G7-ის გადაწყვეტილებით, $50 მლრდ უკრაინას გაყინული რუსული აქტივებიდან სესხის სახით გადაეცემა
უკრაინის პრეზიდენტმა და იაპონიის პრემიერ-მინისტრმა G7-ის სამიტის ფარგლებში, უსაფრთხოების ორმხრივ შეთანხმებას მოაწერეს ხელი

„დიდი შვიდეულის“ ლიდერების გადაწყვეტილებით, უკრაინას სესხის სახით 50 მილიარდი დოლარი გადაეცემა, რომელიც გაყინული რუსული აქტივებიდანაა მიღებული– როგორც ფრანგული მედია წერს, ამის შესახებ ელისეის სასახლეში განაცხადეს.
„ეს არის ძლიერი სიგნალი, რომელსაც ვუგზავნით უკრაინას, რომ მხარს დავუჭერთ თავისუფლებისთვის ბრძოლაში იმდენ ხანს, რამდენი ხანიც საჭირო იქნება. ასევე არის ძლიერი სიგნალი პუტინისთვის, რომ ჩვენზე მეტის გაკეთებას ვერ შეძლებს. ამასთან, ეს არის სიგნალი, რომ ევროპელი გადასახადის გადამხდელები არ იხდიან ზარალისთვის, რომელსაც პუტინი ამ აგრესიული ომით იწვევს, არამედ თავად პუტინი იხდის“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
ასევე დიდი შვიდეულის გადაწყვეტილებით, უკრაინას 50 მილიარდი დოლარი გაყინული რუსული აქტივებიდან სესხის სახით გადაეცემა. ინფორმაცია ამის შესახებ იტალიის პრემიერმინისტრმა ჯორჯია მელონიმ პრესკონფერენციაზე დაადასტურა.
“მე შემიძლია დავადასტურო, რომ ჩვენ მივაღწიეთ პოლიტიკურ შეთანხმებას უკრაინის დამატებითი ფინანსური დახმარების შესახებ, დაახლოებით 50 მილიარდი დოლარის ოდენობით მიმდინარე წლის ბოლომდე, სესხის მეშვეობით, რომელიც შეიძლება დაიფაროს დამატებითი შემოსავლებით ჩვენს იურისდიქციაში გაყინული რუსული აქტივებიდან”, – განაცხადა იტალიის პრემიერმა.
მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ამ შემთხვევაში არ არის საუბარი აქტივების ჩამორთმევაზე, არამედ “მათზე დროთა განმავლობაში დაგროვილ პროცენტზე.”
უკრაინის ამ გზით დახმარების წინადადება აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ წამოაყენა.
წინადადების არსი იმაში მდგომარეობს, რომ უკრაინა თავისი მოკავშირეებისგან ახლავე მიიღებს 50 მილიარდს, ხოლო სესხი დაიფარება პროცენტის საშუალებით გაყინული რუსული ოქროსა და სავალუტო რეზერვიდან, რომელიც დაახლოებით 300 მილიარდ ევროს შეადგენს. ისინი ინახება დასავლურ ფინანსურ ინსტიტუტებში და წელიწადში რამდენიმე მილიარდი შემოსავალი მოაქვს.
სააგენტო „როიტერის“ ცნობით, აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ტექნიკურ დეტალებზე მოლაპარაკებები უახლოესი კვირების განმავლობაში დასრულდება. თანხას უკრაინა 2024 წლის ბოლომდე მიიღებს.
„დიდი შვიდეულის“ ლიდერები ყოველწლიური სამიტის ფარგლებში ამჟამად იტალიაში იმყოფებიან. სამიტის პირველ დღეს ესწრებოდა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც.
ამ საკითხზე შეთანხმების მიღწევა დიპლომატებმა დაადასტურეს მანამ, სანამ ლიდერები სამდღიანი სამიტისთვის იტალიაში ჩავიდოდნენ. “დიდი შვიდეულის” წევრები არიან კანადა, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია, დიდი ბრიტანეთი და აშშ.
უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ და იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ფუიმო კიშიდამ დღეს იტალიაში G7-ის სამიტის ფარგლებში, უსაფრთხოების ორმხრივ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.
ინფორმაციას ამის შესახებ თავად ზელენსკი, სოციალურ ქსელში ადასტურებს. მისი თქმით, 2024 წლის განმავლობაში იაპონია უკრაინას 4.5 მილიარდ დოლარს გადასცემს.
ზელენსკი ამასთანავე წერს, რომ შეთანხმება მოიცავს დახმარებას უსაფრთხოებისა, თავდაცვის და ჰუმანიტარულ სფეროში და ამასთანავე თანამშრომლობას ტექნიკურ და ფინანსურ საკითხებში. შეთანხმების ერთ-ერთი ასპექტია სანქციების რუსეთის წინააღმდეგ.
“შეთანხმება მოიცავს უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში დახმარებას, ამასთანავე, ჰუმანიტარულ დახმარებას, ტექნიკურ და ფინანსურ თანამშრომლობას, ასევე ერთობლივ ძალისხმევას მშვიდობის ფორმულაზე. გარდა ამისა, შეთანხმება გულისხმობს აგრესორის წინააღმდეგ სანქციებს და აგრესორის პასუხისმგებლობის დაკისრების მცდელობებს. ჩვენ ასევე დიდად ვაფასებთ, რომ იაპონია ითანამშრომლებს უკრაინასთან, მის რეკონსტრუქციასა და აღდგენაში.
იაპონიისთვის ამ ტიპის შეთანხმება და მხარდაჭერის ეს დონე გარღვევაა. ჩვენ ამას ვხედავთ და მადლობას ვუხდით იაპონიას ურყევი სოლიდარობისთვის ჩვენი ქვეყნისა და ხალხის მიმართ, ასევე მის მიზანდასახულობისთვის სიცოცხლისა და საერთაშორისო სამართლის დაცვის მიმართ”, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.