მნიშვნელოვანისაქართველო

ევროპული საქართველო ქართულ ოცნებას ადანაშაულებს

ევროპული საქართველოს წევრები ელენე ხოშტარია და გიგა ბოკერია აცხადებენ, რომ ქართული ოცნება მათ მხარდამჭერებზე სხვადასხვა ფორმით ზეწოლას ახდენს და მათ მოსყიდვას ცდილობს.

ელენე ხოშტარიას თქმით, ქართული ოცნების წარმომადგენლები ზეწოლისა და მუქარის გამოყენებით ცდილობენ, აიძულონ შალვა შავგულიძის ამომრჩევლები, ჩამოხსნან საკუთარ სახლებზე დაკიდებული მხარდამჭერი ბანერები.

“30 მაისს, ახვლედიანის ქუჩაზე შალვა შავგულიძის ამომრჩეველმა საკუთარი სახლის აივანზე გადმოფინა შალვა შავგულიძის მხარდამჭერი ბანერი, რომელის ჩამოხევასაც ცდილობდა ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს ყოფილი წევრი, შემდეგ საზოგადოება 2030-ის წარმომადგენელი ალი ბაბაევი, პირადად ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირი”, — განაცხადა ელენე ხოშტარიამ ბრიფინგზე.

მისივე განცხადებით, ალი ბაბაევი მარნეულის ყოფილი მერის, თემურ აბაზოვის დაცვა იყო.ასევე, მან აფგან მუხთარლის გატაცების საქმეზე თქვა: “აფგან მუხთარლისნაირი “მუხთარლები” საქართველოში მრავლად არიან”.

გიგა ბოკერია ამბობს, რომ ქართული ოცნება ხმების მობილიზების მიზნით, ცდილობს გამოიყენოს პატიმრებისა და მათი ოჯახების მდგომარეობა.

“ოქროყანაში, 3 წლის წინ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებული დავით ციხელაშვილის ოჯახს უკვე მესამე არჩევნებია პირდებიან მის გათავისუფლებას და ითხოვენ ხმების მობილიზებას ლადო კახაძის სასარგებლოდ. ოქროყანაში ქართული ოცნების სახელით ხმების მობილიზებაზე მუშაობს ლევან თოფურიძე, მეტსახელად კალაბოკა”, — ამბობს გიგა ბოკერია.

მისივე თქმით, ანალოგიური მდგომარეობაა სოლოლაკში, სადაც “არჩევნების პირველი ტურის შემდეგ ნარკოტიკების გამო დაააკავეს გიორგი მგელაძე, რომლის მეგობრებსაც გათავისუფლების სანაცვლოდ აიძულებენ ამომრჩევლების პირადი ინფორმაციის მოგროვებას და არჩევნებზე მათ მობილიზებას”.

“პირველი ტურის შემდეგ შშმ პირის ოჯახს დაუკავშირდნენ ქართული ოცნების წარმომადგენლები და გააფრთხილეს — იმ შემთხვევაში, თუ ხმას ლადო კახაძეს მისცემენ მეორე ტურში, მათ შშმ პირ შვილს ჩასვამენ სახელმწიფო პროგრამაში”, — განაცხადა ბოკერიამ.

ის ასევე ამბობს, რომ ხელისუფლება პატიმრობიდან გათავისუფლებული კრიმინალების მობილიზებით ცდილობს ამომრჩევლის დაშინებას.

“შალვა შავგულიძის შტაბს რამდენიმე წყაროსგან აქვს ინფორმაცია, რომ კრიმინალების მობილიზება ხდება პოლიციის ხელმძღვანელობასთან კოორდინაციაში, კერძოდ, რჩეულიშვილის ქუჩაზე პოლიციის განყოფილების უფროსის, მიხეილ ბარამიძის მონაწილეობით”, — ამბობს ბოკერია.

მან მოუწოდა შსს-სა და ძველი თბილისის პოლიციის ხელმძღვანელობას, თუ ეს ინფორმაცია სიმართლეა, ჩაიხსნას ყოველგვარ ურთიერთობა პოლიციის ხელმძღვანელობასა და კრიმინალებს შორის, ხოლო დაინტერესების შემთხვევაში, მზად არის შეხვდეს მათ და მიაწოდოს დამატებითი ინფორმაცია.

მსგავსი პოსტები

Back to top button