რეგიონი

50 ათასი ლარი, თელავში საახალწლო განათებებისა და ღონისძიების მოსაწყობად

ფასების ყოველდღიური მატებისა და სოციალური ფონის დამძიმების ფონზე, 50 ათასი ლარის დახარჯვას, არამიზნობრივ ხარჯვად აფასებენ ოპოზიციაში

თელავში საახალწლო განათებებისა და ღონისძიების მოსაწყობად, 50 ათასი ლარი დაიხარჯება

თელავის მუნიციპალიტეტის მერიას შესაბამისი მოწყობილობებისა და ნაძვის ხეების მონტაჟი, უკვე დაწყებული აქვს.

მერიის გადაწყვეტილებით, თელავის თეატრის წინ დამონტაჟებული მთავარი ნაძვის ხის გარდა, კიდევ ერთი, ალაზანი- კავკასიონის დასახლებაში განთავსდება.

თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში, რადიო ჰერეთს განუცხადეს, რომ საახალწლო სამზადისი 24 დეკემბრისათვის დასრულდება, ხოლო 31 დეკემბერს, თელავის ცენტრალურ მოედანზე, გალა- კონცერტი ჩატარდება, რომელსაც ფოიერვერკი დაასრულებს.

მერიის გადაწყვეტილებას, საახალწლო ღონისძიებების ჩატარების თაობაზე, თელავის მოსახლეობა არაერთგვაროვნად აფასებს.

ადგილობრივების ნაწილი თვლის, რომ სოციალურ- ეკონომიკური სიმძიმისა და პანდემიის ფონზე, თანხა სხვა მიმართულებით უნდა იხარჯებოდეს.
ზოგიერთ მოქალაქეს კი, საახალწლო განწყობის შექმნა, მაინც მნიშვნელოვან ნაბიჯად მიაჩნია.

ფასების ყოველდღიური მატებისა და სოციალური ფონის დამძიმების ფონზე, 50 ათასი ლარის დახარჯვას, არამიზნობრივ ხარჯვად აფასებენ ოპოზიციაში.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, გიგი გიგიტელაშვილი თვლის, რომ უკეთესად იქნებოდა თანხა გაჭირვებულ მოსახლეობას მოხმარდეს.

” საახალწლო განწყობის შექმნა მნიშვნელოვანია, მაგრამ როცა ფასები ყოველდღიურად იზრდება, სოციალური ფონი მძიმდება, საბიუჯეტო თანხები გაჭირვებულ ადამიანებს უნდა მოხმარდეს. არიან ოჯახები, რომლებიც საახალწლოდ მინიმალური რაოდენობის პროდუქტის შეძენას ვერ მოახერხებენ. გარდა ამისა, რასაც აკეთებენ, თან აგვიანებენ. დღეს 21 დეკემბერია და ჯერ მონტაჟი დასრულებული არ აქვთ. მთლიანობაში მიმაჩნია, რომ ეს არის საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვა და განწყობის შექმნა, მცირე თანხებითაც შეიძლება”- განაცხადა გიგიტელაშვილმა.

საახალწლო ღონისძიებები, თელავის გარდა, სოფლებშიც იგეგმება.

მსგავსი პოსტები

Back to top button