მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

კრიმინალური ისტორია რუის-ურბნისის ეპარქიაში

რუისისა და ურბნისის ეპარქია აცხადებს, რომ სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებული სასულიერო პირი მონასტრის არა წინამძღვარი, არამედ რიგითი წევრია. ეპარქია აცხადებს, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით მედიასა და საზოგადოებაში არასწორი ინფორმაცია გავრცელდა.

“იღუმენი დავითი (კობაიძე) არასოდეს არ ყოფილა და არც დღეისათვის არ არის, ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვარი. არამედ, იგი მონასტრის რიგითი წევრია; ხოლო ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვარი არის ყოვლადუსამღვდელოესი მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი)”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

ეპარქია განმარტავს, რომ ინციდენტი არც ყინწვისის ტერიტორიაზე და არც რუის-ურბნისის ეპარქიაში არ მომხდარა.

რადიო თავისუფლების წყაროების ცნობით, 19 აპრილს, აღდგომის დღეს, რუის-ურბნისის ეპარქიის სასულიერო პირები სადღესასწაულო ტრაპეზზე ერთად შეიკრიბნენ. თავიდან ყველაფერი თითქოს მშვიდად მიდიოდა, მაგრამ რამდენიმე ჭიქის შემდეგ მამა დავითმა (აქიაშვილი, საერო სახელი კობა კობაიძე), ერთ-ერთ სასულიერო პირს დამცირება და დაცინვა დაუწყო. ეს ვერ აიტანა კეთილგონიერი ავაზაკის სახელობის ეკლესიის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა საბამ (ჟღენტი), და მამა დავითს რამდენჯერმე შენიშვნა მისცა. იმ დღით მათ შორის კონფლიქტი სიტყვიერ შელაპარაკებას არ გასცდენია. მეორე დღეს არქიმანდრიტი საბა, რამდენიმე სასულიერო პირთან ერთად, ერთ-ერთ სოფელში სტუმრად წავიდა. საღამოს ყინწვისისკენ საკუთარი მანქანით ბრუნდებოდა, როცა სოფლების, რიეთი-ღვლევის გზაზე ცეცხლი გაუხსნეს.

“ალიას” ინფორმაციით, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებული სასულიერო პირი ზემოხსენებული მროველ-ურბნელი მიტროპოლიტის, მეუფე იობის შვილობილია.

ამის შესახებ ბრალდებულის ახლობლები თავად საუბრობენ.

ყინწვისის მონასტრის წინამძღვარი, მამა დავითი ერისკაცობაში კობა კობაიძე გახლდათ.

მას შემდეგ, რაც ის მეუფე იობმა იშვილა, სახელიც და გვარიც შეიცვალა და დავით აქიაშვილი გახდა. მან მამობილი მღვდელმთავრის გვარი მიიღო.

„კობა ძალიან ურჩი, თავისებური ბავშვი იყო. ერთ დღეს ურბნისისა და რუისის ეპარქიაში, მონასტერში წავიდა. იქ მეუფე იობს უნახავს. მერე მეუფე თავად გვეწვია. დაწვრილებით გამოგვკითხა კობას ამბავი და გვითხრა, მინდა ვიშვილოო“. – ყვება “ალიასთან” ბრალდებულის ოჯახის წევრი.

აღსანიშნავია, რომ ინფორმაცია სასულიერო პირებს შორის მომხდარი შეიარაღებული კონფლიქტის შესახებ, 22 აპრილს გავრცელდა. მაშინ თავად დაზარალებული საბა ჟღენტი ინციდენტის არსებობას უარყოფდა. დღემდე, ზემოაღნიშნულის მსგავსი განცხადება არც ეკლესიის სხვა წარმომადგენლებს გაუკეთებიათ, მათ შორის, არც რუის-ურბნისის ეპარქიას უთქვამს, რომ ყინწვისის მამათა მონასტრის იღუმენი, რომელიც ადგილობრივი მიტროპოლიტის და ამავე მონასტრის წინამძღვრის შვილობილია და რომელსაც ძამას ხეობაში ,,მეუფიჩის” სახელით მოიხსენიებენ, მონასტრის წინამძღვრად შეცდომით დასახელდა.

განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებულ სასულიერო პირს, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გრძელდება, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

ამ საქმეზე ბრალდებულ სასულიერო პირს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა გუშინ, 29 აპრილს შეეფარდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button