არჩევითი იქნება, სურვილიდან გამომდინარე.
ამ პროგრამების უმეტესი ნაწილი სწორედ ტექნოლოგიურ მიმართულებებს შეეხება. ვარჩევთ ისეთ სკოლებს, რომელიც პროფესიულ კოლეჯებთან არ არის ახლოს და ვარჩევთ დიდ სკოლებს. რამდენიმე წელში უნდა მოვიცვათ ბევრი სკოლა, თუ ყველა არა. ინტეგრირებული პროგრამა გახდება 2-წლიანი როგორც პროფესიულ კოლეჯში, ასევე სკოლაში. რა განათლებასაც მიიღებდა მოსწავლე პროფესიულ კოლეჯში, შესაძლებელი იქნება საკუთარ სკოლაში მიიღოს. ამის დამთავრების შემდეგ ერთდროულად ვიღებთ როგორც პროფესიულის დიპლომს, ასევე სკოლის ატესტატს და ნებისმიერ დროს მათ შესაძლებლობა აქვთ უმაღლეს განათლებაში გააგრძელონ სწავლა“, – განაცხადა ამილახვარმა

ვერ ვხედავ, რომ დღეს, ხელოვნური ინტელექტი ჩაანაცვლებს პედაგოგს, თუმცა ის ნამდვილად უნდა გახდეს დამხმარე მეთოდი რესურსი სწავლების პროცესში – google-თან და microsoft-თან კონკრეტული მოლაპარაკებები დაწყებული გვაქვს, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ხელოვნური ინტელექტის სასწავლო სისტემაში დანერგვას კარგი დაკვირვება და შესწავლა სჭირდება.
„ტექნოლოგიების განვითარების კვალდაკვალ, ხელოვნური ინტელექტის საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრირება ძალზედ აქტუალური ხდება. რამდენიმე კვირის წინ ვიმყოფებოდი ბრიტანეთში, საერთაშორისო ყოველწლიურ განათლების კონფერენციაზე, სადაც მე და ჩემი გუნდი google-ს და microsoft-ის წარმომადგენლებს შევხვდით სწორედ ამ მიზნით და კონკრეტულ მოლაპარაკებებში ვართ, თუ რა შეუძლიათ მათ, შემოგვთავაზონ თავიანთი პლატფორმებით, რომ ჩვენ ნელ-ნელა დავიწყოთ ამ ყველაფრის დანერგვა, პირველ რიგში, სასკოლო განათლებაში და თუნდაც, სხვა საფეხურებზე. რა თქმა უნდა, ამას კარგი დაკვირვება და შესწავლა სჭირდება. ამას ჩვენი სისტემის მომზადება სჭირდება. მე ვერ ვხედავ, რომ დღეს ხელოვნურმა ინტელექტმა უნდა [ჩაანაცვლოს], ან ჩაანაცვლებს პედაგოგს, თუმცა ის ნამდვილად უნდა გახდეს დამხმარე მეთოდი, რესურსი სწავლების პროცესში. ამის მნიშვნელობას ვიაზრებ, ამიტომ ჩემთვისაც პრიორიტეტულია ეს საკითხი. კონკრეტული მოლაპარაკებები ამ ორ კომპანიასთან დაწყებული გვაქვს“, – განაცხადა ამილახვარმა.

განათლების მინისტრის, გიორგი ამილახვრის განცხადებით, 2026 წლის სექტემბერში, ყველა კლასის მოსწავლეს, ყველა სახელმძღვანელო ექნება ახალი. ამის შესახებ განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა პარლამენტის, პლენარულ სხდომაზე “მინისტრის საათის” ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ამასთან, მინისტრის თქმით, 2026 წლის სექტემბრისთვის ყველა სასკოლო სტანდარტი განახლდება.
“სასკოლო სტანდარტების გადამუშავება უკვე ფინიშისკენ მიდის, წლის ბოლოსთვის დავასრულებთ, რასაც მყისიერად მოჰყვება სახელმძღვანელოების საკითხი. შემიძლია ჩვენ საზოგადოებას დავპირდე, რომ არა უგვიანეს 2026 წლის სექტემბერში, ყველა სასკოლო სტანდარტის განახლებას, შემდგომ ყველა სახელმძღვანელოს ან განახლებას, ან ადაპტირებას, ან საერთოდ ახლიდან დაწერას. მაქსიმუმ 2 წელიწადში, 2026 წლის სექტემბერში სასწავლო წელს ყველა საგნის, ყველა კლასის სახელმძღვანელო იქნება ახალი მერხებზე,” – განაცხადა ამილახვარმა.

განათლების მინისტრის, გიორგი ამილახვრის სიტყვებით, “უახლოეს მომავალში იქნება კონკრეტული ხედვა და გეგმა სასკოლო კვების მასშტაბური პროექტის დაწყებასთან დაკავშირებით”. პარლამენტში “მინისტრს საათის” ფორმატში სიტყვით გამოსვლისას, მინისტრმა დააკონკრეტა, რომ გეგმა ერთ-ორ თვეში გამოცხადდება.
“საზოგადოებას მინდა დავპირდე, უახლოეს პერიოდში, დაახლოებით ალბათ ერთი-ორი თვის ფარგლებში, ჩვენ უკვე შევძლებთ დეტალურად ვთქვათ კონკრეტული მოდელებით, კონკრეტული ვადებით, რომელ სკოლას, რომელ რეგიონში როგორ დავიწყებთ სასკოლო კვების პროგრამას. ეს არის წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემა და ჩვენ მზად ვართ, ამ უდიდეს გამოწვევასაც ვუპასუხოთ”, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.
არსებული ინფორმაციით, მთელ საქართველოში ბუფეტი საჯარო სკოლების მხოლოდ 25%-ს აქვს. დანარჩენ სკოლებში, მათ შორის, მაგალითად, დედაქალაქის ცენტრში, სკოლებში სასადილოები არ არის. მოსწავლემ ან სახლიდან უნდა გაიყოლოს საკვები, ან ახლომახლო იყიდოს, ან კლასელს სთხოვოს, გაუნაწილოს სახლიდან წამოღებული საჭმელი.
2023 წლის ნოემბრის ბოლომდე, სკოლების ბუფეტებში იყიდებოდა ფაქტობრივად ყველაფერი ის, რაც არ უნდა გაყიდულიყო – შოკოლადი, კანფეტი, კრემიანი საკონდიტრო ნაწარმი, არომატიზებული წასახემსებლები, მაგალითად, ჩიფსები, ჟელიბონი, მაიონეზით შეზავებული კერძები.

2023 წლის 27 ნოემბერს, პარლამენტში „მინისტრის საათზე“ მისულმა განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა თქვა, რომ სასკოლო კვების პროგრამის დასანერგად „ნაბიჯების გადადგმა დაწყებულია“. მისი განცხადებით, პრობლემა ფინანსებში კი არა, „საკვების ხელმისაწვდომობაშია“.

მსგავსი პოსტები

Back to top button