27 წლის სპორტსმენის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდეს

27 წლის სპორტსმენ ბექა ონიანზე თავდასხმაში ბრალდებულ ივა ტყეშელაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
როგორც მედიას ბრალდებულის ადვოკატმა გიორგი ანთაძემ განუცხადა, ბრალდებული ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებს, თუმცა, მისი თქმით, შემდეგ სასამართლო სხდომაზე თავის პოზიციას დააფიქსირებს.
„ბრალდებულმა ამ ეტაპზე დუმილის უფლება გამოიყენა, თუმცა შემდეგ სხდომაზე, რა თქმა უნდა, თავის პოზიციას დააფიქსირებს. შემდეგ სასამართლო სხდომაზე დავაფიქსირებთ პოზიციას“,- აცხადებს ადვოკატი.
რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ბრალდებული ივანე ტყეშელაშვილი პოლიციელის შვილია, ადვოკატი პასუხობს, რომ „არც მოქმედი პოლიციელის შვილია და არც ყოფილის“.
ბექა ონიანს, – ფუტსალის მოთამაშეს, – 16 მაისს დაესხნენ თავს თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე ახალი სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე. ის ხელოვნურ კომაშია.
ამ საქმეზე ივა ტყეშელაშვილი პოლიციამ კვირას, 18 მაისს დააკავა და ბრალი წარუდგინა.
19 მაისს კი მოსამართლე თამარ მახარობლიძემ მას პატიმრობა შეუფარდა.
ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს.
ინფორმაცია ბექა ონიანზე თავდასხმის შესახებ თავდაპირველად ტელეკომპანია „ფორმულამ“ გაავრცელა. ოჯახის ცნობით, მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.
მედია ციტირებდა დაზარალებულის, ბექა ონიანის დედას, ნინო შერმადინს, რომელიც ამბობდა, რომ დაპირისპირება სხვა მოთამაშეებს შორის დაიწყო ფუტსალის (დარბაზის ფეხბურთი) თამაშისას. „ჩემი შვილი არის ფუტსალის „დინამოს“ მოთამაშე, გუშინ ჰქონდათ თამაში თსუ-ის გუნდთან“, – ამბობდა ის.
მისივე ცნობით, 16 მაისს, საღამოს, სიტყვიერი ინციდენტი მალე ამოიწურა, თუმცა თამაშის დასრულების შემდეგ ბექა ონიანს პარკინგზე დახვდა მოწინააღმდეგე გუნდის წევრი და სავარაუდოდ, ბლაგვი საგნით თავის არეში სცემა.
„როგორც ვიცი, კამერაში ჩანს, როგორ მიდის ეს პიროვნება, ურტყამს ხელს… ტრავმა ისეთია, რომ ცარიელი მუშტით ასეთ ტრავმას ვერ მიაყენებდა“, – ამბობდა დედა.
დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ცნობისთვის, გამოძიების ინფორმაციით, 16 მაისს, თბილისში, ახალი სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებულმა რამდენიმეჯერ დაარტყა დაზარალებულს, რის შედეგადაც დაზარალებული ძირს დავარდა და თავის არეში სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიიღო.
შეგახსენებთ 31 წლის ონიანის ცემის ფაქტზე შსს-მ 1995 წელს დაბადებული პირი დააკავა. ბრალდებულს პროკურატურა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველ ნაწილს ედავება (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება), რაც 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბექა ონიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურად მძიმეა – ახალგაზრდა მუსიკოსი ექიმებს ხელოვნური კომიდან გამოჰყავთ. ონიანს თავს 17 მაისს დაესხნენ