4 დღის შემდეგ პრემიერი კობახიძე და მინისტრები დამეწყრილ ბაღდათში ჩავიდნენ

ახლად დანიშნული პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე და მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლები ბაღდათში, სოფელ ნერგეეთში ჩავიდნენ სადაც 7 თებერვალს ჩამოწოლილმა მეწყერმა 9 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. სტიქიიდან მე-4 დღეს ისინი ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნენ და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრეს.
ირაკლი კობახიძესთან ერთად ბაღდათის მუნიციპალიტეტში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
პრემიერმა ჟურნალისტებთან ისაუბრა სტიქიის შესახებ და აღნიშნა, რომ სადაც არის განსახლება საჭირო, ხელისუფლება მიიღებს შესაბამის ზომებს და ასევე იქნება კომპენსაციების შემთხვევაშიც.
„ვიყავით სტიქიის, ტრაგედიის ადგილზე, გავეცანით ვითარებას. როგორც იცით, მიმდინარეობს სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები. ყველა ზომა იქნება მიღებული, სადაც არის განსახლება საჭირო, ასევე კომპენსაციები, ამასთან დაკავშირებითაც იქნება ზომები მიღებული.
სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები დასრულდება დღეს-ხვალ უკვე, საკმაოდ სწრაფი ტემპით მიმდინარეობდა ეს ყველაფერი.
კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ, სოფლის მოსახლეობას მივუსამძიმრეთ, პირადად მივუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახის წევრებს.
ძალიან დიდი ტრაგედია მოხდა. რაც შეეხება პრევენციას, ყველაფერი გაკეთდება სამომავლოდ იმისათვის, რომ მაქსიმალურად ვიზრუნოთ ასეთი შემთხვევების პრევენციაზე. ახლაც იყო ძალიან რთული შემთხვევა, თუმცა, ზოგადად, ყველა ზომა იქნება მიღებული იმისათვის, რომ მოხდეს ნებისმიერი ტიპის ბუნებრივი კატასტროფის პრევენცია, სადაც ეს შესაძლებელია”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ სოფელ ნერგეეთში მეწყერი 7 თებერვალს, დაახლოებით ღამის პირველ საათზე ჩამოწვა. მეწყერმა მოიყოლა 4 სახლი, სადაც ჯამში 10 ადამიანი იმყოფებოდა.
სამძებრო სამუშაოების შედეგად მაშველებმა ერთი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეძლეს, რომელიც ამ დრომდე კლინიკაში რჩება. 9 პირი კი სტიქიურ უბედურებას ემსხვერპლა. მათ შორის, არასრულწლოვნებიც.
ბაღდათის სოფელ ნერგეეთში მეწყერი 7 თებერვალს გვიან ღამით ჩამოწვა და ოთხი სახლი მოიყოლა. სტიქიის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა.