მნიშვნელოვანისიახლეები

,, 320-დან 415 ლარამდე პენსიები ყოველწლიურად იზრდება”- მთავრობა 150 000-ზე მეტ პენსიონერს სესხის პროცენტს შეუმცირებს

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 150 000-ზე მეტ პენსიონერს სესხის პროცენტი შეუმცირდება. როგორც ადმინისტრაციაში აცხადებენ, დღეს პრემიერმინისტრი ეროვნული ბანკისა და ლიბერთი ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა.

ამ გადაწყვეტილებით, 150 000-ზე მეტ პენსიონერს, რომლებმაც სესხი აიღეს 2023 წლამდე, სესხის პროცენტი შეუმცირდებათ და გაუტოლდება იმ პროცენტს, რომელიც დაწესებულია 2023 წლიდან.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აღსრულების ნაწილსა და კონკრეტულ დეტალებზე “ლიბერთი ბანკი” ეროვნულ ბანკთან ერთად გააგრძელებს მუშაობას.

“საკითხის განხილვისას მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია დროულად დაიწყოს შემდეგი ეტაპი და პენსიონერებმა განახლებული პირობებით შეძლონ სარგებლობა”, – აღნიშნულია განცხადებაში.
ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ლაშა გზირიშვილი ამბობს, რომ განისაზღვრა კონკრეტული ფორმულა, როგორ უნდა იქნას დაანგარიშებული საპროცენტო განაკვეთი სესხებზე.

“დღევანდელი მდგომარეობით, ეს დაახლოებით გამოდის 25% წლიური. თუმცა, არსებობს ის ხელშეკრულებები, რომელიც 2023 წლამდე არის გაფორმებული, შედარებით უფრო მაღალ პროცენტში, რომ საშუალო საპროცენტო განაკვეთი 30%-ს აჭარბებს და ბანკთან ინტენსიური მუშაობით გადაწყდა, რომ ეს სესხები, რომლებიც შედარებით უფრო ძვრად არის გაცემული, მათზეც შემცირდეს საპროცენტო განაკვეთები.

შესაბამისად, ყოველთვიური გადასახდელი შესაძლოა შეუმცირდეს მომხმარებელს, ან შესაძლოა ყოველთვიური გადასახდელი იგივე დარჩეს, მაგრამ ვადა შემცირდეს. პირველადი გათვლებით, ზოგადად, საუბარია დაახლოებით 5-6 პროცენტული პუნქტის სხვაობაზე, რადგან როგორც აღვნიშნე, დღევანდელი მდგომარეობით, ახალი სესხები უკვე გაიცემა დაახლოებით 25%-ში და ის ე.წ. ძვირი სესხების საშუალო საპროცენტო განაკვეთი 30%-ზე მეტია. ჯამურად, 151 000 სესხს ეხება. შემდგომი წელიწადნახევრის განმავლობაში, პენსიონერები დაზოგავენ 7-დან 8 მილიონ ლარამდე”, – აცხადებს ლაშა გზირიშვილი.

წინასაარჩევნოდ გაგახსენდათო პენსიონერები, ერთ-ერთმა ოპოზიციონერმა გაგვაკრიტიკა. რაღაც ხომ უნდა გაგაჩნდეს, რაც შენ გააკეთე, ის სხვას არ დააბრალო – ამის შესახებ განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, სადაც ინტერპელაციის წესით ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელ ნათია თურნავას მოუსმინეს.

თალაკვაძის თქმით, პენსიონერებს ოპოზიციის დაპირება აღარ სჭირდებათ, რადგან პენსიები ყოველწლიურად იზრდება.

“ქალბატონი დეკანოიძე გამოვიდა ამ ტრიბუნიდან, სიტყვა მოსყიდვა არ უთქვამს თორემ დანარჩენი არაფერი დაუკლია. ამის შემდეგ რა თანამშრომლობაზე და რა ხელის ჩამორთმევაზეა საერთოდ საუბარი? ჩვეულებრივი პოლიტიკური მატყუარები არიან, გუშინ ტაშს გვიკრავდნენ და დღეს მოსყიდვაში გვადანაშაულებენ.

