7 წელი რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან
2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 7 წელი გავიდა. რუსული ინტერვენციის შედეგად დაიღუპა საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე და 14 პოლიციელი, ხოლო დაიჭრა 1 747.
საკუთარი სახლები იძულებით დატოვა თითქმის 150 000-მა ადამიანმა, მათგან დღემდე დევნილობაში რჩება 30 000-მდე.
ომში თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით დაღუპულად მიიჩნევა 169 სამხედრო მოსამსახურე.
საქართველოს შეიარაღებული ძალები სეპარატისტული ცხინვალის ფორმირებებთან და რუსულ არმიასთან კონფლიქტში ჩაება. საქართველოს ტერიტორიაზე როკის გვირაბის გავლით და ფსოუს საზღვრიდან 15 ათასამდე რუსი სამხედრო შემოვიდა.
ქართულმა შენაერთებმა ცხინვალი დაიკავეს, თუმცა, რუსული ავიაციის იერიშების შემდეგ უკან დაიხიეს. რუსულმა ავიაციამ საჰაერო იერიშები მიიტანა საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში განთავსებულ სამხედრო ბაზებსა და აეროდრომებზე.
რუსეთის 58-ე არმიამ, ცხინვალისა და სოხუმის რეჟიმების მიერ კონტროლირებად ტრიტორიებთან ერთად, ახალგორის რაიონი, ზემო აფხაზეთი, ზუგდიდი, გორის რაიონის რამდენიმე სოფელი, საჩხერის რაიონის სოფელი პერევი დაიკავა.
აქტიური საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა საფრანგეთის პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის ჩარევის შედეგად მოხერხდა. სარკოზიმ 12 აგვისტოს 6-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა მოსკოვსა და თბილისში შეათანხმა. 8 სექტემბერს კი, მედვედევთან და სააკაშვილთან სამშვიდობო გეგმის ახალი დეტალები დააზუსტა.
რუსეთის პრეზიდენტმა, დიმიტრი მედვედევმა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების ბრძანება 26 აგვისტოს გამოსცა.
2008 წლის 23 ოქტომბერს საქართველომ მიიღო კანონი “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ”, რომლითაც განსაზღვრა რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების სტატუსი და იქ განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი დაადგინა.