300-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად განაცხადების მიღება იწყება

300-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად განაცხადების მიღება დღეიდან, 3 დეკემბრიდან იწყება.
შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, იმ პირებს, რომლებსაც 2020 წლის 28 ნოემბრიდან, დაწესებული შეზღუდვების გამო ბიზნესობიექტების მუშაობის შეჩერება მოუწიათ, იმისათვის რომ მოიპოვონ მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების უფლება, 3 დეკემბრიდან 24 დეკემბრის ჩათვლით უნდა წარმოადგინონ ელექტრონული განაცხადი (ელექტრონული განაცხადის წარდგენის შემდეგ პირს კიდევ 2 დღე ეძლევა ინფორმაციის დასაზუსტებლად, 28 დეკემბრის ჩათვლით), რათა რეგისტრაციის შემდეგ მიიღონ ერთჯერადი 300-ლარიანი კომპენსაცია.
“ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, ამოწმებს აკმაყოფილებს თუ არა პირი საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისიწინებული კომპენსაციის გაცემის პირობას, ადგენს შესაბამის პირთა ნუსხას და 3 სამუშაო დღის ვადაში დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს წარუდგენს შესაბამის ინფორმაციას, ხოლო აღნიშნული უწყების მიერ, ასევე 3 სამუშაო დღის ვადაში განხორციელდება კომპენსაციების ჩარიცხვის პროცესი.
ამასთან კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ კომპენსაციის მიღების უფლებამოსილება არ აქვთ პირებს რომლებზეც ფიქსირდება სახელფასო განაცემი საბიუჯეტო ორგანიზაციიდან, საქართველოს ეროვნული ბანკიდან, ეროვნული მარეგულირებელი ორგანოდან, ასევე საწარმოდან, რომლის აქციების/წილის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკა ან მუნიციპალიტეტი”. – წერია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.
შემოსავლების სამსახური მოუწოდებს მოქალაქეებს, დროულად და ვადების დაცვით მიაწოდონ ზუსტი ინფორმაცია.