წინასაარჩევნოდ გაგახსენდათო პენსიონერები, ერთ-ერთმა ოპოზიციონერმა გაგვაკრიტიკა. რაღაც ხომ უნდა გაგაჩნდეს, რაც შენ გააკეთე, ის სხვას არ დააბრალო. წინასაარჩევნოდ მართლა თქვენ გაგახსენდათ. იმიტომ რომ ჩვენ არ არჩევნებს არ დავლოდებივართ, შევქმენით საპენსიო ფონდით, გავზარდეთ პენსიებიც და, შეგახსენებთ, რომ როდესაც თქვენგან გადმოვიბარეთ ხელისუფლება 100 ლარი იყო პენსიის ოდენობა. დღეს არის 320-დან 415 ლარამდე. ძვირფასო პენსიონერებო, ძვირფასო თანამოქალაქეებო, თქვენ, დღეს ოპოზიციის დაპირება აღარ გჭირდებათ, რადგან თქვენი პენსიები ყოველწლიურად გაიზრდება. ეს უკვე კანონით არის გარანტირებული. ვინც არ უნდა დაგპირდეთ, რასაც არ უნდა დაგპირდეთ, მაგისთვის ხმის მიცემა თქვენ აღარ გჭირდებათ. ეს გააკეთა “ქართულმა ოცნებამ” – თქვენი პენსიები ყოველწლიურად იზრდება ეკონომიკურ ზრდასთან ერთად.

სახალხო დამცველი მიესალმება პენსიონერებისთვის 2023 წლამდე აღებული სესხების პროცენტის შემცირების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას , რასაც სახალხო დამცველი ეროვნულ ბანკში გაგზავნილ წინადადებით ითხოვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, 2024 წლის 8 იანვარს საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს ეროვნულ ბანკს წინადადებით მიმართა, შეემუშავებინა დადგენილება/მითითება, რომლითაც სს „ლიბერთი ბანკი“ ბენეფიციარი პენსიონერების ფულადი ვალდებულების რეფინანსირებას/რესტრუქტურიზაციას მოახდენს და შესაძლებელი იქნება კორონავირუსის გავრცელების გამო სესხის გადავადებამდე არსებულ პირობებზე და გადახდის ძველ გრაფიკზე დაბრუნება.

„ასევე, სახალხო დამცველმა მოითხოვა – გატარდეს ყველა ღონისძიება, რათა პენსიონერთა ოვერდრაფტის ხელშეკრულებები ავტომატურად გადაანგარიშდეს და 2023 წლიდან მოქმედ ახალ, დაბალპროცენტიან პირობებს მოერგოს.

ეროვნული ბანკის განმარტებით,ფინანსურ ორგანიზაციებს გადახდის ძველ გრაფიკზე დაბრუნების შესაძლებლობისა და სესხით მოსარგებლეების გადახდის გრაფიკის თაობაზე ინფორმირების შესახებ წერილობითი მითითება მიეცათ. რაც შეეხება პროცენტის გადაანგარიშებას, მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, 150 000-ზე მეტ პენსიონერს, რომლებმაც სესხი 2023 წლამდე აიღეს, სესხის პროცენტი შეუმცირდებათ და 2023 წლიდან დაწესებულ პროცენტს გაუტოლდება.

სახალხო დამცველი მიადევნებს თვალს აღნიშნულ პროცესს და იმედოვნებს, რომ უმოკლეს დროში ყველა პენსიონერის სესხის პროცენტი მოვა შესაბამისობაში 2023 წლიდან დადგენილ პროცენტთან“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ჩვენი სურვილი იყო, შეგვემსუბუქებინა ტვირთი პენსიონერებისთვის, ეს მიდგომა გაიზიარა კომერციულმა ბანკმაც, „ლიბერთი ბანკმაც“, ამისთვის კიდევ ერთხელ მინდა, მათ მადლობა გადავუხადო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, მნიშვნელოვანია ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც შეამსუბუქებს პენსიონერების და, ზოგადად, თანამოქალაქეების მდგომარეობას.

„ჩვენ გვქონდა გუშინ შეხვედრა, მინდა, მადლობა გადავუხადო ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს, ასევე „ლიბერთი ბანკის“ ხელმძღვანელობას, ძალიან კონსტრუქციული იყო მათი დამოკიდებულება. მიუხედავად იმისა, რომ ეს არის არსებითად კომერციული პროდუქტი, თავად „ლიბერთი ბანკმა“ გამოავლინა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და სწორედ ამის ხარჯზე ჩვენ მოვახერხეთ შეთანხმების მიღწევა, რომ მნიშვნელოვნად დაიწევს ის პროცენტული განაკვეთი, რომელიც არის დაკავშირებული საპენსიო სესხებთან. დანარჩენ დეტალებს რაც შეეხება, დეტალები დამატებით ზუსტდება და ამასთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას წარმოადგენს თავად ბანკი, მათგან მოისმენთ ინფორმაციას. დღეს არის ინტერპელაციის წესით ნათია თურნავა პარლამენტში, ისიც დეტალურად ისაუბრებს ამ თემაზე. მთლიანობაში, ჩვენი სურვილი იყო, შეგვემსუბუქებინა ტვირთი პენსიონერებისთვის. ეს მიდგომა გაიზიარა კომერციულმა ბანკმაც, „ლიბერთი ბანკმაც“, ამისთვის კიდევ ერთხელ მინდა, მათ მადლობა გადავუხადო. ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი ის ნაბიჯი, რომელიც შეამსუბუქებს ჩვენი პენსიონერების, ჩვენი თანამოქალაქეების მდგომარეობას და სწორედ ამ სულისკვეთებით გადაიდგა ეს ნაბიჯი“, – განაცხადა პრემიერმა.

