მნიშვნელოვანისიახლეები

28 მაისს პარლამენტთან რუსული კანონის გასაპროტესტებლად მორიგი აქცია ჩაინიშნა

საკანონმდებლო ორგანოს უკანა შესასვლელთან მოქალაქეები სკანდირებდნენ: “მონებო”, “სირცხვილია”-იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს მხარი არ დაუჭირა

ხვალ, 28 მაისს პარლამენტთან რუსული კანონის გასაპროტესტებლად მორიგი აქცია ჩაინიშნა. ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე “ქართული ოცნება” აპირებს პრეზიდენტის ვეტო დაძლიოს. დღეს ვეტოს მხარი არ დაუჭირა იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა.

მოქალაქეები საკანონმდებლო ორგანოსთან საღამოს ხუთი საათიდან შეიკრიბებიან.

“ხვალ, 28 მაისს, საქართველოს პარლამენტი რუსულ კანონზე საქართველოს პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას შეეცდება.

ყველა ის დეპუტატი, რომელიც საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს მხარს უჭერს, ვეტოს დაძლევის წინააღმდეგ საკუთარ პოზიციასა და ქართველი ხალხის ინტერესს პარლამენტში დაიცავს.

ჩვენ ვიკრიბებით პარლამენტთან, რათა ჩვენი ხმა გარედან გავაგონოთ მათ, ვინც საქართველოს მომავლის დანგრევას ცდილობს. ხმამაღლა ვუთხრათ, რომ ქართველი ხალხი რუსული კანონით არ იცხოვრებს!

კი ევროპას!
არა რუსულ კანონს!”, – წერენ ორგანიზატორები.

გარდა ამისა საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილმა მოქალაქეებმა შეძახილებით გააპროტესტეს ის ფაქტი, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს მხარი არ დაუჭირა.

კერძოდ, საკანონმდებლო ორგანოს უკანა შესასვლელთან მოქალაქეები სკანდირებდნენ: “მონებო”, “სირცხვილია”. ასევე ისმოდა შეძახილები: “არა რუსულ კანონს, კი ევროპას”.

ინფორმაციისთვის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს მხარი არ დაუჭირა.

მოტივირებული შენიშვნები კომიტეტის სხდომაზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ წარადგინა.

რაც შეეხება პლენარულ სხდომას, როგორც ცნობილია, პარლამენტი აღნიშნულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას ხვალინდელ სხდომაზე გეგმავს.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტს უკან იგივე სახით დაუბრუნა და მხოლოდ ერთი პუნქტი დაამატა, რომლის მიხედვით, კანონი ამოქმედებიდან ერთი დღის განმავლობაში მოქმედებს და მეორე დღესვე ძალას კარგავს.

მოტივირებულ შენიშვნებში პრეზიდენტი განმარტავს, რომ პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ზედმიწევნით იმეორებს რუსული კანონის სულისკვეთებას და იგივეა, რაც 2023 წლის 10 მარტს გაწვეული აგენტების შესახებ კანონი იყო.

პრეზიდენტი ამბობს იმასაც, რომ პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტი არაკონსტიტუციურია და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 (თანასწორობის უფლება), 22-ე (გაერთიანების თავისუფლება), მე-15 (პირადი და ოჯახური ცხოვრების, პირადი სივრცისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლებები), 78-ე (ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია) მუხლებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button