მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ევაკუირებულია 469 პირი მათგან 185 ბავშვია-ყარაბაღში სამხედრო ოპერაცია დაიწყო

Reuters-ის სააგენტო რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ მისმა სამშვიდობო ძალებმა 500-მდე სამოქალაქო პირი გაიყვანეს აზერბაიჯანის დე იურე, სომხური ძალების კონტროლის ქვეშ მყოფი ტერიტორიიდან, ხოლო დაჭრილებს სამედიცინო დახმარება აღმოუჩენეს.
ევაკუირებულია 469 პირი, მათგან 185 ბავშვია, იტყობინება სამინისტრო.
ვრცელდება ინფორმაცია ყარაბაღში სამხედრო მოქმედებების შედეგად დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ. კერძოდ, არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ე.წ. ომბუდსმენის ცნობით, აზერბაიჯანის სამხედრო მოქმედებების შედეგად დაღუპულია, სულ მცირე, ორი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვია. ასევე დაშავებულია 11 ადამიანი, მათგან რვა ბავშვია.

ამასთან, სომხური მხარე სტეფანაკერტში სამოქალაქო ობიექტების დაბომბვის შესახებ ავრცელებს ცნობებს. ქალაქ სტეფანაკერტს აზერბაიჯანული მხარე ქალაქ ხანქენდად მოიხსენიებს.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ ყარაბაღში „ანტიტერორისტული ღონისძიებების“ დაწყების შესახებ დღეს განაცხადა. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადების თანახმად, „სომხეთის შეიარაღებული ძალების ფორმირებების მიერ აზერბაიჯანის არმიის პოზიციების სისტემატური დაბომბვა ყარაბაღის რეგიონში, ტერიტორიების განგრძობადი დანაღმვა, სამუშაოების ჩატარება საინჟინრო, საბრძოლო პოზიციების გასაუმჯობესებლად, აგრეთვე სანგრების რაოდენობის გაზრდა ბოლო თვეებში კიდევ უფრო დიდი დაძაბულობის მიზეზი გახდა“.

ამასთან, სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სომხეთის რესპუბლიკას მთიან ყარაბაღში არმია არ ჰყავს განთავსებული. ყარაბაღში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი უშიშოების საბჭოს სხდომას მართავს.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განცხადება გააკეთა ყარაბაღში აზერბაიჯანის მიერ დაწყებულ „ანტიტერორისტულ ღონისძიებებთან“ დაკავშირებით.

“აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს მთიანი ყარაბაღის თითქმის მთელი ტერიტორიის დაბომბვა. გარკვეული პერიოდის შემდეგ კი დაიწყო მთიანი ყარაბაღის საკონტაქტო ხაზის გარღვევისა და პოზიციების, ასევე, ზოგიერთი ცნობით, მთიანი ყარაბაღის დასახლებების კონტროლქვეშ მოქცევის ოპერაცია. აზერბაიჯანმა დაიწყო სახმელეთო ოპერაცია მთიანი ყარაბაღის სომხების ეთნიკური წმენდის მიზნით. სომხეთს არავისთვის მიუცია მთიან ყარაბაღში ეთნიკური წმენდის განხორციელების მანდატი. ზოგიერთი შიდა და გარე ძალა სომხეთის ომში ჩათრევას ცდილობს. კიდევ ერთხელ ვადასტურებ: სომხეთის შეიარაღებული ძალები არ არიან მთიან ყარაბაღში. მათ ეს არ გამოუვათ. რაც არ უნდა რთული იყოს, განსაკუთრებით ემოციურად, ჩვენ არ უნდა მივცეთ ზოგიერთ ძალას, გარეს თუ შიდას, საშუალება, საფრთხე შეუქმნას სომხეთის სახელმწიფოებრიობას“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

ერევნის ცენტრში კი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. რამდენიმე ასეული ადამიანი სომხეთის მთავრობის სახლის წინ შეიკრიბა. ისინი პრემიერ ფაშინიანს ადანაშაულებენ იმაში, რომ მთიან ყარაბაღში არსებული მდგომარეობა მისმა პოლიტიკამ გამოიწვია.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ აზერბაიჯანმა რუსი სამშვიდობოები ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების დაწყებამდე მხოლოდ რამდენიმე წუთით ადრე გააფრთხილა.

