fbpx
Hereti FM

პარლამენტთან შიმშილობის აქცია დაიწყო

66
Share Button

საქართველოს პარლამენტთან გაშლილ კარავში შიმშილობა დაიწყო საპროტესტო აქციების მონაწილე სამმა ახალგაზრდამ. პროტესტის ამ ფორმას სავარაუდოდ, სხვებიც მიმართავენ. ახალგაზრდების განცხადებით, შიმშილობას შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომამდე არ შეწყვეტენ.

საპროტესტო აქციის მონაწილეები მოითხოვენ 20-21 ივნისს დაკავებულთა გათავისუფლებასაც, ძალის გადამეტებაში დამნაშავე სამართალდამცავების დასჯას და 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას.

დღეს, 14 საათზე იგეგმება ავტომანქანებით საპროტესტო მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან შინაგან საქმეთა სამინისტროსკენ, 19 საათიდან კი აქცია პარლამენტთან განახლდება.

საპროტესტო გამოსვლები თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში 20 ივნისს დაიწყო მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის თავმჯდომარეს, რუსეთის დუმის კომუნისტ დეპუტატს, სერგეი გავრილოვს ასამბლეის სხდომა მიჰყავდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილიდან.

საქართველოს პარლამენტთან საპროტესტო აქციის დაწყებიდან რამდენიმე საათში სამართალდამცავებმა დემონსტრანტები სპეციალური საშუალებების, მათ შორის რეზინის ტყვიების გამოყენებით დაშალეს, რასაც წინ უძღოდა პარლამენტის შენობაში ძალით შესვლის მცდელობა. დაშავდა 240-მდე ადამიანი, 305 დააკავეს.

საპროტესტო აქციის მონაწილეთა ერთ-ერთი მოთხოვნა იყო პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომა. ირაკლი კობახიძემ თანამდებობა 21 ივნისს დატოვა.

ინფორმაციის წყარო: რადიო თავისუფლება

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი