მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით ფრონტის ხაზზე 91 საბრძოლო შეტაკება მოხდა

უკრაინის ჯარმა რუსების მიერ გაშვებული Shahed-ის ტიპის 23 დრონი ჩამოაგდეს

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ფრონტის ხაზზე 91 საბრძოლო შეტაკება მოხდა, რა დროსაც უკრაინულმა ძალებმა სამიზნეში რუსეთის იარაღისა და სამხედრო ტექნიკის შესანახი საცავები და სამეთაურო პუნქტები ამოიღეს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მათ უკრაინელთა თავდასხმები კუპიანსკისა და კრასნი ლიმანის რეგიონში მოიგერიეს. ამ ფონზე კი უკრაინის პრეზიდენტი ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის დელეგაციას შეხვდა და მათ სამხედრო დახმარების გამოყოფისკენ მოუწოდა.
თუმცა ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, რუსული ძალები კუპიანსკი-ლიმანის მიმართულებით შეტევისთვის ემზადებიან.

ყოველდღიურ ანგარიშში ნათქვამია, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ კუპიანსკი-ლიმანის მიმართულებით რუსული ჯარების სამეთაურო პუნქტი მოინახულა. არსებული ინფორმაციით, ვიზიტისას მან რუსეთის სარდლობისგან ფრონტის ხაზზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მიიღო.

“ეს ვიზიტი, შესაძლოა, მიუთითებდეს იმაზე, რომ რუსეთის სამხედრო სარდლობა პრიორიტეტს ანიჭებს შეტევითი ოპერაციების განხორციელებას კუპიანსკი-სვატოვო-კრემენაიას ხაზზე”, – ნათქვამია განცხადებაში.

გამოცემა Forbes-ის მონაცემებით, რუსმა ოკუპანტებმა კუპიანსკის მიმართულებით 500-მდე ტანკი,

600-ზე მეტი საბრძოლო მანქანა

და 40 000-მდე ჯარისკაცი განალაგეს.

გარდა ამისა უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული Shahed-ის ტიპის 23 დრონი ჩამოაგდეს.

10 თებერვლის ღამეს, რუსებმა უკრაინის მიმართულებით Shahed-ის ტიპის 31 დრონი გაუშვეს, რომელთაგან 23 უკრაინის საჰაერო ძალებმა გაანადგურეს.
რუსებმა დრონები რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან და დროებით ოკუპირებული ყირიმიდან გაუშვეს. მათი დარტყმების ძირითადი სამიზნე ოდესისა და ხარკოვის ოლქები იყო.

“საჰაერო თავდასხმის მოგერიებაში მონაწილეობდნენ სარაკეტო ძალების ქვედანაყოფები, საჰაერო და უკრაინის თავდაცვის ძალების მობილური საცეცხლე ჯგუფები, ასევე, რადიოელექტრონული საბრძოლო საშუალებები,” – ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინის გენშტაბის ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსებმა უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციებისა და დასახლებული პუნქტების წინააღმდეგ 73 საჰაერო დარტყმა და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემების გამოყენებით 76 შეტევა განახორციელეს. სულ, ფრონტის ხაზზე 111 სამხედრო შეტაკება მოხდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button