საქართველოს მთელ ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა – აკრძალვები ძალაშია 31 მარტიდან

ხვალიდან, 31 მარტის დილის 08:00 საათიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ძალაში შედის საყოველთაო კარანტინი და წესდება ახალი აკძალვები , – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მოქალაქეებს ქუჩაში გადაადგილება 21:00 საათიდან აეკრძალებათ.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი გადაადგილება.
“დასაშვებია მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებით, მათ შორის, ტაქსით მგზავრობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გათვალისწინებული იქნება ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაცია და ავტომობილში იქნება მხოლოდ სამი ადამიანი, მათ შორის, მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ორი ადამიანი განთავსდება უკანა სავარძელზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, რომლის არგათვალისწინების შემთხვევაშიც შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებებს”, – განაცხადა გიორგი გახარიამ და დაამატა, რომ მგზავრთა გადაყვანა დასაშვებია მხოლოდ სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების თანამშრომელთა ორგანიზებული და უსაფრთხო გადაყვანის მიზნით.
სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა
“იკრძალება სამზე მეტი პირის თავშეყრა, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქებისა, სადაც სავალდებულოდ დაცული უნდა იყოს ორი მეტრის სოციალური დისტანცია. ამასთან, მთავრობის მიერ ნებადართულ საწარმოებს, რომლებიც განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში ცალკე იქნება გაწერილი, რომელთაც ექნება ცალკე პროტოკოლები, რომელიც შეთანხმებუილ იქნება ჯანდაცვის სამინისტროსთან და ჩვენ ამას ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეკონომიკამ განაგრძნოს ფუნქციონირება და ის პოტენციალი, რომელიც გააჩნია საქართველოს ეკონომიკას, სრულად არ იყოს გაჩერებული და რა თქმა უნდა, იმისთვის, რომ ჩვენმა მოალაქეებმა მაქსიმალურად შეძლონ სამუშაო ადგილების შენარჩუნება”, – განაცხადა გახარიამ.
საქართველოში ე.წ. კომენდანტის საათიც ცხადდება და 21:00 საათიდან 06:00 საათამდე ქვეყანაში გადაადგილება იკრძალება
“საგანგებო მდგომარეობის ვადით ცხადდება ფაქტობრივად სრული კარანტინი 21: 00 საათიდან იკრძალება როგორც ქვეითად ისე ტრანსპორტით ქალაქებში და ქვეყნის მასშტაბით გადაადგილება დილის 6:00 საათამდე. ფაქტობრივად ეს ნიშნავს, რომ ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან დილის 6 საათამდე ცხადდება ე.წ. საკომენდანტო საათი”, – განაცხადა გახარიამ.
70 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს სახლიდან გასვლა ეკრძალებათ იმ შემთხვევაში, თუ ისინი არ მიდიან უახლოეს სასურსათო მაღაზიაში, აფთიაქსა და სამედიცინო დაწესებულებაში
“აკრძალულია 70 წელზე ზემოთ ჩვენი მოქალაქეების სახლიდან გასვლა გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ისინი მიდიან უახლოეს სასურსათო მაღაზიებში, უახლოეს აფთიაქსა და უახლოს სამედიცინო დაწესებულებაში. იმ შემთხვევაში თუ ჩვენი 70 წელს გადაცილებული მოქალაქეები არიან მარტოხელები, ეკონომიკის სამინისტროს, ჯანდაცვის სამინისტროსა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს ვალდებულება აქვთ, რომ მათ დაეხმაროს,”– განაცხადა გიორგი გახარიამ.