ოკუპანტის შემრიგებლური ინიციატივები

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, მოსკოვი მზადაა, საქართველოსთან სავაჭრო წარმომადგენლობის გახსნის საკითხი განიხილოს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული სახელმწიფო მედია „ტასს“ ავრცელებს.
თუმცა, ლავროვი აღნიშნავს, რომ ასეთი შეთავაზება ქართული მხარისგან უნდა წამოვიდეს.
„მზად ვიქნებით დიპლომატიური ურთიერთობები აღვადგინოთ, რადგანაც ჩვენ არ ვყოფილვართ მათი შეწყვეტის ინიციატორები. ალბათ უნდა დაველოდოთ, ქართველი კოლეგები როდის მიუდგებიან ამ საკითხს. სავაჭრო წარმომადგენლობებიც აგრეთვე ითვალისწინებს რაღაც შეთანხმებების არსებობას. არ ვფიქრობ, რომ ეს უცებ რაღაც უპირატესობებს დაამატებს, მაგრამ თუ შემოგვთავაზებენ, ნამდვილად განვიხილავთ ასეთ შესაძლებლობას“, — აცხადებს ლავროვი.
„ტასს“-ის ცნობით, ლავროვი „იზიარებს დაინტერესებას საქართველოსთან თანამშრომლობის განვითარებით“ და ამის გაკეთება საჭიროა „ორივე ქვეყნის მოქალაქეების და ხალხისთვის მაქსიმალურად სასარგებლოდ და ფართოდ“.
„სრულფასოვანი საელჩო რომ გვქონოდა, ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთმოქმედების და კულტურული კავშირების საკითხების მოგვარება უფრო ოპერატიულად, ეფექტიანად მოხდებოდა“, — აცხადებს იგი.
გარდა ამისა, ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვს იმედი აქვს, უახლოეს მომავალში მოაგვაროს საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხი. „სამწუხაროდ, ახლა ჯერჯერობით შეჩერებულია ავიამიმოსვლა, მაგრამ იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში ამ პრობლემას მოვაგვარებთ“, – ამბობს რუსეთის პირველი დიპლომატი. მან კვლავ გაიმეორა რუსეთის პოზიცია, რომ საქართველოსთან ავიამიმოსვლა “რუსოფობიური კამპანიის” გამო შეაჩერეს.
რუსეთმა საქართველოსთან ავიამიმოსვლა 20 ივნისის აქციების შემდეგ შეაჩერა. საქართველოში 20 ივნისს, მას შემდეგ, რაც რუსი დეპუტატი გავრილოვი აღმოჩნდა პარლამენტის სპიკერის სავარძელში, დაიწყო ანტისაოკუპაციო აქციები, სადაც საქართველოს ხელისუფლების არაერთი წარმომადგენლის გადაყენება მოითხოვეს. რუსეთის ხელისუფლებამ აღნიშნული “რუსოფობიურ პროვოკაციად” შეაფასა და “უსაფრთხოების” საბაბით საქართველოსთან 8 ივლისიდან ავიამიმოსვლა აუკრძალა როგორც რუსულ, ისე ქართულ ავიაკომპანიებს. გარდა ამისა, რუს ტურისტებს მოუწოდეს, თავი შეიკავონ საქართველოში მოგზაურობისგან და დროულად დატოვონ ქვეყანა.