მნიშვნელოვანისიახლეები

5 000 ადამიანი აპროტესტებს იმას, რაც ბუნებაში არ არსებობს – ევროინტეგრაცია არ შეჩერებულა, ეს არის ტყუილი-პრემიერი

სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, გუშინ პოლიციას არც ერთი რეზინის ტყვია არ გამოუყენებია-კობახიძე

5 000 ადამიანი აპროტესტებს იმას, რაც ბუნებაში არ არსებობს – ევროინტეგრაცია არ შეჩერებულა, ეს არის ტყუილი, რაც ევროკავშირის ელჩმა გაიმეორა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ განსაკუთრებული ძალისხმევით აგრძელებს ყველა ვალდებულების შესრულებას და „ზუსტად ეს არის ევროინტეგრაცია“.
„ევროკავშირის ელჩი მანამდე აცხადებდა, რომ შეჩერებული იყო ევროინტეგრაცია და მერე თქვა, რომ თურმე ჩვენ შევაჩერეთ ევროინტეგრაცია, ეს არის ტყუილი, სიცრუე. ჩვენ არ გვითქვამს, რომ აღარ ვაგრძელებთ ევროინტეგრაციას, ეს ტყუილია და საზოგადოებასაც ატყუებთ. რეალურად, საზოგადოება, აქ შეკრებილი 5 000 ადამიანი აპროტესტებს იმას, რაც ბუნებაში არ არსებობს. ევროინტეგრაცია არ შეჩერებულა, ეს არის ტყუილი, რასაც ამბობთ თქვენ [მედია] და რაც გაიმეორა ევროკავშირის ელჩმა. ეს არის ტყუილი და აპროტესტებინებთ ადამიანებს იმას, რაც ბუნებაში არ არსებობს. ევროინტეგრაცია არ შეჩერებულა, ჩვენ ვაგრძელებთ პირიქით, განსაკუთრებული ძალისხმევით ყველა ვალდებულების შესრულებას და ზუსტად ეს არის ევროინტეგრაცია. 90 %-ზე მეტი ჩვენი ვალდებულებებისა იქნება შესრულებული 2028 წლისთვის. თქვენ ატყუებთ საზოგადოებას, რომ შეჩერდა ევროინტეგრაცია, ისევე როგორც ატყუებს ევროკავშირის ელჩი და, სწორედ ამიტომ კარგავს ევროპული ინსტიტუტები საქართველოში ნდობას. რეკორდულ მინიმუმზე ჩამოვიდა ნდობა ევროპული ინსტიტუტებისადმი, თვითონ ევროკავშირის კვლევის თანახმად. „ევრობარომეტრის“ კვლევა გამოქვეყნდა, 58 %-ზეა ჩამოსული ევროპული ინსტიტუტებისადმი ნდობა, რატომ, იმიტომ რომ ელჩი იტყუება, ევროპარლამენტი სამარცხვინო რეზოლუციებს აქვეყნებს და აღარ მინდა გავაგრძელო. ასოცირების შეთანხმება არის სწორედ ერთადერთი პრაქტიკული ინსტრუმენტი, რომელსაც მიჰყავხარ ევროინტეგრაციისკენ. რაც შეეხება კანდიდატის სტატუსს, თქვენ თვითონვე აღიარეთ თქვენს პარტიებთან ერთად, რომ კანდიდატის სტატუსი ყოფილა ფორმალობა და იგივე ეხება მოლაპარაკებების გახსნასაც. ეს არის ფორმალური მხარე. ერთადერთი პრაქტიკული ინსტრუმენტი, რომელსაც ქვეყანა მიჰყავს ევროკავშირისკენ არის, სწორედ, ასოცირების შეთანხმება“, – განაცხადა პრემიერმა.
გარდა ამისა, კობახიძე ამბობს, რომ ის, რაც გუშინ პარლამენტთან გაიმართა, რეალურად აქცია არაა. მისივე თქმით, „დღევანდელი საქართველო არავითარი გაგებით არ არის 2013 წლის უკრაინა, შესაბამისად „მაიდნის“ სცენარი არ განხორციელდება“.
„რეალურად, გუშინ აქციაც კი არ გამართულა. ეს არ იყო აქცია კლასიკური გაგებით. პირდაპირ მივიდნენ და როგორც კი შეგროვდნენ ძალადობრივი დაჯგუფებები, მაშინვე დაიწყეს ძალადობა პოლიციის წინააღმდეგ. რაც შეეხება რადიკალური ოპოზიციის ლიდერებს, ისინი იყვნენ ადგილზე, თუმცა კამერებს არსებითად მოფარებულები იყვნენ, რათა გულწრფელი მომიტინგეები არ დაშლილიყვნენ, ეს იყო სტრატეგიული გათვლა, თუმცა ყველა ძალადობრივი დაჯგუფების უკან, რომელიც გუშინ და გუშინწინ მოქმედებდა, ეს რადიკალური ოპოზიციური ძალები დგანან. „მაკკეინის ინსტიტუტის“ ანგარიშში პირდაპირ არის გაშიფრული ეს სცენარი, როგორ უნდა დაეორგანიზებინა რადიკალურ ოპოზიციას ძალადობრივი