ევროპარლამენტი საქართველოში 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს უარყოფს და ერთი წლის განმავლობაში მის ხელახლა ჩატარებას ითხოვს
საქართველო თავისი ევროპული ღირებულებების ერთგული უნდა დარჩეს -(PACE)
საქართველოში განვითარებული მოვლენების ფონზე ევროპარლამენტი ოფიციალურ ფეუისბუკგვერდზე მორიგ ჯერზე აზიარებს ამონარიდს რეზოლუციიდან, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებით 28 ნოემბერს მიიღეს.
ევროპარლამენტი საქართველოში 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს უარყოფს და ერთი წლის განმავლობაში მის ხელახლა ჩატარებას ითხოვს.
“ევროპარლამენტი საქართველოში ახალ არჩევნებს ითხოვს. მნიშვნელოვანი დარღვევების გამო, ევროპარლამენტარები უარყოფენ საქართველოში ბოლო საპარლამენტო არჩევნების შედეგს და მოითხოვენ მის ხელახლა ჩატარებას ერთი წლის განმავლობაში.
ევროპარლამენტარები გმობენ მრავალრიცხოვან და სერიოზულ საარჩევნო დარღვევას, მათ შორის დოკუმენტირებულ შემთხვევებში ამომრჩევლების დაშინებას, ხმის მიცემის მანიპულაციას, საარჩევნო დამკვირვებლებისა და მედიის საქმიანობაში ჩარევას და ელექტრონული საარჩევნო მანქანების გამოყენებით ხმის მანიპულაციას,”
საქართველო თავისი ევროპული ღირებულებების ერთგული უნდა დარჩეს, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მუდმივი კომიტეტის განცხადებაშია ნათქვამი.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) კომიტეტმა 29 ნოემბერს ლუქსემბურგში გამართული შეხვედრის შემდეგ გამოაქვეყნა საგანგებო განცხადება, რომელშიც შეშფოთებაა გამოთქმული საქართველოში შექმნილ ვითარებაზე – მთავრობის მხრიდან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებაზე უარის გამო, მისი საარჩევნო დაპირებების საწინააღმდეგოდ. “ამ გადაწყვეტილებას შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდეს იმ რეფორმების გატარებაზე, რომლებიც არსობრივია საქართველოში კანონის უზენაესობის გაძლიერებისთვის და დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირებისთვის”, – ვკითხულობთ განცხადებაში.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ასამბლეა მკაცრად გმობს სასტიკ ზეწოლას თბილისში მშვიდობიან დემონსტრაციებზე, როგორც გამოხატვისა და შეკრების ფუნდამენტური თავისუფლებების ხელყოფას. ტექსტში აღნიშნულია, რომ დემონსტრაციები იმართება ხელისუფლების ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ.
შემდეგ განცხადებაში ვკითხულობთ:
“ასამბლეა ასევე შეშფოთებით აღნიშნავს, რომ დემონსტრანტთა უმრავლესობა დაკავებულ იქნა და ბრალი წარედგინა კამათის საგნად ქცეული, საბჭოთა პერიოდის ადმინისტრაციულ დანაშაულთა კოდექსით და იხსენებს, რომ მან ბევრჯერ ითხოვა ამ კანონის შეცვლა ახალი, ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მყოფი კანონით.
ეს შემაწუხებელი მოვლენები კიდევ უფრო შემაშფოთებელია 26 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების ფონზე – გარემო, რომელშიც არჩევნები ჩატარდა, არ ქმნიდა საჭირო პირობებს საიმისოდ, რომ ამომრჩეველს „გაეკეთებინა ინფორმირებული, დათრგუნვისა და არამართებული ზეწოლისგან თავისუფალი არჩევანი“, როგორც ნათქვამია გუშინ გავრცელებულ, არჩევნებზე დამკვირვებელთა ანგარიშში.
ასამბლეა საქართველოს მოუწოდებს, დარჩეს ევროპული ღირებულებების ერთგული და სრულად დაიცვას ნაკისრი ვალდებულებები და პირობები, როგორც ევროსაბჭოს წევრმა სახელმწიფომ”.
განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ ასამბლეა მზადაა გააგრძელოს თანამშრომლობა საქართველოს ხელისუფლებასთან, დემოკრატიულ ძალებსა და სამოქალაქო საზოგადოებასთან, განსაკუთრებით ახალგაზრდობასთან.
საქართველოს არჩევნების შესახებ ანგარიშს ასამბლეა 2025 წლის იანვრის სხდომაზე განიხილავს.