fbpx
Hereti FM

“თავისუფლების ინსტიტუტი” რუსეთის მტრულ სახელმწიფოდ გამოცხადებას მოითხოვს

38
Share Button

“თავისუფლების ინსტიტუტი” მოითხოვს, რომ საქართველოს სახელმწიფომ რუსეთთან მოლაპარაკებები აკრძალოს. თბილისში, რუსთაველის გამზირზე გაშლილ კარავში დღეს, 9 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე „თავისუფლების ინსტიტუტის“ დირექტორმა სალომე ხვადაგიანმა განაცხადა, რომ საქართველოში რუსული კულტურის ცენტრის გახსნის მოწინააღმდეგეთა პეტიციას, რომელიც ორგანიზაციის ინიციატივით მომზადდა, ხელს უკვე აწერს 3500-მდე ადამიანი. მისი თქმით, თუ ხელისუფლებას არ ესმის, რა საფრთხის შემცველია მსგავსი ცენტრი თბილისში, ამის გააზრებაში მოქალაქეები დაეხმარებიან.

„თავისუფლების ინსტიტუტი“ მოითხოვს, რომ სახელმწიფო, რომელიც არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, გამოცხადდეს მტრულ სახელმწიფოდ და აიკრძალოს მასთან, ან მის წარმომადგენლებთან უნებართვო მოლაპარაკებები.

რუსეთის წარმომადგენელმა გრიგორი კარასინმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან, ზურაბ აბაშიძესთან პრაღაში, 28 ნოემბერს გამართული შეხვედრის შემდეგ, სააგენტო “რია-ნოვოსტის” განუცხადა, რომ დეკემბერში, თბილისში იგეგმება რუსული ენის და კულტურის ცენტრის გახსნა.

ზურაბ აბაშიძემ უარყო, რომ კარასინთან შეხვედრაზე მსგავსი ცენტრის გახსნის საკითხი განიხილეს: “საუბრის დროს კარასინმა ახსენა მოკლე კომენტარით, რომ თბილისში არსებულ სავიზო ცენტრში, რომელიც კომერციული სტრუქტურაა, რუსეთი აპირებს რუსული ენის სწავლების კურსის გახსნას ასევე კომერციულ საწყისებზე. მე მას ვუპასუხე, რომ თბილისში ჩასვლის შემდეგ გავერკვეოდი ამ საკითხში. ეს არის და ეს. რაიმე ცენტრის შესახებ საუბარი არ ყოფილა“.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი