მნიშვნელოვანისიახლეები

9-საათიანი განხილვის შემდეგ იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენით ერთხმად დაუჭირა მხარი პლენარულ სხდომაზე „აგენტების კანონის“

თითქმის 9-საათიანი მუხლობრივი განხილვის შემდეგ, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა. ჯერჯერობით უცნობია, კანონპროექტს მეორე მოსმენით, მუხლობრივად, პლენარულ სხდომაზე, როდის განიხილავენ. პარლამენტის პლენარული სესია 30 აპრილს, 12:00 საათზე დაინიშნა, 15 წუთით ადრე კი ბიუროს სხდომა გაიმართება. სწორედ, იქ მიიღებენ გადაწყვეტილებას საკითხი შეიტანონ თუ არა დღის წესრიგში.
იმისთვის, რომ პარლამენტმა კანონპროექტი საბოლოოდ მიიღოს, კომიტეტსა და პლენარულ სხდომაზე ის სამ-სამი მოსმენით უნდა განიხილონ და კენჭი უყარონ.

პარლამენტმა კანონპროექტის საბოლოო, მესამე მოსმენით მიღების სავარაუდო თარიღად 17 მაისი განსაზღვრა. კომიტეტის სხდომა 09:00 საათზე დაიწყო და მთელი ამ ხნის განმავლობაში ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.

კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატებს რამდენჯერმე გაუთიშა მიკროფონი, მისცა მათ გაფრთხილება და შემდეგ გააძევა სხდომათა დარბაზიდან.

ჯამში ანრი ოხანაშვილმა დარბაზიდან 14 ოპოზიციონერი დეპუტატი გააძევა: გიორგი ვაშაძე, ლევან ბეჟაშვილი, სალომე სამადაშვილი, თამარ კორძაია, თაკო ჩარკვიანი, ქეთევან თურაზაშვილი, ანა წითლიძე, ლევან ხაბეიშვილი, დავით ხაჯიშვილი, გიორგი გოდაბრელიძე, ხატია დეკანოიძე, ნიკა მაჭუტაძე, თინა ბოკუჩავა და თეონა აქუბარდია. მან სხდომა დაატოვებინა ასევე, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს. დეპუტატებმა, იაგო ხვიჩიამ, ანა ნაცვლიშვილმა და პაატა მანჯგალაძემ სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.
კომიტეტის მხრიდან თეონა აქუბარდიას მიერ კანონპროექტის ცალკეული ნორმების თაობაზე შეთავაზებული ალტერნატიული წინადადება უარყოფილი იქნა.

დღევანდელი განხილვისას როგორც საკითხზე მომხსენებლებმა აღნიშნეს, კანონპროექტის მეორე მუხლში გარკვეული ცვლილებები შევიდა. კერძოდ, მეორე მუხლის პირველი პუნქტის ბ გ და დ ქვეპუნქტში სიტყვა “არაკომერციული” ჩაემატა.

“ბ გ და დ პუნქტში გვაქვს ასეთი რედაქცია – მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ისეთი მაუწყებელი, რომლის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი არაკომერციული (ეს სიტყვა ჩაემატა) შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა. ამ სიტყვამ ამოშალა ის ნაწილი, რომელშიც არ შედის სამეწარმეო საზოგადოების ან ინდივიდუალური მეწარმის მიერ, მაუწყებლობის შესახებ კანონის შესაბამისად, აღნიშნულ მაუწყებელში განთავსებული სპონსორობიდან, ტელეშოპინგიდან ან კომერციული რეკლამიდან მიღებული შემოსავალი. ანუ, სიტყვა “არაკომერციულმა” ტექნიკურად შეცვალა ეს ჩანაწერი და ბ გ და დ პუნქტში არის მხოლოდ ეს ცვლილება. სიტყვა “არაკომერციულმა”, ის ყველაფერი, რაც იყო ჩამონათვალი, ლაკონიურად ერთ სიტყვაში ჩაატია,”-განაცხადა მომხსენებელმა, გივი მიქანაძემ.

ფრაქცია “ქართული ოცნების“ მიერ უკვე მეორედ ინიცირებული კანონპროექტი “გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით“, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის გარკვეული მოცულობა – 20%-ზე მეტი – უცხოეთიდან არის მიღებული.

კანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად” მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს. რეგისტრაციის დროს კი აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა.

