მნიშვნელოვანისიახლეები

3-მომხრე 2 – წინააღმდეგი-პარლამენტმა “დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი „ჩააგდო“

3 მომხრე, 2 წინააღმდეგი – უმრავლესობამ “დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით, კენჭისყრაზე ჩააგდო.

მანამდე ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ უმრავლესობა კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარს არ დაუჭერდა.

მისი განცხადებით, კანონპროექტს საბოლოო სახე ევროკომისიასთან დამატებითი კონსულტაციების შემდეგ მიეცემა.

კობახიძე ამბობს, რომ ევროკომისიის წარმომადგენლებთან გასულ კვირას გამართულ შეხვედრებზე “4 საკითხი გამოიკვეთა, რომელზეც ევროკომისიას პროგრესის ხილვა მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლომდე სურს”.

“საქართველოს ხელისუფლება ევროკომისიის მოლოდინს ოთხივე მიმართულებით სრულად უპასუხებს. ამაზე შევჯერდით დღეს უმრავლესობის სხდომაზე. ევროკომისიის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, ევროკომისიის რეკომენდაციის შესაბამისად საქართველოს მთავრობასთან არსებულმა საქართველო-ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიამ უკვე მოიწონა დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის პროექტი, რომელსაც საბოლოო სახე ევროკომისიასთან დამატებითი კონსულტაციების შემდეგ მიეცემა. გარდა ამისა სამოქმედო გეგმის პროექტი მიმდინარე კვირის ბოლომდე ვენეციის კომისიას გაეგზავნება. ესეც იყო ერთ-ერთი რეკომენდაცია ევროკომისიის მხრიდან.

სამოქმედო გეგმის მოწონების პირობებში, პარლამენტის მიერ ორი მოსმენით მიღებულმა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონმა დაკარგა პრაქტიკული აქტუალობა. ასევე, ევროკომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, პარლამენტი ხვალ მესამე მოსმენით განიხილავს და არ მიიღეს ამ კანონპროექტს, რომელიც ე.წ პერსონალიზებულ მიდგომას ეფუძნებოდა.

ამავდროულად, მოვუწოდებ ევროკომისიას, თავადაც უარი თქვას პერსონალიზებულ მიდგომაზე, რომელიც 12 პრიორიტეტში იყო ასახული და რომელიც აქტიურად იქნა გამოყენებული სპეკულირებისთვის, როგორც საქართველოში მოქმედი ოპოზიციის მხრიდან, ასევე მათთან დაკავშირებული ევროპარლამენტარების, თუ სხვა უცხოელი [პოლიტიკოსების] მიერ”, – თქვა კობახიძემ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა კანონპროექტი დღეს პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით წარადგინა, თუმცა განხილვა ფორმალური იყო და კოლეგებს მიმართა, რომ პროექტისთვის კენჭისყრაზე მხარი არ დაეჭირათ.

შალვა პაპუაშვილმა უმრავლესობას კენჭისყრის წინაც მოუწოდა, არ დაეჭირათ მხარი კანონპროექტისთვის.

ცნობისთვის კანონპროექტის ჩაგდებაზე განცხადება გუშინ, 18 სექტემბერს , ირაკლი კობახიძემ გააკეთა. მისი თქმით, მთავრობის სამოქმედო გეგმის მოწონების პირობებში, პარლამენტის მიერ ორი მოსმენით მიღებულმა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონმა პრაქტიკული აქტუალობა დაკარგა.

დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა ღარიბაშვილის მეთაურობით, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის 68-ე სხდომაზე 14 სექტემბერს მიიღეს. დოკუმენტზე ხელისუფლებამ ფარულად, ოპოზიციის ჩართულობის გარეშე იმუშავა, შესაბამისად, ჯერჯერობით უცნობია რა წერია დოკუმენტში, რომელიც პარლამენტს უნდა გადაეგზავნოს.

შეგახსენებთ, 12 ივნისს ვენეციის კომისიამ დეოლიგარქიზაციის შესახებ საბოლოო დასკვნა გამოაქვეყნა და კანონის მიღებას რეკომენდაცია არ გაუწია.

დასკვნაში ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ სისტემური მიდგომის ნაცვლად [რაც ინსტიტუციურ გაძლიერებას გულისხმობს], საქართველოს მთავრობამ აირჩია „პერსონალური მიდგომა“ და მისი „პოტენციური პოლიტიკური ბოროტად გამოყენება“ საფრთხეს უქმნის კანონის უზენაესობასა და პოლიტიკურ პლურალიზმს.

დეოლიგარქიზაცია ევროკომისიის 12 პუნქტის ერთ-ერთი მოთხოვნაა, რომელიც კომისიამ საქართველოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად დაავალა.

ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ დეოლიგარქიზაციის კანონზე, ვენეციისა და ევროკომისიის მოსაზრებებში წინააღმდეგობაა.

14 სექტემბერს EU-ში ინტეგრაციის კომისიის 68-ე სხდომა გაიმართა, რომელზეც ე.წ. დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა მიიღეს.

დოკუმენტი, რომელიც საჯარო არაა, როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში ამბობდნენ, მოიცავს საქართველოს კანონმდებლობაში ე.წ. სისტემური მიდგომით განსახორციელებელი ცვლილებების პაკეტს, სადაც კონკრეტული ვადებია გაწერილი შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მისაღებად.

დოკუმენტი მოიცავს 7 სხვადასხვა მიმართულებას, მათ შორის: ანტიკორუფციულ და ანტიმონოპოლიურ მიმართულებებს, ფულის გათეთრებისა და მედია პლურალიზმის საკითხებს, ასევე – მართლმსაჯულებაში განსახორციელებელ ღონისძიებებს.

12 ივნისს ვენეციის კომისიამ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტეზე კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა – ისინი მმართველ პარტიას მოუწოდებენ, არ მიიღონ კანონპროექტი, რადგან მასში შეტანილი ზომები, მათ შორის პერსონალიზაციის მიმართულებით, ვერ იქნება დანახული როგორც დემოკრატიული ან ეფექტური პასუხი ოლიგარქიზაციაზე. ვენეციის კომისია მიუთითებს, რომ მსგავსი კანონი არის რისკი, ხელისუფლებაში მყოფთათვის პოლიტიკური ოპონენტების შესავიწროებლად სახიფათო ინსტრუმენტად იქცეს. ისინი მთავრობას მოუწოდებენ, ოლიგარქიული გავლენების შესამცირებლად კონკრეტული რეფორმები გაატარონ.

ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძე განაცხადა, რომ თუ ევროკომისია დეოლიგარქიზაციის ჩანაწერს 12 პუნქტიდან ამოიღებს და ვენეციის კომისიის დასკვნას გაიზიარებს, მმართველი პარტია კანონს აღარ მიიღებს.

15 ივნისს, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ თქვა, რომ ვროკომისიის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტის ამოღების შესაძლებლობა არ არსებობს.

ამასთან, ფორმულას კითხვის საპასუხოდ ევროკომისიაში აცხადებენ, რომ ვენეციის კომისიის მიერ დეოლიგარქიზაციის შესახებ გამოქვეყნებულ მოსაზრებებს იზიარებენ და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, პერსონალურის ნაცვლად, სისტემურ მიდგომას მიმართონ.

„ქართულ ოცნებაში“ აღნიშნეს, რომ დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის პროექტი კვირის ბოლომდე გაეგზავნება ვენეციის კომისიას.

მსგავსი პოსტები

Back to top button