ყვარლის საბავშვო ბაღებს 3 დღეა ხორცი არ მიეწოდება

ყვარლის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღებს რამდენიმე დღეა საქონლის და ქათმის ხორცი არ მიეწოდება. ბაღების გაერთიანების უფროსი ზაზა ზაუტაშვილი რადიო „ჰერეთს“ ეუბნება, რომ კომპანიამ, რომელიც ტენდერში გამარჯვებულად დაბალი ფასის გამო გამოცხადდა, ელექტრონულ სისტემაში საჭირო დოკუმენტები არ ატვირთა და მასთან ხელშეკრულება ვერ გაფორმდა, შესაბამისად ყვარლის 22 ბაგა-ბაღში რიცხული 1300-მდე ბავში ხორცის გარეშე დარჩა.
ზაზა ზაუტაშვილი ამბობს, რომ ტენდერში მეორე კომპანიაც მონაწილეობდა და ახლა მასთან ცდილობენ ხელშეკრულების გაფორმებას. თუ ახალ კომპანიასთან შეთანხმება შედგა, როგორც ბაღების გაერთინებაში ამბობენ, ორშაბათიდან სააღმზრდელო დაწესებულებებში ხორცს შეიტანენ, სხვა შემთხვევაში კი პროდუქტს გადაუდებელი აუცილებლობის მუხლით იყიდიან და პარალელურად ახალ ტენდერს გამოაცხადებენ.
ზამთრის არდადეგების შემდეგ, ყვარლის ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 20 იანვრიდან განახლდა.