86 წლის შემდეგ პირველად, – მუსლიმთა ლოცვა აია სოფიაში

86 წლის შემდეგ პირველად, აია-სოფიაში მუსლიმთა პარასკევის ლოცვა სრულდება. ტაძრის გარშემო ათასობით მუსლიმია შეკრებილი. თურქული მედიის ინფორმაციით, აია-სოფიაში მუსლიმთა ლოცვას ქვეყნის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანიც ესწრება. ტვიტერში, მის გვერდზე, აია-სოფიაში მიმდინარე ცერემონიის ტრანსლაციაა გაზიარებული.
İlk cuma namazı @AyasofyaCamii https://t.co/Aqr9ZQGn7V
— Recep Tayyip Erdoğan (@RTErdogan) July 24, 2020
გადატვირთულობის თავიდან ასარიდებლად, მლოცველებს ხუთი სხვადასხვა ღია სივრცე დაეთმოთ. უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ლოცვის დროს სტამბოლში რამდენიმე ქუჩა და მეტროს სადგური დაიკეტება.
როგორც თურქულ მედიაში გავრცელებული ფოტოებიდან ჩანს, აია-სოფიაში არსებული ფრესკები ფარდებითაა დაფარული.
აია-სოფია ბიზანტიური “ოქროს საუკუნის” სიმბოლოს წარმოადგენს. ტაძარი 324-337 წლებში შენდებოდა. კონსტანტინოპოლის დაცემამდე, ეს იყო უმთავრესი მართლმადიდებლური ტაძარი. 1 453 წლის 29-30 მაისს, ოსმალეთის სულთან მეჰმედ II-ის ბრძანებით, იგი მუსლიმურ სალოცავად გადაკეთდა. ამის შემდეგ აია-სოფიას ოთხი მინარეთი მიაშენეს.
1934 წელს, თურქეთის პირველი პრეზიდენტის, მუსტაფა ქემალ ათათურქის გადაწყვეტილებით, აია-სოფია მუზეუმად გადაკეთდა. მისი თქმით, აია-სოფია მთელი ცივილიზაციის მონუმენტი უნდა ყოფილიყო. ტაძარი დღემდე მუზეუმის ფუნქციას ასრულებს. 1985 წელს იუნესკომ, სხვა, ამ რაიონში განლაგებულ ისტორიული ღირებულების მქონე კომპლექსებთან ერთად, “მსოფლიო მემკვიდრეობის” ნუსხაში შეიტანა. 2006 წელს აია-სოფიას მეჩეთში მუსლიმური რელიგიური რიტუალების აღსრულება განახლდა.