ევროკავშირმა 19 სექტემბერს დაგმო სამხედრო ესკალაცია ყარაბაღში და აზერბაიჯანს მოუწოდა, შეწყვიტოს სამხედრო მოქმედებები. ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ხელმძღვანელის, ჟოზეპ ბორელის განცხადებაში.

ბორელი დასძენს, რომ ევროპის კავშირი კვლავ სრულად არის ჩართული აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დიალოგისთვის ხელშეწყობაში.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, ყარაბაღში ლოკალური ხასიათის ანტიტერორისტული ღონისძიებები დაიწყო. „ღონისძიების ფარგლებში ფრონტის ხაზზე და სიღრმეში ზეზუსტი იარაღის გამოყენებით მწყობრიდან გამოდის სომხეთის შეიარაღებული ფორმირებების პოზიციები, მათი საცეცხლე წერტილები, ასევე საბრძოლო მასალები და საბრძოლო დანიშნულების ობიექტები“.
ბაქო აცხადებს, რომ “სამიზნეს არ წარმოადგენს სამოქალაქო მოსახლეობა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურული ობიექტები, მწყობრიდან მხოლოდ ლეგიტიმური სამხედრო სამიზნეები გამოდის”.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მიმდინარე ღონისძიებების შესახებ ინფორმირებულია რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტი და თურქეთ-რუსეთის მონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელობა.

მანამდე ბაქომ გაავრცელა ინფორმაცია აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოთხი თანამშრომლის ნაღმზე აფეთქების შედეგად დაღუპვის შესახებ. აზერბაიჯანის ხელისუფლება ირწმუნება, რომ ნაღმი დადებული იყო “ტერორისტული მიზნებით სომხეთის შეიარაღებული ძალების სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფების მიერ აზერბაიჯანის ყარაბაღის ეკონომიკურ რაიონში”.

მთიანი ყარაბაღის ტერიტორია, საერთაშორისო სამართლის მიხედვით, აზერბაიჯანის ნაწილად ითვლება. რეგიონის მოსახლეობა ძირითადად ეთნიკურად სომხები არიან. 1990-იანი წლების დასაწყისიდან ბაქო არ აკონტროლებდა რეგიონის დიდ ნაწილს. სომხური თემის წარმომადგენლებმა გამოაცხადეს დამოუკიდებელი რესპუბლიკა, რომელიც არცერთმა ქვეყანამ, მათ შორის სომხეთმაც არ აღიარა. 2020 წლის შემოდგომაზე ხანმოკლე ომის შედეგად, აზერბაიჯანმა და სომხეთმა რუსეთის შუამავლობით ხელი მოაწერეს საომარი მოქმედებების შეწყვეტის შეთანხმებას. ბაქომ დაიბრუნა კონტროლი მთიანი ყარაბაღისა და მისი მიმდებარე აზერბაიჯანული ტერიტორიების მნიშვნელოვან ნაწილზე, რომლებიც 1990-იანი წლების დასაწყისში სომხური ჯარების მიერ იყო ოკუპირებული. რეგიონში რუსეთის სამშვიდობო ძალები განლაგდნენ.

აზერბაიჯანმა 19 სექტემბერს წამოიწყო სამხედრო ოპერაცია მთიან ყარაბაღში და განაცხადა, რომ სურს აღადგინოს თავისი სრული სუვერენიტეტი რეგიონში და განდევნოს იქიდან სომხური შეიარაღებული ძალები. სომხეთი უარყოფს, რომ რეგიონში შეიარაღებული ძალების ჰყავს.

მსგავსი პოსტები

Back to top button