დაჯგუფებები, რათა თავს დასხმოდნენ დემოკრატიულ ინსტიტუტებს ჩვენს ქვეყანაში. ყველაფერი ამ სცენარის მიხედვით წარიმართება, თუმცა ეს სცენარი ამ წლის პირველ ნახევარში, შარშან, მანამდე 2020 წლის ბოლოს, 2021 და 2022 წელს ჩავარდა. ჩვენ მარტო ამ ბოლო 4 წლის განმავლობაში გამოვიარეთ გარედან დაგეგმილი და დაფინანსებული რევოლუციის ორი მცდელობა, თუმცა ორივე ჩავარდა. დღეს ოპოზიციის რესურსები კიდევ უფრო მეტად მწირია, აქედან გამომდინარე, რევოლუციის ვერც მესამე მცდელობა შედგება. საქართველოში ვერ შედგება „ნაცმაიდანი“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, გუშინ პოლიციას არც ერთი რეზინის ტყვია არ გამოუყენებია – ძალადობრივი დაჯგუფებების მხრიდან ადგილი აქვს სისტემურ ძალადობას. რომ არ ყოფილიყო ეს სისტემური ძალადობა, არ იქნებოდა არაფერი,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
სპეცრაზმელების მიერ წაქცეული ადამიანის ცემის კონკრეტულ ფაქტს კობახიძე უფლებამოსილების გადაჭარბებად აფასებს და აცხადებს, რომ სამწუხარო ინციდენტები არის, თუმცა ამბობს, რომ ამას სისტემური სახე არ აქვს.
„მაგალითად, ყველაზე მძიმე შემთხვევა იყო ის, როდესაც წაქცეულ ადამიანს ურტყამს სპეცრაზმის წარმომადგენელი. არ შეიძლება ასეთმა ფაქტმა არ აღგაშფოთოს. როგორი რთულიც არ უნდა იყოს პოლიციელისთვის მოთმენა, უნდა მოითმინოს. ეს არის სახელმწიფოს წარმომადგენლის, შსს-ს წარმომადგენლის ვალდებულება. ამ შემთხვევაში ამ პასუხისმგებლობით არ იმოქმედა კონკრეტულმა პოლიციელმა და მან საკუთარ უფლებამოსილებას გადააჭარბა.
ამას სისტემური სახე არ აქვს [პოლიციის მხრიდან ძალადობას]. არის სამწუხარო ინციდენტები, მაგრამ ხედავთ, რომ მომიტინგეების მხრიდან, ძალადობრივი დაჯგუფებების მხრიდან, დაახლოებით 500-კაციანი დაჯგუფებაა, ადგილი აქვს სისტემურ ძალადობას. ხომ ხედავთ, რაც გუშინ და გუშინ წინ ვიხილეთ, არ იყო მშვიდობიანი აქცია. იყო მოლოტოვის კოქტეილები, პიროტექნიკის გამოყენება პოლიციელების წინააღმდეგ, რის შემდეგაც სერიოზული დამწვრობა მიიღეს პოლიციის წარმომადგენლებმა, იყო ქვების სროლა, მძიმე ნივთების სროლა, იყო პარლამენტის შენობაზე თავდასხმა. პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობა, პარლამენტის ჭიშკარს უტევდნენ, ეს იყო სისტემური ძალადობა, რომელიც ძალადობრივმა დაჯგუფებებმა დაიწყეს. რომ არ ყოფილიყო ეს სისტემური ძალადობა, არ იქნებოდა არაფერი. შეეძლოთ, მისულიყვნენ პარლამენტის წინ, გაემართათ ჩვეულებრივ აქცია, დაეყენებინათ ტრიბუნა, მიკროფონი, გამოეხატათ საკუთარი აზრი, ხომ იცით, რომ ამ შემთხვევაში არაფერი მოხდებოდა. მაგრამ იყო სისტემური ძალადობა, რომელსაც არავინ, მათ შორის უცხოელები არ გმობენ. აქედან ხომ იკითხება, ვის რა განზრახვა აქვს ჩვენი ქვეყნის მიმართ. ამ ქვეყანას სჭირდება სიმშვიდე, თუმცა არიან ძალადობრივი დაჯგუფებები, რომლებიც ამას უპირისპირდებიან, მაგრამ რა თქმა უნდა, ისინი ჩვენი სახელმწიფოს ძლიერებას ვერ შეარყევენ“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, აქციებზე ძალადობა არ მოხდებოდა, „რომ არა გარე ჩარევა ქვეყნის შიდა საქმეებში“.

„რაც ხდება ორივე მხრიდან, ეს არ არის ქართული, ეს არ არის ქართული კულტურისთვის შესაფერისი. დაპირისპირება, რაც საქართველოშია და ხელოვნურად ღვივდებოდა 3 წლის განმავლობაში, გარედან თავსმოხვეული, უცხოეთიდან დაფინანსებულია“,- განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button