მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსებმა Shahed-ის ტიპის დრონებით ხარკოვს დაარტყეს

10 თებერვალს სულ მცირე რვა ადამიანამდე გაიზარდა უკრაინაზე რუსეთის მორიგი იერიშის მსხვერპლის რიცხვი, დაჭრილია კიდევ რამდენიმე პირი, დაზიანდა უკრაინის საკვების ექსპორტისთვის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა, – იუწყებიან სამხედრო და რეგიონული ოფიციალური პირები.
10 თებერვლის ღამეს რუსებმა Shahed-ის ტიპის დრონებით ხარკოვს დაარტყეს. დარტყმის შედეგად ხანძარი ბენზინგასამართ სადგურსა და 15 საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა.

რუსეთის მხრიდან დრონებით თავდასხმას აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ ხარკოვის საწვავის სადგურზე ემსხვერპლა შვიდი ადამიანი, მათ შორის – სამი ბავშვი, დაიჭრა კიდევ სამი პირი, – წერს რეგიონის გუბერნატორი, ოლეჰ სინეჰუბოვი ტელეგრამით 10 თებერვლის დილას.

სადგურიდან გაჟონილმა ბენზინმა ახლოს მდებარე სახლებში ხანძარი გააჩინა, – ამბობს ხარკოვის მერი, იჰორ ტერეხოვი. “ერთ-ერთ სახლში ნაპოვნია ხუთი ადამიანის, მათ შორის სამი ბავშვის გვამები”, – ამბობს სინეჰუბოვი და დასძენს, რომ ორი ბავშვი შვიდი და ოთხი წლის იყო, მესამე – ექვსი თვის ჩვილი. “კიდევ ორი ადამიანი დაიღუპა სხვა სახლში”, – აცხადებს გუბერნატორი.

ხერსონის რეგიონში რუსეთის ძალებმა დაბომბეს სოფელი ველეტენსკი, რის შედეგადაც დაიღუპა ერთი ქალი, დაიჭრნენ მისი ხანდაზმული მშობლები, – წერს რეგიონის სამხედრო ადმინისტრაცია ტელეგრამით.

სამხრეთში, ოდესის რეგიონში რუსეთის დრონების იერიშის შედეგად ოთხი ადამიანი დაიჭრა, – ამბობს რეგიონის გუბერნატორი, ოლეჰ კიპერი.
იგორ ტერეხოვის ცნობით, რუსების თავდასხმის შედეგად გამოწვეული ხანძრის ფართობი დაახლოებით 3700 კვადრატული მეტრი იყო და 50 ადგილობრივის ევაკუაცია განხორციელდა.

საგანგებო სიტუაციების სამსახურები დაშავებულებს ამ დრომდე ეძებენ. ბოლო ინფორმაციით, 4 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, 9 თებერვლის ღამეს რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 31 დრონი გაუშვა. მათგან 23 ჩამოაგდეს ოდესისა და ხარკივის რეგიონებში.
უკრაინული მედიის ცნობით, ოდესის ოლქს რუსეთი უპილოტო საფრენი აპარატებით დაესხა თავს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაშავდა.

როგორც ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ კიპერი ამბობს, 44 წლის კაცი მიყენებული დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

“ცნობილია ერთი დაშავებულის შესახებ, რომელიც მტრის დრონის თავდასხმის შედეგად დაშავდა. 44 წლის კაცს ჭრილობა მხრის არეში აქვს მიყენებული. ამჟამად მას საავადმყოფოში უტარდება ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება,” – ამბობს კიპერი.

მსგავსი პოსტები

Back to top button