მნიშვნელოვანირეგიონისაქართველო

ტურიზმის განვითარების განყოფილებები – ეფექტური სტრუქტურა, თუ „ყავის სმის“ ადგილი?

თელავი

კახეთის რეგიონის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტს ერთ-ერთ პრიორიტეტად ტურიზმის განვითარება აქვს გამოცხადებული. ყველა მუნიციპალიტეტში არსებობს ტურიზმის განვითარების განყოფილება, რომელიც მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის დაქვემდებარებაშია.

ამ განყოფილებების უფლება-მოვალეობები დებულებითაა განსაზღვრული. ფუნქციებს შორისაა უცხოელი და ადგილობრივი ტურისტების საჭირო ინფორმაციით უზრუნველყოფა, ტურიზმის განვითარებისთვის პროექტების მომზადება და ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციებისგან დაფინანსების მოპოვება.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტურიზმის განვითარების განყოფილების ხელმძღვანელს, გიგა შუშტაკაშვილს ვკითხეთ, რომელია ბოლო პროექტი, რომელზეც საერთაშორისო ორგანიზაციისგან დაფინანსება მოიპოვეს?

„როგორც ასეთი, გრანტის სახით საერთაშორისო ორგანიზაციებისგან დაფინანსებული პროექტი არ გვაქვს.

ლაგოდეხის ტყე-პარკი

თუმცა, არის ევროკავშირის პროექტი „მერები ეკონომიური ზრდისთვის“, სადაც ჩვენი ეკონომიური განვითარების გეგმა მსოფლიო ბანკმა შეაფასა საუკეთესოდ და ახლა მიმდინარეობს პროცესი, რომლის დასრულების შემდეგ მივიღებთ გრანტს, რომელიც ტურიზმის კუთხით დაიხარჯება. თუმცა, კონკრეტულად რამდენი იქნება თანხა და რა გაკეთდება, ჯერ არ ვიცით“, – გვეუბნება გიგა შუშტაკაშვილი.

ტურიზმის განვითარების განყოფილებებს თითქმის ერთნაირი დებულებები აქვთ. ამ დოკუმენტებში ისიც წერია, რომ ტურიზმის სფეროში პრიორიტეტების შექმნის, სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვების და სარეკლამო მასალების გარდა, უნდა მოამზადონ პროექტები ახალი ტურისტული ობიექტების შესაქმნელად.

თელავის მერიაში ტურიზმის განვითარების განყოფილება 2008 წლიდან მუშაობს. განყოფილების უფროსს, დიანა ფხოველიშვილს ვკითხეთ, ამზადებენ თუ არა ახალი ტურისტული ობიექტების პროექტებს. პასუხად გვითხრა, რომ თელავის შესასვლელში ავტოტურისტებისათვის კემპინგი უნდა გაიხსნას. თუმცა, დიანა ფხოველიშვილი ამბობს, რომ მათი ძირითადი ფუნქცია მაინც ტურისტების ინფორმირებაა: „თელავის მუნიციპალიტეტში თუკი რაიმე ახალი ობიექტი გაიხსნა, ამის შესახებ მონაცემთა ბაზას ვამატებთ ინფორმაციას. გარდა ამისა, მივდივართ ადგილზე და ვნახულობთ ობიექტებს, რათა ჩვენ თვითონ ვიცოდეთ, რას ვთავაზობთ ტურისტებს. ახალი ტურისტული ობიექტები რომ შეიქმნას, ამისთვის სხვა ორგანიზაცია, კახეთის მართვის სააგენტო DMO მუშაობს. ჩვენი ფუნქციები ძირითადად, არის ინფორმაციის შეგროვება და ტურისტებისთვის მიწოდება“.

ლაგოდეხი_დრონი

ცნობისთვის, DMO საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ინიციატივით შექმნილი ორგანიზაციაა, რომლის მიზანია რეგიონებში ტურიზმის განვითარების მოდელების შექმნა, ხელშეწყობა და პოპულარიზაცია.

კახეთში ტურიზმის განვითარების განყოფილებების ნაწილი მერიის შენობებშია განთავსებული. თუმცა, თუ მაგალითად, უცხოელ ტურისტს ინფორმაციის მიღება ამ სამსახურისგან მოუნდება, მისი მოძიება გაუჭირდება, რადგან ქუჩებში არსადაა მინიშნება, თუ სად მდებარეობს ასეთი განყოფილება. ასეა ლაგოდეხშიც, სადაც სამი წლის წინ, ევროკავშირის პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის პროექტი. ავტოსადგურთან ახლოს მდებარე შენობა გარემონტდა და ტექნიკით აღიჭურვა, თუმცა, დღემდე არ გახსნილა.

ქრისტიანა გრიგორიანი, რომელსაც ტურისტული სააგენტო აქვს, გვეუბნება, რომ კახეთში ტურიზმის განვითარების განყოფილებების საქმიანობას კარგად იცნობს. მისი დაკვირვებით, ტურიზმის განვითარების სურვილი არსებობს, თუმცა, რეალური ქმედებები პრაქტიკულად, არ ჩანს. ქრისტიანა გრიგორიანის თქმით, მუნიციპალიტეტებში ტურიზმის განვითარებაზე ძირითადად, მუშაობენ კერძო, კომერციული ორგანიზაციები, მუნიციპალიტეტებში შექმნილი განყოფილებები კი მხოლოდ დასაქმების ბიუროებადაა გადაქცეული: „ძალიან კრიტიკულად გამომივა, მაგრამ ტურიზმის განვითარების განყოფილებებში ყავის სმის გარდა არაფერს არ აკეთებენ. ყოველ შემთხვევაში, მე არ მინახავს. არადა, დებულებაში უწერიათ, რომ უნდა იმუშაონ სხადასხვა პროექტზე, ტურიზმის განვითარებაზე. მაგრამ, რა განვითარებაზე და პროექტების წერაზეა საუბარი, როცა არ არის კომპეტენტური ხალხი. ეს ისეთი ორგანიზაციაა, სადაც წლიდან წლამდე მხოლოდ ხელფასს

ლაგოდეხის ტყე-პარკი

ელოდებიან“.

რა ფაქტორები აფერხებს მაგალითად, ლაგოდეხში ტურიზმის განვითარებას? ეს საკითხი ორი წლის წინ არასამთავრობო ორგანიზაციამ „ქეა საერთაშორისო კავკასიაში“ შეისწავლა და რეკომენდაციები მერიას და საკრებულოს გაუგზავნა. პრობლემებს შორის დასახელდა ის, რომ ქალაქში რეალურად არ ფუნქციონირებს ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი, არ არიან კვალიფიციური გიდები და არ არსებობს მსხვილი ტურისტული ატრაქციები. დაბალია სასტუმროებსა და კვების ობიექტებში მომსახურების დონეც.

მსგავსი პოსტები

Back to top button