პენსიონრებისა და პენსიით უზრუნველყოფილი სესხების პრობლემატიკა ჩვენთვის ნამდვილად მნიშვნელოვანია. ზოგადად, როგორც არა მხოლოდ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, არამედ როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე მოგახსენებთ, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია პენსიონრების, საზოგადოების ამ ჯგუფის სოციალური სტატუსი, ცხოვრების პირობები, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ პარლამენტში ინტერპელაციის წესით გამოსვლისას განაცხადა.

„პენსიონრებთან მიმართებით კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა აუცილებელი მექანიზმის და მათი უფლების დაცვის ნაწილში არსებული ყველა გარანტიის ზედმიწევნით აღსრულება და ჩვენ, როგორც ეროვნული ბანკი, ჩვენს ნაწილში მუდმივად ვმუშაობთ“, – განაცხადა თურნავამ.

150 000-ზე მეტი პენსიონერისთვის სესხის პროცენტის შემცირების საკითხზე პარლამენტში მსჯელობა გაიმართა. საუბარია იმ პენსიონერებზე, რომელთაც სესხი 2023 წლამდე აიღეს. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ მმართველმა გუნდმა თემა წინასაარჩევნოდ წამოწია.

მთავრობის განცხადება საპენსიო სესხებთან დაკავშირებით ნიშნავს, რომ შემდგომ ოთხ წელიწადში, ფაქტობრივად, ორჯერ მეტი უნდა გადაიხადონ პენსიონერებმა საპენსიო სესხის კუთხით, ვიდრე მათ აქვთ აღებული, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითიც მთავრობის საპენსიო სესხებთან დაკავშირებით მიღებულ ცვლილებებს გამოეხმაურა.

როგორც ვაშაძე აღნიშნავს, მთავრობის ეს გადაწყვეტილება მისასალმებელი არ არის, ვინაიდან პენსიონერთა რეალურ პრობლემას ვერ აგვარებს.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ხელისუფლების ცვლილება, რათა პენსიონერებისა და მოქალაქეების ძარცვა და გაღარიბება დასრულდეს.

„კატასტროფაა, ხალხო, 26 პროცენტი, როგორ შეიძლება, ყველაზე მაღალ პროცენტს იხდიდნენ პენსიონერები ქვეყანაში. სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ ქვეყანას სჭირდება ცვლილებები, ეკონომიკური განვითარება, ჩავაბაროთ წარსულს ის პერიოდი, როცა პენსიონერს უწევს საჭმელსა და წამალს შორის არჩევანის გაკეთება, ეს არის ის, რაც გვჭირდება. ჩვენ გვჭირდება ამერიკული და ევროპული ინვესტიციები, სამუშაო ადგილების შექმნა, განვითარება და წინსვლა, რომ ყოველწლიურად პენსიონერს გაეზარდოს პენსია და ეს უბედური, კაბალური პირობების საპენსიო სესხები ერთხელ და სამუდამოდ ჩავაბაროთ წარსულს. მძარცველები, რომლებიც პენსიონერების ხარჯზე მდიდრდებიან, უნდა ჩავაბაროთ წარსულს.

რაღაც ორ კაპიკს გადაუგდებენ პენსიონერებს, მაგრამ საბოლოოდ მათთვის არაფერი არ იცვლება. მივმართავ პენსიონერებს, საქართველოს მოქალაქეებს, მოვიდა ცვლილებების დრო, ხელისუფლება, რომელიც გძარცვავთ თქვენ, უნდა ჩავაბაროთ წარსულს და უნდა წავიდეთ წინ, პენსია უნდა იყოს ღირსეული. არ უნდა ძარცვავდეს ის საბანკო სექტორი, რომელმაც სამმილიარდიანი მოგება დაწერა გასულ წელს და თვითონ ბედნიერები არიან. ეს მიღწევად ვერ ჩაითვლება. კიდევ ვიმეორებ, ყველა პენსიონერს ოთხი წლის მანძილზე ორჯერ მეტის გადახდა მოუწევს, ვიდრე მათ აქვთ გამოტანილი სესხის სახით, ეს რა სამართალია, სად ვცხოვრობთ და ახლად განწესებულ პრემიერ-მინისტრ კობახიძეს მივმართავ, თქვენ ფიქრობთ, რომ ეს კარგია და მისასალმებელია? ვერცერთ შემთხვევაში ვერ ჩაითვლება ეს წარმატებად“, – განაცხადა ვაშაძემ.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “ევროოპტიმისტები” წევრი, ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ საკითხის გადაწყვეტა აქამდეც შეიძლებოდა.