ამავე დროს, ცვლილებებით, ორგანიზაციებს საფინანსო დეკლარაციის ყოველწლიურად შევსების ვალდებულება ექნებათ. კანონპროექტი “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის” გამოსავლენად იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილებას ანიჭებს, ნებისმიერ დროს კვლევა ჩაატაროს და საკითხის შესწავლა-მონიტორინგი განახორციელოს.

ამასთან, პროექტით, მონიტორინგის დაწყების საფუძველი იქნება იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილება და იუსტიციის სამინისტროსთვის წარდგენილი წერილობითი განცხადება, რომელიც “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ კონკრეტულ ორგანიზაციასთან დაკავშირებულ სათანადო მინიშნებას შეიცავს”. მონიტორინგის განხორციელების მიზნით კი იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილ პირს უფლება ექნება, კანონის შესაბამისად, საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემი მოიძიოს. ერთსა და იმავე სუბიექტის მიმართ მონიტორინგის განხორციელება მხოლოდ ექვს თვეში ერთხელ იქნება დასაშვები.
პროექტით, მონიტორინგის დაწყების საფუძველი იქნება იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილება და იუსტიციის სამინისტროსთვის წარდგენილი წერილობითი განცხადება, რომელიც “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ კონკრეტულ ორგანიზაციასთან დაკავშირებულ სათანადო მინიშნებას შეიცავს“.

პროექტის გათვალისწინებით, თუ მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ სუბიექტი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, მაგრამ მან უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციას თავი აარიდა, სააგენტო, იუსტიციის სამინისტროს “შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიმართვის საფუძველზე”, მას უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად დაარეგისტრირებს, რაც აღნიშნულ სუბიექტს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისგან არ გაათავისუფლებს.

უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დეკლარაციის არ შევსება გამოიწვევს ორგანიზაციის დაჯარიმებას 25 ათასი ლარის ოდენობით.

პროექტით ასევე გათვალისწინებულია შემდეგი სახის ჯარიმები: – იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე დაშვებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, თუ ორგანიზაცია არ შეავსებს განაცხადის ფორმას – 10 ათასი ლარი; დოკუმენტებში ხარვეზების განსაზღვრულ ვადაში არ გამოსწორების შემთხვევაში – 10 ათასი ლარი; კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ერთი თვის შემდეგ ჩადენა – 20 ათასი ლარი.

დაპირების მიუხედავად ერთი წლის თავზე ქართული ოცნება ე.წ. უცხო აგენტების შესახებ რუსულ კანონს განსახილველად აბრუნებს და მის მიღებას მეორედ ეცდება. 3 აპრილს ინიციირებული კანონპროექტი იდენტურია შარშანდელი კანონპროექტისა, რომლის განხილვებსაც მასობრივი პროტესტი მოჰყვა. ფორმალური განსხვავებაა მხოლოდ ტერმინში – ახალ ვერსიაში “უცხოური გავლენის აგენტი” შეცვლილია “უცხოური ძალის ინტერესების გამტარბელით”.

მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ ამ კანონპროექტს არაფერი აქვს საერთო რუსეთთან, მან დასავლელი პოლიტიკოსების კრიტიკა უკვე დაიმსახურა.

25 აპრილს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გაყინვას, ივანიშვილის სანქცირებასა და უვიზო მიმოსვლის გადახედვას ეხება.

26 აპრილს, აშშ-ის სენატის ორპარტიულმა ჯგუფმა კობახიძეს წერილი გაუგზავნა, სადაც პრემიერს კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, აშშ-საქართველოს ურთიერთობის გადახედვის პირობას დებენ.

27 აპრილს, ბუნდესტაგის წევრმა, ანიკო გლოგოვსკი-მერტენიმ განაცხადა, რომ ნონი ევროკავშირის ღირებულებებთან შეუთავსებელია და თუ მას მიიღებენ, პარტნიორებს საქართველოსთან ურთიერთობის გადახედვა მოუწევთ.

კვირას, 28 აპრილს, 19:00 საათიდან „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო მრავალათასიანი აქცია-მსვლელობა გაიმართა თბილისში, რესპუბლიკის მოედნიდან რუსთაველის გამზირამდე.

ამ წუთებში თბილისში, რუსთაველის გამზირზე „ქართული ოცნების“ კონტრაქცია მიმდინარეობს. „აგენტების კანონის“ მხარდასაჭერად მმართველმა პარტიამ მოქალაქეთა მობილიზება მთელი ქვეყნის მასშტაბით მოახდინა.

მსგავსი პოსტები

Back to top button