4 გარდაცვლილი და 7 დაშავებული – აფეთქება გლდანში
თბილისის ერთ-ერთი უბანი გლდანი 14 ივლისის საღამოდან მოვლენათა ეპიცენტრშია.
ბოლო ცნობით, იქ აფეთქებას 4 ადამიანი ემსხვერპლა.
დაშავებულთაგან ერთი ცოტა ხნის წინ საავადმყოფოში გარდაიცვალა.
“კიდევ ერთის მდგომარეობა კრიტიკულია” – აცხადებენ ექიმები.
გლდანის მეექვსე მიკრორაიონის მეორე კორპუსში მაშველები კიდევ ერთ ადამიანს ეძებენ.
როგორც ჟურნალისტებს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორმა ზვიად ქაწაშვილმა განუცხადა, აქვთ ინფორმაცია, რომ ერთი პირი ნანგრევების ქვეშაა მოყოლილი.
“შენობაში, რომელშიც სერიოზული ჩამონგრევა მოხდა, გაწმენდითი და სამძებრო სამუშაოები გრძელდება. ნანგრევებიდან უკვე გამოვიტანეთ სამი მიცვალებულის გვამი, თუმცა სამუშაოებს ვაგრძელებთ, რადგან გვაქვს ინფორმაცია, რომ კიდევ უნდა იყოს მოყოლილი ერთი ადამიანი – მეოთხე დაკარგული პიროვნება. ის ჯერ ნაპოვნი არ არის და ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს საათებში მოხდება მისი პოვნა. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ ორი სართულის სინკარები ჩამოყარა. არის ვარაუდი, რომ სწორედ ამ დიდძალი საშენი მასალის ქვეშ უნდა იყოს ის მოყოლილი”, – აღნიშნა ზვიად ქაწაშვილმა.
მისივე განმარტებით, სამძებრო სამუშაოები იქამდე გაგრძელდება, სანამ ამის საჭიროება იქნება და ეს პროცესი ღამის გამო არ შეჩერდება. “ღამე ჩვენს სამუშაოებს არ შეაფერხებს. სახანძრო-სამაშველო სამსახური მაქსიმალურ მზადყოფნაშია. გვაქვს ღამის განათებები, რის ფონზეც ჩვენები შეძლებენ მუშაობის გაგრძელებას, მაგრამ არის სხვა ხელის შემშლელი მიზეზები, დაკავშირებული იგივე შენობის კონსტრუქციასთან, რომელმაც სერიოზული ზიანი განიცადა, თუმცა ამ წუთებში ადგილზე იმყოფებიან კონსტრუქტორები და მიმდინარეობს გამაგრებითი სამუშაოები. საყრდენები კეთდება პირველი სართულიდან მოყოლებული მეოთხე სართულამდე, რომ შესაძლებელი იყოს სამუშაოების გაგრძელება”, – აღნიშნა საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორმა.
აფეთქების მიზეზებს გამოძიება ადგენს.
გლდანელები აცხადებენ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში სახლში, სადაც 90 ოჯახი ცხოვრობს, გაზის სუნი იდგა. წინასწარი ინფორმაციით, ტრაგედია სახლში დაგროვილმა ბუნებრივმა აირმა გამოიწვია.
ინფორმაციას, რომ აღნიშნულ კორპუსში გაზის სუნი ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში იგრძნობოდა, რასთან დაკავშირებითაც ადგილობრივებმა 112-ში არაერთხელ დარეკეს, ქაწაშვილი აღნიშნულს კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ 112-ზე მსგავსი შეტყობინება არ დაფიქსირებულა.
ცხრასართულიანი კორპუსი ნაწილობრივ ჩამონგრეულია. ბინების დიდი ნაწილი კი განადგურებულია.
უსაფრთხოების გამო სამაშველო სამსახურმა კორპუსის ევაკუაცია მოახდინა.
„ყაზტრანსგაზ-თბილისმა” კი განცხადება გაავრცელა.
„დღეს, 14 ივლისს, თბილისში, გლდანის მე-6 მიკრორაიონში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში ძლიერი აფეთქება მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ აფეთქების მიზეზი ჯერ არ დადგენილა, შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ შესაბამისი სამსახურები ადგილზე არიან მობილიზებული. სამაშველო სამუშაოების მიმდინარეობის გამო კომპანიის მუშაკებს ამ ეტაპზე შემთხვევის ადგილის დათვალიერების შესაძლებლობა არ აქვთ. დამატებით ინფორმაციას სამაშველო სამუშაოების დასრულებისთანავე მოგაწვდით“, – ნათქვამია ყაზტრანსგაზის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დაზაინებული კორპუსის მაცხოვრებლები ღამეს გლდანში მდებარე ერთერთ სასტუმროში გააატარებენ. დაზარალებულთათვის სასტუმროში ნომრები უკვე დაჯავშნულია.გლდანის რაიონის გამგეობაში ამბობენ, რომ ჯერჯერობით არ გადაწყვეტილა სად მოხდება ხვალ დაზარალებული 90 ოჯახის გადაყვანა და დაბინავება.
გამოყენებულია ნეტგაზეთის ფოტო.