“ირანში ბოლო 24 საათში COVID-19-ის მსხვერპლთა რიცხვი 117-ით გაიზარდა, რამაც მთლიანი მონაცემი 4 474-ს გაუტოლა”, – განაცხადა ირანის ჯანდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა, კიანუშ ჯაჰანპურმა.
ამ დროისთვის ინფიცირებულთა მთლიანი რაოდენობა 71,686 ადამიანს უტოლდება.
ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს შორის, კორონავირუსის პანდემიამ ირანი ყველაზე მეტად დააზარალა. ბევრი ირანელი და საერთაშორისო ექსპერტი თვლის, რომ ირანის მთავრობა, რომელსაც არასაკმარისად სწრაფი პირველი რეაქციის გამო აკრიტიკებენ, რეალურ მონაცემებს განზრახ ამცირებს.
ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო IRNA იუწყება, რომ კორონავირუსით გარდაცვლილთა დასამარხად, თეირანიდან სამხრეთით ათი ათასი საფლავი გაჭრეს.
ამავდროულად, ირანის ხელისუფლება შეზღუდვებს ნაწილობრივ ამსუბუქებს. თეირანის გამოკლებით, მუშაობა განაახლეს “დაბალი რისკის” შემცველად მიჩნეულმა ბიზნესებმა. დედაქალაქში მათი მუშაობა 18 აპრილიდან განახლდება, – იუწყება ირანის ოფიციალური მედია.