“თუ აქამდე შეიძლებოდა ამის გაკეთება, რატომ არ გაკეთდა? იმიტომ რომ ძალიან დიდი ხანია, ეს არის პრობლემა, პრობლემა, რომელიც ყველას აწუხებს. თქვენ აიღეთ და წინა საარჩევნოდ გააკეთეთ ეს ყველაფერი”, – აცხადებს ხატია დეკანოიძე.

წუხელ რომ მოაწყვეთ „საიდუმლო სერობა“, ძალიან სასაცილო იყო. რაღაცას რომ თეთრი ძაფით კერავთ, ცოტა შავი მაინც შეურიეთ, – ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს, ნათია თურნავას, რომელიც პარლამენტში ინტერპელაციის წესით იმყოფება.

დეპუტატი გამოეხმაურა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას, სადაც 150 000-ზე მეტი პენსიონერისთვის სესხის პროცენტის შემცირების შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს.

ამასთან რომან გოცირიძემ „ლიბერთი ბანკზეც“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ეს ბანკი არის ხელისუფლების პროპაგანდისტი პირის მიერ დაფუძნებული, რომელიც ძარცვავს პენსიონერებს“.

„პენსიონერებზე ზრუნვისთვის ნიანგის ცრემლები გადმოღვარეთ. რომ არა ინტერპელაცია, რომ არა ალეკო [ელისაშვილი], რომ არა სხვები, ვინც დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი დაიბარა ეს საკითხი კიდევ ათი წელი იქნებოდა გადაუწყვეტელი. წუხელ რომ მოაწყვეთ „საიდუმლო სერობა“, ძალიან სასაცილო იყო. რაღაცას რომ თეთრი ძაფით კერავთ ცოტა შავი მაინც შეურიეთ. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მოდის აქ, დაიბარეთ მთავრობაში და პრემიერ-მინისტრმა, ეროვნულმა ბანკმა და ვიღაცამ მოაწყვეს იქ ყრილობა, მოსახლეობა გაახარეს, რომ თურმე იმ ადამიანებს, რომლებსაც სესხი 2023 წლამდე ჰქონდათ აღებული [სესხის პროცენტი შეუმცირდებათ]. ესეც ვერ გაითვალისწინეთ, 15 მილიონს რომ აძლევდით, რატომ არ გაითვალისწინეთ ეს 150 000 ადამიანი, რომლებსაც ძველი სესხებით ძარცვავდნენ?! თურმე, რა ჰუმანურები ყოფილხართ, დღეიდან მოყოლებული ამ 150 000 პენსიონერს ისეთივე 26%-იანი პენსია ექნება, როგორც ჰქონდათ დანარჩენ პენსიონერებს და ეს დიდი ზარ-ზეიმით გამოაცხადეთ. ვეთანხმები ქალბატონ ხატიას, დათვალეთ და 15 მილიონიდან, რასაც ბიუჯეტიდან აძლევთ საქართველოს ბანკს დაუბრუნეთ ამ 150 000 პენსიონერს, დაუბრუნეთ ის ზედმეტი ფული, ის განსხვავება, რაც სხვა პენსიონერთან შედარებით მათ გადაიხადეს სესხის მომსახურებაში“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

ცნობისთვის, 150 000-ზე მეტ პენსიონერს სესხის პროცენტი შეუმცირდება. აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე მიიღეს, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს ნათია თურნავას და “ლიბერთი ბანკის” გენერალურ დირექტორს ბექა გოგიჩაიშვილს შეხვდა.

ამ გადაწყვეტილებით, 150 000-ზე მეტ პენსიონერს, რომლებმაც სესხი აიღეს 2023 წლამდე, სესხის პროცენტი შეუმცირდებათ და გაუტოლდება იმ პროცენტს, რომელიც დაწესებულია 2023 წლიდან.

მსგავსი პოსტები

Back to top button