6-წლიანი პროცესის დასკვნითი ფაზა ვიზალიბერალიზაციაზე
საქართველოს პრემიერმინისტრმა მთავრობის დღევანდელი სხდომა ვიზალიბერალიზაციის თემაზე საუბრით დაიწყო.
გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს მოქალაქეებისათვის, უვიზო რეჟიმის დაწესებასთან დაკავშირებით, ევროკომისიის საკანონმდებლო ინიციატივაზე გაამახვილა ყურადღება. პრემიერი ამ ფაქტს ქვეყნისთვის მნიშვნელოვან და წინ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს.
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ევროკომისიის ინიციატივას მნიშვნელოვნად აფასებს და იმედს გამოთქვამს, რომ ეს გადაწყვეტილება ბოლომდე იქნება მიყვანილი უახლოეს პერიოდში
ევროკომისიამ დაიწყო იმ პროცედურის შესრულება, რომელიც ჯერ კიდევ დეკემბერში დაანონსდა.
6-წლიანი პროცესის დასკვნითი ფაზა- თითქმის სამთვიანი ლოდინის შემდეგ, კომისია საქართველოსთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების მიზნით, საკანონმდებლო ცვლილებებს აქვეყნებს. პროცედურა ასეთია: ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებული ცვლილებები, კენჭისყრის მიზნით, ჯერ ევროპარლამენტში უნდა გადაიგზავნოს, შემდგომი ნაბიჯი კი უკვე ევროპული საბჭოა.
სწორედ საბჭომ უნდა მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილება – უჭერენ თუ არა ევროკავშირის წევრი ქვეყნები საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის ამოქმედებას.
წინასწარი პროგნოზები ოპტიმისტურია. მით უმეტეს, დეკემბერში ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული პოზიტიური ანგარიშის და იმ განცხადებების ფონზე, რომელთა მიხედვით, საქართველოსთვის უვიზო რეჟიმი ამოქმედდება არაუგვიანეს ზაფხულისა.