მნიშვნელოვანიმსოფლიოსაქართველო

დონალდ ტუსკი უგულავას დაპატიმრების გამო შეშფოთებულია

ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი დონალდ ტუსკი გიგი უგულავას დაპატიმრებას “ტვიტერზე” გამოეხმაურა. აღნიშნავს, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენები შემაშფოთებელია.

“შეშფოთებული ვარ უგულავასთვის პატიმრობის მისჯით და ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დევნით. მართლმსაჯულების სისტემა არ შეიძლება გამოყენებული იქნას პოლიტიკურ ოპონენტებთან საბრძოლველად. მმართველმა ძალამ სამართლიანი კონკურენცია უნდა უზრუნველყოს. კანონის უზენაესობა ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების ფარგლებში უმნიშვნელოვანესია,” – წერს დონალდ ტუსკი.

10 თებერვალს, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ თბილისის ყოფილი მერი, ოპოზიციური პარტია “ევროპული საქართველოს” გენერალური მდივანი გიგი უგულავა დამნაშავედ ცნო „თბილისის განვითარების ფონდიდან” 48 მილიონ ლარზე მეტის გაფლანგვაში და 3 წლით, 2 თვით და 8 დღით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ოპოზიციურმა პარტიებმა გიგი უგულავა პოლიტიკურ პატიმრად გამოაცხადეს და შეწყვიტეს საარჩევნო სისტემის შესაცვლელად „ქართულ ოცნებასთან“ გასული წლის ბოლოს დაწყებული მოლაპარაკება. “ქართული ოცნება” ყველანაირ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას გამორიცხავს და ევროპარლამენტარების მისიას გიგი უგულავას საქმის შესასწავლად იწვევს.

მსგავსი პოსტები

Back to top button