მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ომის 472-ე დღე უკრაინაში – რუსებმა უკრაინის ქალაქებს რაკეტებით და დრონებით დაარტყეს

ომის 472-ე დღე უკრაინაში – ღამით დრონებით თავდასხმა მოხდა ოდესაზე მათ ირანული წარმოების Shahed-131/136 გამოიყენეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა ყველა უპილოტო საფრენი აპარატის განადგურება შეძლეს. საჰაერო იერიშების დროს ერთ-ერთი დრონის ფრაგმენტები მაღალსართულიან შენობას მოხვდა, რამაც ხანძარი გამოიწვია. ხანძარი 50 კვადრატულ მეტრ ფართობზე გავრცელდა და ამ ეტაპზე ლიკვიდირებულია.
დაღუპულია 3 და დაჭრილია 26 ადამიანი.
მოგვიანებით, ოპერატიული სარდლობა “სამხრეთის” წარმომადგენელმა ნატალია გუმენიუკმა დაადასტურა, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ოდესის ოლქში რუსების თავდასხმის დროს Shahed-ის ტიპის 8 დრონი გაანადგურეს. მისი ინფორმაციით, დაიღუპა 3 ადამიანი, 26-მა კი სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო.

გასული დღის განმავლობაში, 16-ჯერ დაიბომბა სუმის ოლქი. რთულია ვითარება კატასტროფის ადგილზეც. კახოვკის ჰესის აფეთქების შედეგებს ომში მყოფი ქვეყანა ამ დრომდე ითვლის. წყლის დონე 5 მეტრის ქვემოთ, მეოთხე დღეა არ ჩამოსულა

წუხელ რუსმა სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს უკრაინის ქალაქ მირგოროდის სამხედრო აეროდრომს პოლტავის ოლქში. ამის შესახებ ადგილობრივი ხელისუფლება იტყობინება. დაზიანდა ტექნიკა, ინფრასტრუქტურა და აეროდრომის მახლობლად მდებარე რამდენიმე კერძო შენობა.

თავდასხმა სავარაუდოდ განხორციელდა „ისკანდერის“ რაკეტებით და ირანული წარმოების დრონებით, „შაჰედებით“. გაჩნდა ხანძარი. არავინ დაღუპულა ან დაშავებულა, განაცხადა პოლტავის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დმიტრო ლუნინმა.

სპეციალისტები ახდენენ დაბომბვის შედეგების ლიკვიდაციას და გადარჩენილი ტექნიკა უსაფრთხო ადგილებზე გადააქვთ.

გარდა ამისა, დრონები თავს დაესხნენ ნიკოლაევის ოლქს.

თავის მხრივ, რუსეთის მიერ დანიშნულმა ხერსონის ოლქის ხელმძღვანელმა, ვოლოდიმირ სალდომ, განაცხადა უკრაინის არმიის თავდასხმების შესახებ იმ შენობებზე, სადაც იმყოფებიან კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის დანგრევის შედეგად დატბორილი ტერიტორიებიდან ევაკუირებულები. სალდოს თქმით, Storm Shadow-ს ტიპის რაკეტებით თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. უკრაინული მედია წერს, რომ თავდასხმა მოხდა სასტუმროზე, რომელშიც შეიძლებოდა ყოფილიყვნენ რუსეთის სამხედროები.

უკრაინის ხელისუფლების ცნობით, ხერსონში დაბომბვის დროს დაშავდა ორი მოხალისე, რომლებიც წყალდიდობის შედეგად დაზარალებულებს ეხმარებოდნენ.

ანექსირებული ყირიმის ხელმძღვანელმა სერგეი აქსიონოვმა განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვამ ნახევარკუნძულის თავზე გაანადგურა ბალისტიკური რაკეტები. დაღუპულების ან დაჭრილების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

მსგავსი პოსტები

Back to top button